ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ გვტროლავს რუსეთი და ჰყოფს საზოგადოებებს საბჭოთა მეთოდებით


აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ე.წ. რუსული ტროლები და კრემლის ყალბი ახალი ამბების სააგენტოები გააქტიურდნენ. შეიძლება ამომრჩევლები ფიქრობენ, რომ უკვე ჰყავთ ფავორიტი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელსაც მხარს უჭერენ და დარწმუნებული არიან, რომ რუსი ტროლების წინააღმდეგ იმუნიტეტი აქვთ, მაგრამ ეს ასე არ არის.

არა, ეს ნამდვილად არ არის ასე. რუსი ტროლების მიზანი არ არის მხოლოდ ქცევაზე ორიენტირებული და ისინი არ ცდილობენ შენს გადარწმუნებას. პირიქით, მათი მიზანია დაგარწმუნონ, მოგცენ მეტი ე.წ. ყალბი არგუმენტი იმ პოზიციის გასამყარებლად, რასაც შენ ატარებ. მათი მიზანია გაჰყონ საზოგადოება და მოახდინონ პოლარიზება.

ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ რუსული ტროლების მიმართ იმუნიტეტი აქვთ, უფრო მარტივად შეიძლება გახდნენ მათი მსხვერპლნი. თუ როგორ, ამის შესახებ "კვლევის და განვითარების ორგანიზაციის", კორპორაცია "რანდის" (RAND Corporation) მკვლევარები საუბრობენ.

რას აკეთებს რუსეთი ტროლების მეშვეობით?

იმისათვის, რომ გავიგოთ როგორ ცდილობს რუსეთი ტროლების მეშვეობით ჩვენზე ზემოქმედებას, ისტორიას უნდა გადავხედოთ და ცივი ომის პერიოდში დავბრუნდეთ. დროში, როცა საბჭოთა სამხედრო მაღალჩინოსნებმა შეიმუშავეს სპეციფიკური თეორიები და მეთოდები.

"რანდის" მკვლევარებმა წარსულს გადახედეს და რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება გააკეთეს. მარეკ პორსარდმა, ჯეიმს მარონემ და ტოდ ჰელმუსმა, საბჭოთა თეორიები და მეთოდები შეისწავლეს და ამბობენ, რომ ცივი ომის დროს, რუსების მიერ შემუშავებული ერთ-ერთი თეორია რეფლექსური კონტროლი და მართვაა. სპეციალისტები "რანდიდან" ფიქრობენ, რომ სწორედ ამ თეორიის დახვეწით ცდილობს რუსეთი გავლენა მოახდინოს ამერიკელ ამომრჩევლებზე.

რას გულისხმობს რეფლექსური კონტროლის და მართვის თეორია და რაში გამოიხატება ის?

კორპორაცია "რანდის" სპეციალისტები ამბობენ, რომ რეფლექსური კონტროლის და მართვის თეორია მათემატიკაზეა დაფუძნებული და სწორედ ამ თეორიის მეშვეობით ცდილობენ რუსი ტროლები ამერიკელ ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენას. მიუხედავად იმისა, რომ თეორიას ბევრი განმარტება და საკმაოდ რთული სქემა აქვს, მისი ძირითადი არსი მარტივია.

თეორიის მიხედვით, ადამიანებს შორის უნდა მოხდეს პოლარიზება და უნდა არსებობდეს კონფლიქტური გარემო. მოქმედებამდე ხდება შესწავლა ადამიანთა დიდი ჯგუფების შეხედულებების, ამის შემდეგ კი იწყება ქმედება.

ქმედება იმისათვის, რომ როგორც ერთ, ასევე მეორე ჯგუფს მიაწოდონ მისთვის საინტერესო ე.წ. "ფეიკ სიახლეები" და გაუმძაფრონ შეხედულებები მისთვის პრობლემატურ საკითხებზე. ამ შემთხვევაში ტროლების მიზანია დაამახინჯონ და განამტკიცონ ადამიანების შეხედულებები და ორივე ჯგუფი იმ კონდიციამდე მიიყვანონ, როცა მათ შორის რაიმე სახით კონსესუსის მიღწევა შეუძლებალი ხდება. რუსი ტროლები არ ცდილობენ თქვენ გადარწმუნებას. პირიქით, ისინი გიმყარებენ შეხედულებებს გამოგონილი ამბებით.

თეორიის მიხედვით, ისეთი ადამიანები, რომლებსაც კონკრეტულ საკითხზე მყარი პოზიცია არ აქვთ, უნდა მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გამოსავალი არ არის და დანებდნენ. სწორედ ამ თეორიიდან გამომდინარე, "რანდის" სპეციალისტები ფიქრობენ, რომ რუსი ტროლების ხელში უფრო ის ადამიანები ხვდებიან, რომლებსაც აქვთ კონკრეტული პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე და ფიქრობენ, რომ აქვთ იმუნიტეტი დაიცვან თავი ე.წ. "ფეიკ ნიუსებისგან". იმისათვის, რომ უფრო მარტივად გავიგოთ, როგორ მოქმედებენ რუსი ტროლები, მარტივი მაგალითები გამოვიყენოთ.

პრაქტიკული მაგალითი:

დავუშვათ, თქვენ და თქვენი მეზობელი თანხმდებით, რომ სახელმწიფო/ქონების გადასახადი მაღალია. მაგრამ, არ ეთანხმებით ერთმანეთს ისეთ სენსიტიურ საკითხზე, როგორიც არის რასობრივი დისკრიმინაცია და იმიგრაცია. ბუნებრივია, საკითხი რომელიც გაწუხებთ და გაინტერესებთ, დამატებით დეტალებს, არგუმენტებს და ისტორიების გაცნობას საჭიროებს. თქვენ იწყებთ ამა თუ იმ ინფორმაციის მოძიებას და მის ხშირად გაზიარებას სოციალურ ქსელებში. პარალელურად კი, თქვენს ირგვლივ რუსი ტროლების მიერ იქმნება გარემო, სადაც თქვენ ეტაპობრივად იღებთ ყალბ ინფორმაციას, რომელიც თქვენს შეხედულებებს ამ საკითხებზე უფრო და უფრო ამძაფრებს.

როგორ მუშაობს სისტემა?
როგორ მუშაობს სისტემა?

მაგალითად, თქვენ იღებთ ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ იჩაგრება ფერადკანიანი ადამიანი, ხოლო თქვენი მეზობელი საპირისპირო მაგალითებს ღებულობს. საბოლოოდ კი, თქვენსა და თქვენს მეზობელს შორის პოლარიზებული გარემო იქმნება, ორივე ხდებით რადიკალური და თქვენი პოზიციების შეჯერება ვერცერთ საკითხზე ვეღარ ხერხდება. სწორედ ეს არის რუსი ტროლების მიზანი - საზოგადოების დაყოფა და პოლარიზება, რათა ლოგუკიური მსჯელობისთვის სივრცე არ დარჩეს და საზოგადოების კონსოლიდაცია სრულიად შეუძლებელი გახდეს.

რუსეთი ცდილობს, ამ გზებით გააღვივოს ემოციები და შექმნას დაპირისპირებული მხარეები, რომლებიც ვერ მოახერხებენ ვერცერთ საკითხზე შეჯერებას. მათ შორის იმ საკითხებზე (სახელმწიფო/ქონების გადასახადი), რომლებზეც ადამიანებს მსგავსი შეხედულებები აქვთ, თუმცა ტროლების მიერ შექმნილმა პოლარიზებულმა გარემომ, მათ შორის დიალოგის სივრცე სრულად გააქრო.

თუ პოლარიზება ხელოვნურად არ შეიქმნება, შესაძლებელია ადამიანებმა მოახერხონ სხვადასხვა საკითხებზე შეჯერება, ნაწილ საკითხებზე კი საკუთარ პოზიციებზე დარჩნენ.

"რანდის" სპეციალისტები ამბობენ, რომ რუსეთი ამას წლებია აკეთებს, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამის ბოლო მაგალითი კი ამერიკაში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებია -"შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია". როგორც კორპორაციაში ამბობენ, რუსი ტროლები აქტიურად აწვდიან ყალბ ინფორმაციას როგორც რასიზმის წინააღმდეგ განწყობილ ადამიანებს, ასევე თეთრ ნაციონალისტებს, რაც კონფლიქტის გაღვივებას და მხარეებს შორის მაქსიმალურ დაპირისპირებას იწვევს.

"შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:04 0:00

"რუსების მიზანი არის შექმნან ილუზია, რომ ჩემს და თქვენს აზრებს შორის უდიდესი უფსკრულია და ჩვენ ვერ შევძლებთ ამა თუ იმ საკითხზე შევჯერდეთ," - ამბობენ კორპორაცია "რანდის" სპეციალისტები.

მკვლევარები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ის ვითარება რაც დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებშია შექმნილი, რუსი ტროლებისა და ყალბი ახალი ამბების გავრცელებით არის გამოწვეული. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამა თუ იმ საკითხზე ამერიკაში რუსები წლებია ახდენენ პრობლემების გაღვივებას და საზოგადოების გაყოფას. "რანდში" ფიქრობენ, რომ რუსეთს დღეს ძალიან დიდ სამსახურს უწევს სოციალური ქსელები. პლატფორმები რუსეთს სქემის უფრო ეფექტურად მართვის საშუალებას აძლევს.

უფრო კონკრეტულად, როგორ გაწვდით ყალბ ამბავს რუსი ტროლი და როგორ ეხმარებით მათ თქვენ?

ტროლების მიზანი არ არის მოგაწოდოთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც თქვენში პროტესტს გამოიწვევს. მათი მიზანი არც ის არის, რომ თქვენ არგუმენტირებული ვრცელი ინფორმაცია გამოგიგზავნოთ. მათი მიზანია, რეალობას დაფუძნებული ყალბი ახალი ამბავი მოკლედ, ისეთი ფორმულირებით მოგაწოდოთ, რაც თქვენს შეხედულებას არ ეწინააღმდეგება.

როგორ ხდებით თქვენ ყალბი ახალი ამბების გამავრცელებელი.
როგორ ხდებით თქვენ ყალბი ახალი ამბების გამავრცელებელი.

პროცესში ერთვებით თქვენც და თქვენთვის მოწოდებულ ამ ყალბ ახალ ამბავს, რომელიც თქვენს პოზიციებს ესე რომ ვთქვათ ამყარებს, ავტომატურად აზიარებთ სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმაზე, ან საუბრის დროს მოგყავთ მაგალითად. ეს კი რუსულ ტროლებს საქმეს უადვილებს და თქვენი დახმარებით მათი შექმნილი ყალბი ამბავი უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება არგუმენტი. ისინი კი თავისთავად აზიარებენ ამ ინფორმაციას და აწვდიან სხვა ადამიანებს.

ვის და როგორ შეგვიძლია ვებრძოლოთ ყალბ ამბებს და რუსულ ტროლებს?

"რანდის" სპეციალისტების მოსაზრებით, რუს ტროლებთან და მათ შექმნილ ყალბ ამბებთან ბრძოლა ჩვენ ყველას შეგვიძლია. განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა კი სოციალური ქსელების ხელმძღვანელ პირებზეა.

მკვლევარები "რანდიდან" ამბობენ, სოციალურმა ქსელებმა უნდა შექმნან უფრო მკაცრი რეგულაციები, მოახდინონ ტროლების ანგარიშების ამოცნობა და გაუქმება უფრო ეფექტურად, ვიდრე ეს დღეს ხდება. ასევე, უნდა ხდებოდეს ყალბი ახალი ამბების სოციალური ქსელებიდან დროული წაშლა.

რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, უბრალო მომხმარებლებმა? -

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ჩვენ დეტალურად უნდა გავეცნოთ ამა თუ იმ ამბავს, წავიკითხოთ ესა თუ ის ინფორმაცია ბოლომდე და ვნახოთ წყარო, თუ საიდან ვრცელდება ნიუსი, ფოტო თუ ვიდეო და რამდენად სანდოა გამავრცელებელი. სწორედ ამის შემდეგ უნდა გავაზიაროთ ესა თუ ის ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ჩვენ თავად აღმოვჩნდეთ რუსეთიდან წამოსული ყალბი ამბების გავრცელებაში ჩართულები.

ბოლოს, სპეციალისტები გვახსენებენ, რომ ჩვენი ემოციებით მანიპულირების საშუალება არ უნდა მივცეთ დაინტერესებულ პირებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG