ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი H1-B, J1 და L1-ის ტიპის ვიზებს ზღუდავს, გრძელდება მწვანე ბარათზე დაწესებული შეზღუდვებიც


პრეზიდენტი ტრამპი

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, წლის დასასრულამდე, უცხოელი მუშახელისთვის საიმიგრაციო ვიზების ბევრ კატეგორიას ზღუდავს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიზეზი კორონავირუსის პანდემიის ეკონომიკური შედეგებია და ამერიკელი მუშახელის სამუშაო ადგილების დაცვაა.

ვიზების კატეგორიებს შორისაა: ეიჩ-1-ბ (H-1B), ელ-1 (L1) და ასევე ჯეი-1 (J1) გტიპის ვიზები. დროებითი აკრძალვა ასევე მოიცავს ეიჩ-2ბ (H-2b) ტიპის ვიზას, რომელიც სეზონურ მუშახელზე გაიცემა. შეზღუდვების მიუხედავად, პრეზიდენტის ბრძანება მოიცავს ასევე გამონაკლისებს მათ შორის მკვლევარებს (J1-ის შემთხვევაში) და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებს, ჯანდაცვის მუშაკებს და ძიძებს.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი საჭიროა რათა დაცულ იქნას ამერიკელი მუშახელი, რომელიც პანდემიამ აზარალა. ამ ვიზის კატეგორიებს სულ 525,000 ადამიანი იყენებს. მარტის შუა რიცხვების შემდეგ კი შეერთებულ შტატებში 45,5 მილიონმა ადამიანმა შეიტანა განაცხადა უმუშევრობის კომპენსაციაზე, რაც ქვეყანაში მუშახელის საერთო რაოდენობის (164,4 მილიონი) მეოთხედია. თუმცა, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ეს რიცხვი 20.5 მილიონამდე შემცირდა, მას შემდეგ რაც მილიონობით ადამიანი დაუბრუნდა სამუშაო ადგილს.

პრეზიდენტის გადაწყვეტილების კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის პანდემიას საბაბად იყენებს, რათა შეერთებულ შტატებში იმიგრაციის შემცირების მისეული გეგმა განახორციელოს. პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი დაპირება წინა არჩევნებზე, იმიგრაციის შემცირება იყო.

ბევრმა დიდმა კომპანიამ და ბიზნეს ჯგუფმა გამოთქვა უკმაყოფილება ვიზების შეზღუდვის გადაწყვეტილების გამო. მათ შორის ტექნოლოგიურმა კომპანიებმა და სავაჭრო პალატამ. ისინი აცხადებენ, რომ უცხოელი მუშახელი მათი საქმიანობის ცენტრალური ნაწილია.

ტრამპის ადმინისტრაციამ ორშაბათს ასევე განაცხადა, რომ მწვანე ბარათებზე არსებულ შეზღუდვას გააგრძელებს. მწვანე ბარათების გაცემა, შეერთებული შტატების გარეთ მყოფი პირებისთვის, პრეზიდენტმა ორი თვის წინ შეზღუდა. ეს გადაწვეტილება ძირითადად ოჯახის წევრებს შეეხება. თუმცა, ამერიკის მოქალაქეებს შეუძლიათ კვლავ დაასპონსორონ საკუთარი მეუღლეები და არასრულწლოვანი შვილები.

პრეზიდენტის ბოლო ბრძანება ჯერჯერობით დიდ გავლენას არ ახდენს ქვეყნის გარეთ საელჩოების საქმიანობაზე, რადგან კორონავირუსის პანდემიის შედეგად ვიზების გაცემა შეერთებული შტატების საელჩოებში, კვლავ გაყინულია.

კიდევ ერთი ჯგუფი, რომელზეც პრეზიდენტის ახალი შეზღუდვები ვრცელდება, თავშესაფრის მაძიებელნი არიან. ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მიიღებს ახალ რეგულაციებს, რომლითაც თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებსაც ერთ წელზე ნაკლებია, რაც განაცხადი გაკეთებული აქვთ, უარს ეტყვის სამუშაო უფლებაზე.

ბრძანებები, რომელიც პრეზიდენტმა გამოსცა, არ შეეხება იმ იმიგრანტებს, რომლებიც უკვე შეერთებულ შტატებში იმყოფებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG