ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეცვლის თუ არა "ქართული ოცნება" ანტიდასავლურ რიტორიკას?


ევროპარლამენტის დელეგაციის შეხვედრა პრემიერთან
ევროპარლამენტის დელეგაციის შეხვედრა პრემიერთან

შეიცვლება თუ გაგრძელდება, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ორკესტრირებული ანტიდასავლური რიტორიკა? - ეს არის მთავარი შეკითხვა, თბილისში, ევროპარლამენტართა წარმომადგენლობითი დელეგაციის ორდღიანი ვიზიტის შემდეგ.

დელეგაცია ექვსი ევროპარლამენტარის შემადგენლობით, რომელსაც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი ხელმძღვანელობდა, საქართველოს იმ დროს სტუმრობდა, როცა ოფიციალურმა თბილისმა მოახერხა და მაქსიმალურად დაძაბა ურთიერთობა, როგორც ბრიუსელთან, ისე ვაშინგტონთან.

ევროპარლამენტარები, როგორც ხელისუფლებასთან, ისე ოპოზიციასთან და მესამე სექტორთან შეხვედრების დროს დაინტერესდნენ თუ რა არის „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური კამპანიის საბოლოო მიზანი?

ევროპარლამენტის დელეგაციის შეხვედრა ოპოზიციის წევრებთან
ევროპარლამენტის დელეგაციის შეხვედრა ოპოზიციის წევრებთან

ვერსიები რამდენიმეა: ეს არის ვაჭრობა „ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გამო, რომელსაც ევროპარლამენტი ქვეყნის არაფორმალურ მმართველად მიიჩნევს; ეს არის ვაჭრობა ხელისუფლებაში დასარჩენად, ინსტიტუციონალური ცვლილებების გარეშე, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად აუცილებელ 12 პუნქტშია გაწერილი; და, ეს უფრო შორსმიმავალი სტრატეგიაა, რომელიც საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილებას უკავშირდება...

“ასეთი მიზანმიმართული ანტიდასავლური კამპანია პირდაპირ ურტყამს ჩვენს დასავლურ კურსს და ეს ვაჭრობის საკითხი უკვე ნაკლებად შეიძლება იყოს“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა. მისი თქმით, „ახლანდელი სიტუაცია ვაჭრობა ნაკლებად არის, ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის შვეიცარიაში დატყვევებულ მილიონებზე თუ რაღაც გარანტიების მიღებაზე.

აქ პირდაპირ იკვეთება, რომ „ოცნების“ ხელისუფლება სცდება იმ ძირითად მაგისტრალს და რელსებს, რაც არის ჩვენი დასავლური ვექტორი. უზარმაზარი პრობლემაა სწორედ ის, რომ ჩემი აზრით, ხელისუფლებამ ვაჭრობის სტადია უკვე გადაზარდა სერიოზულ ანტიდასავლურ განწყობაში და საბოლოო ჯამში, რუსეთის ინტერესებზე თამაშობს.

სწორედ ეს არის ძლიერი შეშფოთების საგანი, ეს აღარ არის ჩვეულებრივი კრიტიკა, რომელიც დასაშვებია სტრატეგიულ პარტნიორებს შორის და ამაზე საზოგადოებას რეაქცია უნდა ჰქონდეს“ - მიაჩნია კლდიაშვილს.

„ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტის დელეგაციის ვიზიტის დროს, ანტიდასავლური ტონი ერთგვარად შეარბილა. მმართველი პარტიის სპიკერები ორი დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ პარტნიორებს და ელჩებს მათი მხრიდან თავს არავინ დასხმია.

„სამწუხაროა, რომ მოვისმინე ანტიდასავლური რიტორიკა, მაგრამ, თუ ახლა ეს რიტორიკა შეიცვალა, კარგია. დაველოდოთ და ვნახოთ, როგორი მიდგომა ექნება მმართველ გუნდს დღეს, ხვალ და მომავალში“ - „ოცნების“ რიტორიკის ოდნავ სახეცვლილებას ასე გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა, რომელიც თავადაც არაერთხელ გამხდარა „ქართული ოცნების“ მხრიდან მძაფრი კრიტიკის ობიექტი.

ორდღიანი ვიზიტის დროს, დახურულ კარს მიღმა დარჩა ხელისუფლებისა და ევროპარლამენტარების დისკუსიის ის დეტალები, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ კატეგორიულად მიუღებელ, ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციის ცალკეულ ჩანაწერებს შეეხებოდა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნას.

შეხვედრა "ქართული ოცნების" მთავარ ოფისში
შეხვედრა "ქართული ოცნების" მთავარ ოფისში

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „საუბრის შინაარსს დეტალურად გარეთ ვერ გამოიტანს“, თუმცა, დისკუსიას საინტერესო და ოპტიმიზმის საფუძველის მომცემი უწოდა.

მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრის დროს, სამწუხარო უწოდა „დიფერენცირებულ მიდგომას“, რომელიც მისი აზრით, საქართველოს მიმართ გამოიყენეს, „როდესაც ქვეყანას არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად“. ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ „ფაქტობრივად უკვე დაიწყო სტატუსის მისაღებად მოთხოვნილი 12 პრიორიტეტის განხორციელება“.

„ქართული ოცნება თავად ღიად არ იტყვის ევროპულ კურსზე უარს და არც ამ 12 პუნქტის შესრულებაზე. ის ეცდება გაწელოს ეს პროცესი და უარესს შემთხვევაში, ისევ ევროპას ათქმევინოს, რომ კანდიდატის სტატუსს არ გვაძლევენ“ - მიაჩნია პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს.

მისი აზრით, „ოცნება“ მუდმივად გაიმეორებს, რომ დაიწყო და მუშაობს ამ ჩამონათვალის შესრულებაზე, თუმცა რას აპირებს ივანიშვილთან დაკავშირებით, გაუგებარია. პრემიერის ღია წერილები ივანიშვილის დასაცავად, მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ბიძინა არსად წასულა და რეალური ხელისუფალი ისევ ისაა, “ - ამბობს ის და აგრძელებს:

„ოცნება“ ასევე ეცდება რაღაც პუნქტების შეუსრულებლობა ოპოზიციას დააბრალოს, რომელიც მართლაც უარს ამბობს ერთობლივ მუშაობაზე და პრობლემებს ქმნის. ამაზე ევროპალამენტარებმაც გააკეთეს აქცენტი.

მაგრამ მთავარი, რის გამოც „ოცნება“ თავად გაწელავს ამ პროცესს და მისგან გამოყოფილი „სამეულის“, თუ „სხვათა“ მეშვეობით გააგრძელებს ღიად ანტიდასავლურ კამპანიას, რომელიც ახლა ნამდვილად მიმდინარეობს, ,„ოცნებისვე“ ჩუმი თანხმობით, არის ის, რომ „ოცნება“ დღეს გაცილებით უფრთხის რუსეთს, ვიდრე დასავლეთს.

შიში მმართველ პარტიას და პერსონალურად ივანიშვილს გაცილებით მეტი აქვს რუსეთის, ვიდრე დასავლეთის და ყველანაირად ცდილობენ რუსეთი არ გააღიზიანონ.

მე არ გამოვრივრიცხავ, რომ რუსები პერსონალურ ზეწოლას ახორციელებდნენ ან ემუქრებოდნენ კიდეც ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ, ეს პროცესი გაგრძელდება მანამდე, სანამ უკრაინის ომში საბოლოოდ არ გამოიკვეთება ვინ იგებს, დასავლეთი თუ რუსეთი.

თუ 2023 წლის ბოლომდე, ანუ იმ ვადამდე, როცა ჩვენ უნდა გვქონდეს პროგრესი ყველა იმ 12-პუნქტის მიხედვით, ეს არ გვექნა და „ოცნებამ“ ხელისუფლების დაკარგვის საფრთხე უკვე რეალურად იგრძნო, მაშინ ის ეცდება, პროცესი იქამდე მიიყვანოს, რომ თავად ევროკავშირმა უარი გვითხრას კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ვახტანგ ძაბირაძემ.

„ევროპის გაფართოება რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამისი რეფორმების გატარებას. განსაკუთრებით კი დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, საბაზრო ეკონომიკისა და ევროკავშირის განხორციელების სფეროში. ეს პროცესი მიესადაგება აბსოლუტურად ყველა ქვეყანას, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ის არ არის რაიმე ვაჭრობის საგანი“ - ხაზი გაუსვა თბილისში ვიზიტის დროს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა. რა მოხდება თუ "ქართულმა ოცნებამ" საჭირო რეფორმები არ (ვერ) გაატარა?

„თუ ეს პოლიტიკა გაგრძელდება და უარს ვიტყვით ინსტიტუციურ განახლებაზე, დასავლურ ინსტიტუტებზე, ცხოვრების, ეკონომიკის და ბიზნესის კეთების დასავლურ მეთოდებზე, სადაც სამართლიანი სასამართლო, კერძო საკუთრება, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალე სისტემა არის მთავარი, მაშინ ჩვენ უკან დავბრუნდებით და იგივე ჭაობში აღმოვჩნდებით, როგორშიც 2003 წლამდე ვიყავით“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ „ახალი ეკონომიკური სკოლის ვიცე-პრეზიდენტმა ეკონომისტმა გია ჯანდიერმა.

ჯანდიერის თქმით, „უამრავი ქვეყანაა, იგივე შუა და ცენტრალურ აზიაში, სხვაგანაც, სადაც არ აღიარეს ასეთი ინსტიტუციური გაჯანსაღების აუცილებლობა და დარჩნენ უძრაობაში. ჩვენი დასავლეთთან ინტეგრაცია არ გულისხმობს იმას, რომ ხვალ დასავლეთი ბევრ ფულს მოგვცემს.

ფული მოყვება სწორედ ინსტიტუციურ გაჯანსაღებას, რაც გულისხმობს ნდობის და შესაბამისი პირობების გაჩენას, რომ ამ ქვეყანაში ფულის ჩადება და ცხოვრება ღირდეს, ახლა პიქირით, საწინააღმდეგოს ვხედავთ, ქვეყნიდან უამრავი ქართველი გარბის.

ე ასევე არვიცი ვინ იტყუებს თავს, ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, როცა დიდი ბიზნესებისგან მუმდმივად მესმის, რომ ვითარება ქვეყანაში ძალიან რთულია და ბევრი მიმართულებით სერიოზული უკუსვლაა. ამ ერთჯერადად, ტურისტების და მეზობელი ქვეყნის მოქალაქეების მიერ გადმორიცხული ფულით დაჭერილ ეკონომიკაზე და ლარზე, აქცენტის გაკეთება, ჩემი აზრით უაზრობაა“ - ამბობს გია ჯანდიერი.

ევროპარლამენტის დელეგაციამ, მმართველი პარტიის გარდა, შენიშვნები ოპოზიციასაც მისცა და მოუწოდა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, კონსენსუსის მისაღწევად, სამუშაო ჯგუფებში ჩაერთონ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ” უკვე განაცხადა, რომ „ოცნებასთან“ ერთად მუშაობას, მწარე გამოცდილების მიუხედავად არ გამორიცხავს. მთავარი ოპოზიციური პარტია ამ გადაწყვეტილების მიღებას მესამე სექტორთან კონსულტაციების შემდეგ აპირებს.

ევროპარლამენტარები და პრემიერი ღარიბაშვილი
ევროპარლამენტარები და პრემიერი ღარიბაშვილი

XS
SM
MD
LG