ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის პროცესი ფორმალურად დაიწყო


სამშაბათს, ქვეყანაში ჯერ კიდევ მზარდი ინფიცირების ფონზე, თეთრმა სახლმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ფორმალურად აუწყა, რომ შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ტოვებს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება ჯერ კიდევ აპრილში მიიღო, როცა გაეროს ჯანდაცვის წამყვან ორგანიზაციას დაფინანსება შეუწყვიტა. შემდეგ კი, დაახლოებით ერთი თვის თავზე, ამის შესახებ განცხადება ხმამაღლა გააკეთა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთთან მიმართებით მიკერძოებაში დაადანაშაულა. კერძოდ, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის საერთაშორისო უწყება კორონავირუსის პანდემიის მართვის დროს, ჩინეთს მფარველობდა და ორგანიზაციაში შესაბამისი რეფორმების გატარება მოითხოვა.

"ჩინეთი სრულებით აკონტროლებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ 40 მილიონ დოლარს იხდის წელიწადში, ამერიკა კი დაახლოებით - 450 მილიონ დოლარს" - განაცხადა ტრამპმა მაისის ბოლოს, თეთრი სახლის ვარდების ბაღში გამართულ პრესკონფერენციაზე.

"ჩვენ აუცილებელი რეფორმები მათ დეტალურად გავაცანით, მაგრამ ამაზე უარი თქვეს. რადგან ძალიან საჭირო რეფორმებზე ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს, დღეს ჩვენ [ჯანმოსთან] ურთიერთობას გავწყვეტთ" - თქვა მაშინ ამერიკის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი ტრამპი ჯანმოდან გასვლის განცხადებას აკეთებს. 29 მაისი, 2020
პრეზიდენტი ტრამპი ჯანმოდან გასვლის განცხადებას აკეთებს. 29 მაისი, 2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განაწესით, ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელიც შეთანხმებას ტოვებს, ორგანიზაციას ამის შესახებ ერთი წლით ადრე უნდა აცნობოს. თუ ამერიკის ახლანდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნოემბერში დაგეგმილი არჩევნები წააგო, შესაძლებელია, მომდევნო პრეზიდენტმა გადაწყვეტილება უკან წაიღოს და ამერიკა გაეროს ჯანდაცვის უწყებაში დატოვოს.

ჯო ბაიდენი, ტრამპის სავარაუდო ოპონენტი დემოკრატიული პარტიიდან, აცხადებს, რომ ამას აუცილებლად გააკეთებს. ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მისი "პრეზიდენტობის პირველივე დღეს დაბრუნდება" და აღადგენს "ამერიკის ლიდერობას მსოფლიო არენაზე". ბაიდენის თქმით, ამერიკელები უფრო დაცულნი არიან, როცა ამერიკა ჩართულია გლობალური ჯანდაცვის გაძლიერების საქმეში.

ჯო ბაიდენი წინასაარჩევნო შეხვედრაზე დელავერის შტატში
ჯო ბაიდენი წინასაარჩევნო შეხვედრაზე დელავერის შტატში

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიის კოვიდ-19 გამოცხადებიდან 4 თვის შემდეგ, შეერთებული შტატები როგორც ინფიცირების, ისე სიკვდილობის საერთო მონაცემებით, მსოფლიოს ლიდერია. დადასტურებულად ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე სამ მილიონს აჭარბებს და ამ მომენტში 3 097 602-ს შეადგენს. შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსის გართულებებით გარდაცვლილთა რაოდენობა დღეს 134 000-ს აღწევს. აქედან ბოლო ერთ დღეში 518 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმებიდან ამერიკის გასვლის პარალელურად, საფრანგეთი და გერმანია მას სრულ ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ. ივნისის ბოლოს ევროპის კავშირის ეკონომიკის ორმა წამყვანმა ქვეყანამ პირობა დადო, რომ მიმდინარე პანდემიის გამო, ჯანმოს კიდევ უფრო მეტად დააფინანსებენ.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ პარლამენტში დამტკიცებისთანავე, გაეროს ჯანდაცვის უწყებას უკვე ივლისში, 560 მილიონ დოლარს და სამედიცინო მოწყობილობებს გადასცემს. საფრანგეთი ჯერ $100 მილიონს გადაურიცხავს ჯანმოს კვლევით ცენტრს ლიონში, შემდეგ კი დამატებით, $56 მილიონით დაეხმარება.

გადაწყვეტილების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 25 ივნისს, ჟენევაში ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი ორი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებს შეხვდა. მხარეებმა პანდემია კოვიდ-19 და მასზე გლობალური რეაგირების საკითხები განიხილეს.

"ჩვენ შევთანხმდით, რომ ახლა, როგორც არასდროს, მსოფლიოს სჭირდება ლიდერობა და საერთაშორისო თანამშრომლობა" - დაწერა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა. მისი თქმით, ორგანიზაციას ამ ორი ქვეყნისგან დღეს სრული პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა აქვს და "ორივე, გერმანია და საფრანგეთი ჯანმოს და გლობალური ჯანდაცვის დიდი ხნის მეგობრები არიან".

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG