ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევმა და მოსკოვმა ექსპორტის აღდგენაზე ანკარა-გაეროს შეთანხმებას ხელს მოაწერეს - განახლება


ანტონიო გუტერეში და რეჯებ-ტაიპ ერდოღანი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. სტამბოლი, თურქეთი. 22 ივლისი, 2022 წ.
ანტონიო გუტერეში და რეჯებ-ტაიპ ერდოღანი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. სტამბოლი, თურქეთი. 22 ივლისი, 2022 წ.

დღეს სტამბოლში რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლებმა ეტაპობრივი მნიშვნელობის მქონე შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განახლებას შეუწყობს ხელს. ეს აჩენს იმედს, რომ საერთაშორისო სასურსათო კრიზისი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გაამწვავა, შედარებით შემსუბუქდება.

ფინალურ აკორდს ორთვიანი მოლაპარაკება უძღოდა წინ, რომელშიც შუამავლის როლს გაერო და თურქეთი ასრულებდნენ. ერთობლივი შეთანხმება უკრაინას საშუალებას მისცემს, მსოფლიო ბაზრებზე მარცვლეულის მიწოდება განაახლოს. რუსეთი კი, მარცვლეულთან ერთად, დასავლეთის სანქციების პირობებში, სასუქის ექსპორტს განაახლებს.

გაეროს გეგმაზე უკრაინისა და რუსეთის სამხედრო დელეგაციებმა წინასწარ შეთანხმებას გასულ კვირას მიაღწიეს. გეგმის მიხედვით, ომის გამო, საკუთარ შავი ზღვის პორტებში ჩარჩენილ 22 ტონა მარცვლეულს და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, უკრაინა ექსპორტზე გაიტანს.

ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში და თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი. ხელმოწერაზე ჩაფრინდნენ რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ და უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი, ოლექსანდრ კუბრაკოვი.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ხელმოწერამდე განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი ხელს სხვადასხვა, დამოუკიდებელ შეთანხმებას მოაწერდნენ.

„უკრაინა რუსეთთან არანაირ დოკუმენტს არ აწერს ხელს“ - წერდა პოდოლიაკი „ტვიტერზე" და განმარტავდა, რომ კიევი ხელს თურქეთთან და გაეროსთან დადებულ შეთანხმებას მოაწერს. იგივენაირად მოაწერს ხელს დოკუმენტზე რუსეთიც.

უკრაინა მსოფლიოში ხორბლის, სიმინდისა და მზესუმზირის ზეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია, მაგრამ რუსეთის შეჭრამ და უკრაინის პორტების საზღვაო ბლოკადამ, გადაზიდვები შეაჩერა. მარცვლეულის ნაწილი ევროპაში სარკინიგზო, საავტომობილო და მდინარის ტრანსპორტით ხდება, მაგრამ სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე საქონელზე, როგორიცაა ხორბალი და ქერი, თითქმის ხუთთვიანი ომის დროს მიწოდების შეჩერების ფონზე, ფასები გაიზარდა.

თურქი ოფიციალური პირების განცხადებით, შეთანხმება ითვალისწინებს გემების უსაფრთხო გადაადგილებას. ასევე, ითვალისწინებს საკონტროლო ცენტრის შექმნას სტამბოლში, რომელიც გაეროს, თურქეთის, რუსეთისა და უკრაინის ოფიციალური პირებით დაკომპლექტდება და ისინი პროცესს კოორდინაციას გაუწევენ. გემები გაივლიან შემოწმებას, რათა დარწმუნდნენ, რომ მათზე არ არის იარაღი.

პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინის პორტებში რუსეთის წარმომადგენელი არ იქნება. ამასთან, მისი თქმით, კიევი „პროვოკაციების შეთხვევაში“, დაუყოვნებელ სამხედრო რეაგირებას გეგმავს.

უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისა და რუსული მარცვლეულის, ასევე სასუქების მსოფლიო ბაზრებზე დაბრუნების კრიტიკული მნიშვნელობის საკითხი, გაეროს გენერალურმა მდივანმა დღის წესრიგში პირველად აპრილში დააყენა, როცა მან კიევსა და მოსკოვში, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან პირისპირ შეხვედრები გამართა.

რუსი და უკრაინელი ოფიციალური პირები, მარცვლეულის გადაზიდვის დაბლოკვაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. მოსკოვმა დაადანაშაულა უკრაინა იმაში, რომ ვერ მოახდინა პორტებში საზღვაო ნაღმების ამოღება, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო გადაზიდვა და დაჟინებით მოითხოვდა, ჰქონოდა უფლება, შეემოწმებინა შემომავალი გემები. უკრაინა ამტკიცებს, რომ რუსეთის მიერ ნავსადგურების ბლოკადამ და შავი ზღვიდან რაკეტების გაშვებამ, ნებისმიერი გადაზიდვა შეუძლებელი გახადა.

უკრაინა ითხოვდა საერთაშორისო გარანტიებს, რომ კრემლი უსაფრთხო დერეფნებს, ოდესის პორტზე თავსახმისთვის არ გამიყენებდა. ამასთან, კიევმა მოსკოვი აღმოსავლეთ უკრაინაში, მარცვლეულის მოპარვასა და ხანძრების გაჩენის მიზნით, სასოფლო -სამეურნეო მინდვრების განზრახ დაბომბვაში დაადანაშაულა.

ხუთშაბათს საღამოს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, გეგმის მხარდასაჭერად, კიევის პირობები გამოაცხადა.

უკრაინის დელეგაცია „მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებს დაუჭერს მხარს, რომლებიც უზრუნველყოფს უკრაინის სამხრეთ რეგიონების უსაფრთხოებას, უკრაინის შეიარაღებული ძალების ძლიერ პოზიციებს შავ ზღვაში და უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტების უსაფრთხო ექსპორტს მსოფლიო ბაზრებზე“, - განაცხადა ოლეჰ ნიკოლენკომ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მიესალმება შეთანხმებას. „მაგრამ ის, რაზეც ჩვენ ახლა ვაკეთებთ აქცენტს, არის ამ შეთანხმების განხორციელებისთვის, რუსეთზე პასუხისმგებლობის დაკისრება და უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობა.“ - განაცხადა პრაისმა.

უკრაინაში რუსეთის ომი მსოფლიოს ბევრ ქვეყანას აზიანებს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:56 0:00

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG