ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი არასაკმარისია


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინაააღმდეგ სანქციების მეშვიდე რაუნდი შეაფასა, როგორც არაადექვატური.

„ეს საკმარისი არ არის და ჩემს პარტნიორებს ამას გულწრფელად ვეუბნები. რუსეთმა ომის გამო ბევრად უფრო მაღალი საფასური უნდა იგრძნოს, რათა იძულებული გახდეს მშვიდობა ეძიოს“, თქვა ზელენსკიმ 20 ივლისს, ყოველდღიურ ვიდეო მიმართვაში.

ცოტა ხნის წინ ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი რაუნდი მიიღეს.

პაკეტი მოიცავს აკრძალვას რუსული ოქროს იმპორტზე და „სბერბანკის“, რუსეთის უმსხვილესი ბანკის, ევროკავშირში არსებული აქტივების გაყინვას.

დიდი შვიდეულის წამყვანმა ეკონომიკის ქვეყნებმა რუსული ოქროს იმპორტი ივნისში აკრძალეს. სხვა ინდუსტრიულად განვითარებულმა ქვეყნებმაც აკრძალეს რუსული ოქროს იმპორტი, რომელსაც მდიდარი რუსები ყიდულობდნენ, რათა საერთაშორისო ფინანსური სანქციებით მიყენებული დარტყმა შეემსუბუქებინათ.

ევროკავშირის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ჩეხეთმა განაცხადა, რომ სანქციების რიგით მეშვიდე პაკეტი ასევე ეხება დამატებით პირებს, რომლებსაც ომზე პასუხისმგებლად მიიჩნევენ და მათ წინააღმდეგ მოგზაურობის აკრძალვას და ქონების გაყინვას გამოიყენებენ.

ამასთან ერთად გათვალისწინებულია აქტივების განბლოკვა რუსულ ბანკებში, რომლებიც სურსათით და სასუქებით ვაჭრობასთანაა დაკავშირებული, რათა პასუხი გაეცეს მოსკოვის ბრალდებებს, რომ მის წინააღმდეგ მიმართული სანქციები სასურსათო კრიზისს იწვევს.

ჩეხეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი უზრუნველყოფს, რომ „სანქციები მსოფლიოში სასურსათო და ენერგო უსაფრთხოებას არ დაემუქრება“.

XS
SM
MD
LG