ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლის გავლენა და საქართველო საერთაშორისო კონტექსტში - „თავისუფალი რუსეთის“ ანგარიში


კრემლის მცდელობები, გავლენა ჰქონდეს ცივილური სამყაროს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, სოციალურ ასპექტებზე, „თავისუფალი რუსეთის“ კვარტალურ ანგარიშშია თავმოყრილი. ფონდმა შეისწავლა პუტინის რუსეთის მავნე გავლენები სხვადასხვა რეგიონის ეკონომიკაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიაზე, რელიგიურ ინსტიტუციებსა და პანდემიის წინააღმდეგ მსოფლიოს ერთობლივ ძალისხმევაზეც კი.

კვლევაში ნათქვამია, რომ ევროკავშირთან, ბრიტანეთთან, აშშ-სთან და უკრაინასთან ერთად, საქართველომ მხარი არ დაუჭირა გაეროში, რუსეთის მიერ წარმოდგენილი „სოლიდარობის დეკლარაციას“. ვიდრე გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, რუსეთის მიერ წარმოადგენილი დეკლარაციის პროექტი ჩავარდებოდა, კრემლი პანდემიას უკვე იყენებდა საკუთარი პოლიტიკის გასატარებლად, აღმოსავლეთ ევროპაში.

„სიყვარულით, რუსეთისგან“ - პანდემია, როგორც სარგებელი

დოქტორ ანტონ შეხოვცოვის კვლევით ირკვევა, როგორ ცდილობს რუსეთი პანდემიის საკუთარი მინზნებისთვის გამოყენებას. კვლევის ამ ნაწილში, ნათლად არის წარმოჩენილი კრემლის მცდელობა, პანდემიის ფონზე საკუთარი სტრატეგიული ინტერესები გაატაროს. შეხოვცოვი, ამის საილუსტრაციოდ, რუსეთის მიერ „ძმობილი სერბი ხალხისთვის“ დაპირებულ დახმარებას წარმოაჩენს. დაპირება სამედიცინო, ფინანსურ და ექსპერტულ დახმარებას ითვალისწინებდა. კრემლი ღიად მხარს უჭერდა და ზურგს უმაგრებდა სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრე ვუჩიჩს, ანტიდასავლურ კამპანიაში.

სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდერ ვუჩიჩი და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ცინპინი. პეკინი, ჩინეთი.
სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდერ ვუჩიჩი და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ცინპინი. პეკინი, ჩინეთი.

15 მარტს, როცა სერბეთში კოვიდ-19-ით ინფიცირების ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობდა 48 აღწევდა, ვუჩიჩი ევროკავშირს მკაცრად აკრიტიკებს და ანტიდასავლურ კამპანიას იწყებს. ვუჩიჩი, შექმნილ რთულ ვითარებაში, ერთადერთ მხსნელად ჩინეთის სახალხო რესპიბლიკას წარმოაჩენდა და დახმარებისთვისაც მიმართა მას. ჩინეთმა, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიის საშუალებით, ვუჩიჩის განცხადების ვირუსული გავრცელება დაიწყო. მათ შორის, „YouTube”-ს მეშვებით, რომელიც ჩინეთში 2009 წლის შემდეგ დაბლოკილია.

სერბეთმა ჩინეთისგან დახმარება 21 მარტს მიიღო. „ფოლადივით მყარი მეგობრობა - ჩვენ ვიზიარებთ ცუდსა და კარგს“ - ეს იყო წარწერა ყუთებზე, რომელზეც დატანილი იყო ჩინეთისა და სერბეთის დროშებს შორის მოქცეული გული.

მალევე, სერბეთმა თითქმის იგივე სენტიმენტებით აღსავსე გზავნილით, დახმარება რუსეთისგან მიიღო - „სიყვარულით რუსეთისგან“. წარწერა, რუსულ და სერბულ ენებზე იყო დატანილი, გულის ფორმებში მოქცეული რუსულ-სერბული დროშებით.

ალექსანდერ ვუჩიჩი და ვლადიმირ პუტინი. 23 ივნისი, 2020. მოსკოვი.
ალექსანდერ ვუჩიჩი და ვლადიმირ პუტინი. 23 ივნისი, 2020. მოსკოვი.

მკვლევარის თქმით, მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ რუსეთის მიერ, სერბეთში კოვიდ-19-თან დაკავშირებულ ოპერაციებს საფუძვლად კრემლის გეოპოლიტიკური ინტერესები და დასავლეთის წინააღმდეგ მისი პოლიტიკური ბრძოლა უდევს. მაშინ, როცა სერბეთისთის ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარება 3.6 მილიარდ ევროს აღწევს, და იმავე პერიოდში, ჩინეთისგან მიღებული გრანტი 30 მილიონამდეა, რუსეთის ფინანსური დახმარების შესახებ კი საჯარო ინფორმაცია ფაქტობრივად არ არსებობს, ვუჩიჩი კვლავ აცხადებდა - „დიდებული საერთაშორისო სოლიდარობა არ არსებობს. ევროპული სოლიდარობა არ არსებობს. ეს იყო ფუცელზე დაწერილი ზღაპარი.“

რუსეთის განწირული მცდელობა - „სოლიდარობისთვის“

მას შემდეგ, რაც კრემლმა აღმოსავლეთ ევროპაში ანტიდასავლური განწყობების გასაღრმავებლად ძალისხმევა არ დაიშურა, ჯერი პანდემიის წინააღმდეგ მსოფლიოს ერთობლივ ძალისხმევაზე მიდგა.

მარტის მიწურულს, როცა სერბეთი ჯერ კიდევ ელოდებოდა კრემლის დახმარებას, რუსეთი გაეროში „სოლიდარობის“ რეზულუციას წარადგენს - „კოვიდ-19-ის გამო წარმოქმნილი გამოწვევების წინააღმდეგ, გაერთიანებული ერების სოლიდარობის დეკლარაცია.“ ამ ნაბიჯით, კრემლმა საერთაშორისო კამპანია დაიწყო, რომლის საბოლოო მიზანი პუტინის რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნა იყო. სანქციები, რომელიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომისა და სხვა აგრესიული ქმედების გამო აქვს დაწესებული.

რეზოლუციის რუსული ვერსია, გაეროს წევრ ქვეყნებს სოლიდარობისკენ მოუწოდებდა. ასევე, მოუწოდებთა ქვეყნებს, ეთანამშრომლათ ერთმანეთთან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან.

ამასთან ერთად, რუსეთი, ინიცირებული პროექტით ითხოვდა „უარი თქმულიყო სავაჭრო ომებსა და ცალმხრივ საქნციებზე, გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით.“ სწორედ ამ ჩანაწერის გამო, რუსული რეზოლუცია ორჯერ დაიბლოკა და საბოლოოდ ვერ გავიდა. მიზეზი კი მარტივი იყო - ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, უკრაინა და საქართველო, რუსული რეზოლუციის პროექტის ამ ჩანაწერში ხედავდა კრემლის მცდელობას, შეწყვეტილიყო დაწესებული სანქციები, მათ შორის, თავად რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციები.

გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენელი, "ამერიკის ხმასთან" საუბრისას აცხადებს, რომ საქართველო ამ მიდგომას მხარს ვერ დაუჭერდა.

"საქართველო იყო კოვიდ-19-თან დაკავშირებული პირველი რეზოლუციის თანასპონსორი, რომელიც გაერომ მიიღო. მოგვიანებით რუსეთის და მასთან ასოცირებული ქვეყნების ჯგუფის მხრიდან დარეგისტრირდა ანალოგიური ხასიათის რეზოლუცია, თუმცა მცირედი, მაგრამ საგრძნობი განსხვავებით. რუსულ პროექტში ასევე საუბარი იყო ცალკეული ქვეყნების მიმართ არსებული სანქციების რეჟიმის ან ახალი სანქციების დაწესებაზე უარის თქმაზე. პოლიტიკური სარჩული საკმაოდ ნათლად იკვეთებოდა. მოგეხსენებათ, რომ სანქციები არსებობს რუსეთის მიმართ, ასევე სირიის თუ ვენესუელის მიმართაც. შესაბამისად, ასეთ მიდგომას ჩვენი პარტნიორები და ჩვენ მხარს ვერ დავუჭერდით" - აცხადებს კახა იმნაძე.

2 აპრილს, გაეროში რეზოლუციის რუსული ვერისია საბოლოოდ „მოკვდა“. იმავე დღეს, ვლადიმირ პუტინმა, სერბ კოლეგას რუსეთის ფედერაციის დახმარება საბოლოოდ დაუდასტურა.

„თავისუფალი რუსეთის“ ვრცელ პუბლიკაციაში, განხილულია, როგორ ცდილობს სატელიტი მედიასაშუალებებით კრემლი, დასავლეთსა და რეგიონის ქვეყნებში საზოგადოების პოლარიზებას, რა როლი აქვს კრემლის პოლიტიკის გატარებაში რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორ მოქმედებს რუსული აგენტურული ქსელი და როგორც ცდილობს აღმოსავლეთ ევროპის სამოქალაქო საზოგადოებააზე მანიპულირებას.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG