ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში ყოველი მეოთხე უმუშევარია - პრეზიდენტი შტატებზე ზეწოლას ზრდის


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გუბერნატორებზე ზეწოლას ზრდის და შტატებს ბიზნესების კიდევ უფრო სწრაფად გახსნისკენ მოუწოდებს. ეკონომიკის თანდათანობით ამუშავება და საკარანტინე ზომების ეტაპობრივი შემსუბუქება მეტ-ნაკლებად ამერიკის 50-ვე შტატში მიმდინარეობს.

მომავალში "არ მგონია ხალხის მხარდაჭერა ჰქონდეთ" იმ შტატებს, სადაც ნორმალური ცხოვრება სწრაფად არ აღდგება, აცხადებს ტრამპი. პრეზიდენტი ჟურნალისტებს ხუთშაბათს, მიჩიგანში მდებარე "ფორდის" იმ საავტომობილო საწარმოში სტუმრობისას ესაუბრა, რომელიც ახლა კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტებისთვის ვენტილატორებს აწარმოებს.

პანდემიის მეორე ტალღის შემთხვევაშიც კი "ჩვენ ქვეყანას არ დავხურავთ" - თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა. "სრული კარანტინი ჯანსაღი შტატის, ან ჯანსაღი ქვეყნის სტრატეგია არ არის" - აცხადებს ის და ამერიკელებს პირდება, რომ ქვეყანა "ეპიკური დაბრუნებისთვის" ემზადება.

ხუთშაბათს, შეერთებულ შტატებში უმუშევრობის ახალი მაჩვენებლები გამოქვეყნდა. ბოლო კვირაში უმუშევრობის შეღავათების მოთხოვნა კიდევ 2.4 მილიონმა ადამიანმა შეავსო. სულ, პანდემიის კოვიდ-19 გამო, უკანასკნელ 9 კვირაში სამსახური დაკარგა 38.6 მილიონზე მეტმა ამერიკელმა. ეს ნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებში ყოველი მეოთხე უმუშევარი გახდა, 164-მილიონიან სამუშაო ძალაში.

ეკონომიკაში შექმნილ სიტუაციას სულ უფრო ხშირად ადარებენ ე.წ. დიდი დეპრესიის ხანას, როცა ამერიკის ეკონომიკაში ყველაზე რთული ვითარება იყო. მაშინ უმუშევრობა 25%-ს აღწევდა. დღევანდელი მონაცემებით კი უმუშევრობა 14.7%-ს შეადგენს. ეს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია 1948 წლიდან მოყოლებული, რაც დასაქმების ფედერალურმა სააგენტომ საერთოდ აღრიცხვა დაიწყო.

მიჩიგანში ვიზიტის განმავლობაში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თან ახლდნენ კომპანია "ფორდის" ხელმძღვანელები, მათ შორის - მმართველი საბჭოს აღმასრულებელი თავჯდომარე ბილ ფორდი. საწარმოს დათვალიერების დროს, ყველას ეკეთა დამცავი ნიღბები.

ამ ფაქტმა ყურადღება იმიტომ მიიქცია, რომ ამერიკის პრეზიდენტი ნიღბით აქამდე მედიაში არ გამოჩენილა. ტრამპმა მოგვიანებით თქვა, რომ დამცავი აღჭურვილობა მხოლოდ ცოტა ხნით გაიკეთა, მაგრამ არ უნდოდა, რომ "პრესისთვის ამის ნახვის სიამოვნება მიენიჭებინა".

"ნიღბის ტარება ყვალას მოეთხოვება, ყველა საწარმოში, ნებისმიერ დროს" - განაცხადა კომპანია "ფორდმა" პრეზიდენტის ვიზიტამდე რამდენიმე ხნით ადრე. მოგვიანებით კი, კომპანიის ვებგვერდზე სპეციალური განმარტება გაკეთდა: "ბილ ფორდმა მოუწოდა პრეზიდენტს, მისვლისას ნიღაბი გაეკეთებინა. ის ნიღაბს ატარებდა "ფორდში" კერძო ტურის დროს... მოგვიანებით, პრეზიდენტს ნიღაბი ვიზიტის დასრულებამდე მოხსნილი ჰქონდა".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG