ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ეფესბე" პუტინის ჩრდილოვანი მთავრობა- ახალი კვლევის ბოლო მიგნებები


ცოტა ხნის წინ “დოსიე” ცენტრმა, ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც რუსული "ეფესბეს", რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის, საქმიანობას და ამ ორგანიზაციის შესახებ უცნობ ფაქტებს ეხება.

კვლევას რამდენიმე მთავარი დასკვნა და მიგნება აქვს, მთავარი ხაზი კი ისაა, რომ "ეფესბეს" გავლენა რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე, გაცილებით შორს მიდის, ვიდრე ქვეყნის კონსტიტუციური ჩარჩო ამის საშუალებას იძლევა. ყველაფრის სათავეში კი ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინია. "ეფესბე"ანგარიშვალდებულია მხოლოდ პრეზიდენტის წინაშე, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტი ამ ორგანოს მხოლოს მისი დირექტორის, ალექსანდრ ბორტნიკოვის მეშვეობით არ მართავს. კვლევა ამბობს, რომ "ეფესბე", ჩახლართული, მართვის რამდენიმე ხაზისა და რამდენი კლანის მქონე ორგანოა და ხანადახან, პრეზიდენტი, ორგანოს დირექტორის გვერდის ავლით, იძლევა ბრძანებებს, ან პირიქით, იღებს ინფორმაციას.

წითელი ხაზების გადაკვეთა კი ქვეყანაში, თითქმის ყველა ინსტიტუციას და ყველა მიმართულებით ეხება. ჩამონათვალშია ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, მკვლელობა, ზეწოლა და დაშინება, როგორც კონკრეტულ პირებზე, ისე ბიზნესებზე და სახელმწიფო ორგანოებზე.

"ეფესბეს" შენობა, მოსკოვში
"ეფესბეს" შენობა, მოსკოვში

ანგარიშის მიხედვით, ჩანს, რომ "ეფესბეს" აგენტები, ორგანიზაციის ძალაუფლებას და გავლენებს საკუთარი პირადი პოლიტიკური, თუ ეკონომიკური ინტერესებისთვის იყენებენ. გასაიდუმლოებული ორგანოს ძალაუფლების გამოყენებას, როგორც ჩანს, არც პრეზიდენტ პუტინის ახლო გარემოცვა და მისი ნდობით აღჭურვილი პირები ერიდებიან. ჩამონათვალში არიან „როსნეფტის“, „როსტექის“, „გაზპრომის“ და სხვა დიდი, გავლენიანი კომპანიების ხელმძღვანელები, რომლებიც ეფესებს მაღალჩინოსნებთან პირადი კონტაქტის საშუალებით მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას სკაუთარი ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.

სხვა დანაშაულებებთან ერთად, "ეფესბესთვის", არც კორუფციაა უცხო რამ. კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ ორგანოში კორუფცია ყვავის. ის ორგანოს ყველა დონის აგენტს მოიცავს, სადაც დაბალ საფეხურზე მყოფები, უფრო მაღალი რანგის ოფიცრებთან არიან ანგარიშვლადებული, ყველანი ერთად, კი არალეგალური შემოსავლის მისაღებად იბრძვიან. ფული, რომელსაც ისინი შოულობენ, როგორც წესი, საზღვარგარეთ, ოფშორულ ზონებში ინახება.

მეცნიერებათა დოქტორი, ლუის შელი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტიდან, რომელიც „ტერორიზმის, ტრანზაქციული დანაშაულებებისა და კორუფციის ცენტრის“ დირექტორია, ამბობს, რომ "ეფესბეს" მხრიდან ქვეყნიდან ფულის გადინების პროცესი ახალი სულაც არაა. „მახსოვს, ლოს-ანჯელესის პროკურორებთან საუბარი, როდესაც ისინი ხედავდნენ ამის [რუსეთიდან ამერიკაში ფულის გადარიცხვის] ნიშნებს. კრიმინალებს, მოდით მათ "ეფესბეს" კრიმინალები ვუწოდოთ, ძალიან მოსწონდათ კალიფორნიის ამინდი“, ამბობს შელი.

"ეფესბე", კრმელისთვის ოპოზიციონერებისა და ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესმენების დასჯის ერთ-ერთი მთავარი იარაღია. „"ეფესბე"არ არის, უბრალოდ, უსაფრთხოების ორგანო, ის ხშირად სხვა მიზნებისთვის გამოიყენება“, ამბობს ჯონ ჰერბსტი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი.

ბრიტანული გამოცემა “გარდიანის” ჟურნალისტი ლუკ ჰარდინგი, მოსკოვში ცხოვრობდა და ჟურნალისტურ მასალებზე მუშაობდა. 2006 წელს ის ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობას იძიებდა, რასაც მის ბინაში უცნობი პირების შეჭრა და მოსასმენი აპარატურის დაყენება მოჰყვა. ის, ასევე, ლუბიანკას მოედანზე, "ეფესბეს" ცენტრალურ ოფისში, დაკითხვაზე დაიბარეს. „[მოსკოვი] არის ჭორების, დეზინფორმაციის, ჩრდილების ადგილი. უკიდურესად ძნელია მოიპოვო ინფორმაცია "ეფესბეზე", რომელიც უდიდეს როლს თამაშობს რუსეთის საქმეებში“, ამბობს ჰარდინგი.

ვლადიმირ პუტინი და "ეფესბეს" დირექტორი, ალექსანდრ ბორტნიკოვი
ვლადიმირ პუტინი და "ეფესბეს" დირექტორი, ალექსანდრ ბორტნიკოვი

ჟურნალისტი თვლის, რომ როდესაც "ეფესბეს" მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე და ადამიანების განეიტრალებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ყველაზე ბოლო მოვლენა, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლა. ჰარდინგი თვლის, რომ ნავალნის, საბჭოთა დროინდელი ნერვული აგენტით, ნავიჩოკით მოწამვლის საქმეში მალე გამოჩნდება "ეფესბეს"მონაწილეობის კვალი.

შესაძლოა, ნავალნის მოწამვლის საქმეში, ამ კვალს, არამხოლოდ ბრიტანელი ჟურნალისტი ხედავს. "ეფესბეს" დირექტორი, ალექსანდრ ბორტნიკოვი, ერთ-ერთია იმ რამდენიმე რუსი მაღალჩინოსნიდან, ვისაც, ევროკავშირმა და ბრიტანეთმა, სულ ცოტა ხის წინ სანქციები დაუწესა. სანქციები ამ ადამიანებს უკრძალავს ევროპის ტერიტორიაზე შესვლას, ასევე გაიყინა მათი აქტივები და დაიბლოკა მათი ანგარიშები.

ბოლო ათი წლის განმავლობაში, სუპერ საიდუმლო სააგენტო განსაკუთრებით გაძლიერდა და კონტროლი მოიპოვა, თითქმის, ყველა სახელმწიფო ორგანოზე. ეს კი ძალით, ან შელაპარაკებების შედეგად ხდებოდა. ახლა "ეფესბეს" კონტროლს ექვემდებარება რუსეთის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები, გენერალური პროკურატურა და სხვა ძალოვანი სტრუქტურები. ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ სასამართლო და საბანკო სისტემაც, სწორედ "ეფესბეს"კონტროლის ქვეშაა აყვანილი.

ჩარლზ მაკგონიგალი, ამერიკის გამოძების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილი აგენტია, რომელიც იქ 22 წლის განმავლობაში მუშაობდა. მაკგონიგალი, რომელიც FBI-ის სადაზვერვო განყოფილებაში მუშაობდა, თვლის, რომ "ეფესბე" ბოლო წლების განმავლობაში ძალიან განვითარდა და გაძლიერდა. ყოფილი აგენტი ამბობს, რომ რუსეთში, განსაკუთრებით 2004 წლის შემდეგ, უკანონობაა და ქვეყნის რესტრუქტურიზაცია არ ხდება, რაც მომავალში ამერიკას ბევრ პრობლემას შეუქმნის.

რუსეთი და მისი ჩრდილოვანი მთავრობა, "ეფესბე", არმხოლოდ ამერიკას უქმნის პრობლემებს. ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ორგანოს გავლენები გაიზარდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც. რუსი გამომძიებელი ჟურნალისტი, ირინა ბოროგანი ამბობს, რომ "ეფესბეს", უმნიშვნელოვანესი როლი აქვს უკრაინის ომსა და იქ მიმდინარე მოვლენებში. პროფესორი ლუის შელი კი "ეფესბეს" ჩართულობასა და კავშირებს ხედავს, როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში. „ ნამდვილად არსებობდა, ძალიან სერიოზული პრობლემა ყირიმის კრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, რუსეთის შეჭრის პარალელურად. რეგიონში, ასევე არსებობს ეჭვები, რომელიც საქართველოს და საქართველოსთან მიმართებით ინტერესებს უკავშირდება“, ამბობს შელი.

ძალიან ხშირად, "ეფესბეს", "კაგებეს", მის წინამორბედ საიდუმლო ორგანიზაციას ადარებენ, რომელიც საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იყო. ახლა "ეფესბეს" მთავარი შენობა მოსკოვში, სწორედ იქაა განთავსებული, სადაც მანამდე "კაგებე" იყო. ექსპერტები და კვლევის ავტორები თანხმდებიან, რომ მისი წინამორბედისგან გასხვავებით, "ეფესბე" ბევრად უფრო მძლავრი და მასშტაბური გახდა. თუმცა, ხშირად იყენებს "კაგებეს" მეთოდებს ადამიანების დაშინების, წამებისა და მკვლელობების დროს.

გამომძიებელი ჟურნალისტი, ირინა ბოროგანი ამბობს, რომ მართალია, საბჭოთა კავშირის დროს, "კაგებე" მძლავრი ორგანო იყო, მაგრამ ის ანგარიშვალდებული იყო პარტიის წინაშე. ჟურნალისტის თქმით, ეს არ იყო კონტროლის დემოკრატიული ფორმა, თუმცა, რაღაც ტიპის კონტროლი მაინც არსებობდა. „ეფესბე" არავის კონტროლის ქვეშ არაა. რა თქმა უნდა, წევრები სუბორდინაციას ახდენენ პუტინთან, მაგრამ ისინი ანგარიშვალდებულნი არ არიან პარლამენტთან და არ არსებობს რაიმე საჯარო კონტროლი. ასე რომ ეს განსხვავებაა. "კაგებე" იყო ძლიერი სტრუქტურა, მაგრამ იმ კუთხით თუ შევხედავთ, ვინ აკეთებს იმას რაც მოესურვება, მაშინ "ეფესბე", ნამდვილად უკეთეს პოზიციაშია“, განმარტავს ბოროგანი.

„ისინი პუტინთან აგებენ პასუხს და პუტინს ემსახურებიან“, ამბობს ლუკ ჰარდინგი. კვლევის ავტორები და ექსპერტები თვლიან, რომ "ეფესბეს" ვალდებულება, სხვა ყველაფერთან ერთად, პუტინის დაცვისა და უსაფრთხოების გარანტირებაა.

კვლევა, სახელად "ლუბიანკის ფედერაცია: როგორ განსაზღვრავს "ეფესბე" რუსეთის პოლიტიკასა და ეკონომიკას", ვაშინგტონში, ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით განიხილეს. თუმცა, განხილვას არ ესწრებოდა არცერთი ავტორი “დოსიე” ცენტრიდან. განხილვის მოდერატორმა, ჯონ ჰერბსტმა განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება ავტორების უსაფრთხოების მიზნით მიიღეს.

"დოსიე ცნეტრა" აგვისტოში 2 ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზე, უფრო კონკრეტულად კი პარტია "პატრიოტთა ალიანსსა" და კრემლს შორის არსებულ ფინანსურ კავშირებზეა საუბარი. ამ ანგარიშების გამოქვეყნების შემდეგ, 17-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოში, პროკურატურას განცხადებით მიმართა და მათ ამ საქმეების გამოძიება მოსთხოვა.

დოსიე ცენტრი, რუსი ბიზნესმენის და აქტივისტის, მიხეილ ხოდორკოვსკის პროექტია, რომელიც პრეზიდენტ პუტინისა და მისი გარემოცვის შესახებ საგამოძიებო მასალებს აგროვებს, მოიპოვებს, შემდეგ მათ იურიდიულად სისხლის სამართლის საქმეებად ახარისხებს და პირველ ეტაპზე რუსულ, შემდეგ კი უკვე მათთვის ხელმისაწვდომ სხვა ქვეყენების საგამოძიებო ორგანოებში შეაქვს.

ორგანიზაციის მიერ გამოძიებული და მოპოვებული მასალების ნახვა ყველა მსურველს შეუძლია მათ საიტზე.

ხოდორკოვსკი ნავთობის კომპანია „იუკოსის“ მფლობელი და პუტინის კრიტიკოსი, 2003 წელს დააკავეს. მას გადასახადების დამალვა და თაღლითობა დასდეს ბრალად და 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ხოდორკოვსკი რომელსაც „საერთაშორისი ამინისტიამ“ სინდისის პატიმრის სტატუსი მიანიჭა, 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG