ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“ - დონალდ ტრამპი პროფილში


პრეზიდენტი ტრამპი თეთრი სახლის ვარდების ბაღში გამართულ პრესკონფერენციაზე
პრეზიდენტი ტრამპი თეთრი სახლის ვარდების ბაღში გამართულ პრესკონფერენციაზე

ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 45-ე პრეზიდენტი დონალდ ჯონ ტრამპი, წელს კენჭს ხელმეორედ იყრის. 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის ოპონენტი ჯო ბაიდენი, დემოკრატიული პარტიის სავარაუდო კანდიდატი იქნება. ბაიდენის ნომინირების ოფიციალური ცერემონია აგვისტოში, დემოკრატთა ეროვნულ ყრილობაზე იგეგმება.

ტრამპმა საარჩევნო კამპანიის დაწყების თაობაზე ოფიციალურად 2019 წლის ივნისში გამოაცხადა, ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში. მისი ახალი სლოგანია „დარჩეს ამერიკა დიადი“. ეს 2016 წლის სლოგანის ოდნავ სახეცვლილი ვერსიაა, რომელიც 4 წლის წინ ამბობდა, რომ ამერიკა „კვლავ დიადი“ უნდა გამხდარიყო. ორლანდოში შეკრებილ მხარდამჭერებს პრეზიდენტმა უთხრა: „ჩვენ ეს ერთხელ გავაკეთეთ, ამას ისევ ვიზამთ და ამჯერად დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“.

დონალდ ტრამპი ამომრჩევლებთან შეხვედრაზე, აგვისტო, 2019 წ.
დონალდ ტრამპი ამომრჩევლებთან შეხვედრაზე, აგვისტო, 2019 წ.

პრეზიდენტობამდე

თეთრ სახლში გადასვლამდე, დონალდ ტრამპი საკმაოდ ცნობილი ფიგურა იყო, ნიუ-იორკელი უძრავი ქონების მაგნატი და ჰიტი ტელეშოუს წამყვანი. ბაკალავრის დიპლომი პენსილვანიის უნივერსიტეტში აქვს აღებული, ეკონომიკის განხრით. კოლეჯის დამთავრების შემდეგ კი მულტიმილიონერი მამის ოჯახის ბიზნესში ჩაერთო, გააფართოვა ის და საბოლოოდ გადაიბარა კიდეც.

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ტრამპს წარუმატებელი პერიოდებიც ჰქონდა. მის მფლობელობაში მყოფი რამდენიმე კომპანია გაკოტრდა, მათ შორის იყო ნიუ-იორკის და ატლანტიკ-სითის უძრავი ქონებაც. თუმცა, მოგვიანებით ტრამპმა ბიზნესის აღორძინება ისევ შეძლო. 2016 წელს „ფორბსმა“ მისი ქონება 3.7 მილიარდ დოლარად შეაფასა.

პრეზიდენტობა მილიარდერმა ტრამპმა პირველად 2000 წელს სცადა, როგორც რეფორმის პარტიის წევრმა, მაგრამ წარუმატებლად. მანამდე ის ხან რესპუბლიკელი იყო, ხან დამოუკიდებელი. 2001 წელს ტრამპი დემოკრატიული პარტიის წევრიც გახდა. ჯამში, პოლიტიკური პარტია ტრამპმა სულ ცოტა, 5-ჯერ გამოიცვალა.

საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობას დონალდ ტრამპი 2011 წელსაც ინტენსიურად განიხილავდა, თუმცა გადაიფიქრა და 2012 წლის თებერვალში მხარი შემდგომში რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციის მფლობელ, მიტ რომნის დაუჭირა.

2015 წლის ივნისში, ტრამპმა ფორმალური განცხადება გააკეთა რესპუბლიკური პარტიიდან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილის შესახებ. ბევრისთვის მოულოდნელად, 2016 წლის ნოემბერში, მან დაამარცხა დემოკრატთა გამოცდილი კანდიდატი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა.

პრეზიდენტობის პერიოდი

თეთრ სახლში ყოფნის 3.5 წლის მანძილზე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. მათ შორის 5 ყველაზე მთავარ მიღწევას გამოყოფენ.

  • დრამატული საგადასახადო რეფორმა
  • ეკონომიკური ბუმი პირველი სამი წლის მანძილზე, ისტორიულად დაბალი უმუშევრობით: 3.5%
  • სირიაში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მკვეთრი შემცირება
  • კონსერვატიულობით გამორჩეული ორი უზენაესი მოსამართლის სენატში დამტკიცება (ნილ გორსაჩი და ბრეტ კავანა)
  • შედარებით დაბალი დონის ფედერალურ სასამართლოებში 200-მდე მოსამართლის გაყვანა

პრეზიდენტი გამუდმებით ცდილობდა საიმიგრაციო პოლიტიკის შეცვლასაც და რამდენიმე ანტისაიმიგრაციო რეფორმის გატარებაც სცადა, თუმცა ძირეული ცვლილებები ამ მიმართულებით არ მომხდარა. ტრამპმა მოახერხა ის, რომ ერთ-ერთი მთავარი დაპირებისთვის, მექსიკასთან კედლის ასაშენებლად, კონგრესს 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის ბიუჯეტი დაამტკიცებინა, მაგრამ ეს მოთხოვნილზე გაცილებით ცოტა იყო. დანაკლისის შესავსებად, პრეზიდენტმა საზღვარზე საგანგებო ვითარება გამოაცხადა, რის შედეგადაც მან ბიუჯეტიდან კედლის დაფინანსებისთვის დამატებით $3.6 მილიარდი გამოათავისუფლა.

პირადი ცხოვრება

დონალდ ტრამპი 1946 წლის 14 ივნისს დაიბადა, ქ. ნიუ-იორკის ქვინსის დასახლებაში. ხუთშვილიან ოჯახში ის მეოთხე ბავშვი იყო. მამამისი ფრედერიკ ტრამპი მილიონერი გახლდათ, თავიდან მშენებელი, შემდეგ კი უძრავი ქონების მაგნატი, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში გამდიდრდა. დედამ ენერგიული და მოუსვენარი დონალდი პრესვიტერიანელ ქრისტიანთა ტრადიციით გაზარდა, თუმცა დღეს ის თავს პროტესტანტულ ეკლესიასთან აიგივებს.

ტრამპის პირველი ცოლი 1977 წელს გახდა ივანა ტრამპი, ჩეხი მოთხილამურე და მოდელი. წყვილს ერთად სამი შვილი ჰყავს: დონალდ ტრამპი უმცროსი, ივანკა და ერიკ ტრამპები. 1993 წელს მან მსახიობ მარლა მეიფლსზე იქორწინა, რომელთანაც ტიფანი ტრამპი შეეძინა.

ტრამპის ოჯახის წევრები. ცენტრში - პირველი ლედი, მელანია ტრამპი
ტრამპის ოჯახის წევრები. ცენტრში - პირველი ლედი, მელანია ტრამპი

პირველი ლედი მელანია ტრამპი სლოვენიელი მოდელი იყო, რომელიც ტრამპმა ცოლად 2005 წელს მოიყვანა. პრეზიდენტს მასთან ჰყავს უმცროსი ვაჟიშვილი ბარონ უილიამ ტრამპი. ის ჯერ 14 წლისაა.

საგარეო პოლიტიკა

დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს მისი ცნობილი ლოზუნგი - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. ეს ხედვა იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ამერიკის ინტერესები ყველა სხვა საერთაშორისო ინტერესზე მაღლა დგას.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბევრი აქამდე პრიორიტეტული საერთაშორისო შეთანხმება დატოვა. მათ შორისაა რამდენიმე ყველაზე ხმაურიანი: ირანთან ბირთვული შეთანხმება, ტრანს-ატლანტიკური პარტნიორობის სავაჭრო შეთანხმება და პარიზის კლიმატური ცვლილებების ხელშეკრულება. ვაშინგტონმა პანდემიის დროს ასევე დაიწყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის პროცესი.

ტრამპმა შეასრულა საპრეზიდენტო კამპანიის დროს ამომრჩევლებისთვის მიცემული დაპირება, რომელიც ნაფტას სახელით ცნობილი, კანადასთან და მექსიკასთან დადებული ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გადახედვას ითვალისწინებდა. მან დაიწყო სავაჭრო ომი ჩინეთთან და დღემდე აკრიტიკებს პარტნიორებს ნატოს - ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის - არათანაბარი დაფინანსების გამო.

ამერიკის პრეზიდენტს უხერხული ურთიერთერთობები ჩამოუყალიბდა ტრადიციულად მოკავშირე ქვეყნების ლიდერებთან, როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი. თუმცა, პირადი ურთიერთობების დონეზე, გაცილებით უკეთესად წარიმართა მისი შეხვედრები ისტორიულ მტრებთან, რუსეთის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებთან.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან

საპრეზიდენტო გამოწვევები

ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დასასრულს, ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი პერიოდი დაემთხვა. ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო, როგორც პანდემიის მართვის მხრივ, ისე ეკონომიკურად მძიმე სიტუაცია შეიქმნა. ვირუსის სარს-კოვ-2 გართულებებით გარდაიცვალა 140 000-ზე მეტი ამერიკელი და მსხვერპლის რაოდენობა ჯერ ისევ იზრდება.

უმუშევრობამ აპრილში რეკორდული 14.7 პროცენტი შეადგინა, რომლის მსგავსიც შეერთებულ შტატებში დიდი დეპრესიის შემდეგ არ ყოფილა. საკარანტინო ზომების შედეგად დაწყებული ეკონომიკური კრიზისი დღეს გაუმჯობესების გზაზეა, უმუშევრობა ახლა 11 პროცენტზეა, თუმცა სიტუაცია ჯერ კიდევ მერყევია.

ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა, რომლის დაძლევაც პრეზიდენტმა ტრამპმა შეძლო, კონგრესში გამართული იმპიჩმენტის პროცესი იყო. მართალია, დონალდ ტრამპი ისტორიაში მაინც შევიდა, როგორც ამერიკის რიგით მესამე პრეზიდენტი, რომლის იმპიჩმენტიც დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ 2019 წელს დაამტკიცა, მაგრამ რესპუბლიკელების კონტროლის ქვეშ მყოფმა სენატმა ის 2020 წელს გაამართლა.

პრეზიდენტის და მისი ოჯახის საქმეს იძიებდნენ 2016 წელს, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებითაც. გამოძიებას 2 წლის მანძილზე სპეციალური გამომძიებლის, რობერტ მალერის ჯგუფი ედგა სათავეში. საბოლოო ანგარიშში ნათქვამია, რომ ტრამპის კამპანია არჩევნების მოგების მიზნით, რუსეთთან შეთქმულებაში არ მონაწილეობდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG