ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიკსი: დემოკრატია იმარჯვებს მაშინაც კი, როცა ის თავდასხმის ქვეშაა


თავდასხმა ამერიკის კონგრესის შენობაზე, დემონსტრანტები კაპიტოლიუმში, ეს ამერიკისთვის უჩვეულო სურათი და ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო.​ ახლა კონგრესში პრეზიდენტის გადაყენებას ითხოვენ. კრიტიკულნი არიან რესპუბლიკელი კანონმდებლებიც.​ დაძაბულ ღამეს, კონგრესში არჩევნების შედეგების სერთიფიცირების პროცესის მიმდინარეობისას, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გრეგორი მიკსს, კაპიტოლიუმის შტურმზე და იმაზე თუ რა გავლენას იქონიებს ეს ამერიკის იმიჯზე მსოფლიოში, "ამერიკის ხმის" ჟუსტნალისტი ანი ჩხიკვაძე ესაუბრა.

პირველ რიგში, დიდი მადლობა დროის გამონახვისთვის. დავიწყებ ვაშინგტონში განვითარებული მოვლენებით, ის რაც ამერიკის კაპიტოლიუმთან ვიხილეთ უპრეცედენტოა, როგორ ხედავთ თქვენ მომხდარს და როგორ ასახავს ის დღეს შეერთებულ შტატებში არსებულ ვითარებას?

ეს შემაშფოთებელია. ეს შეერთებულ შტატებს ცუდად წარმოადგენს და ცუდად წარმოაჩენს იმ ადამიანებს, რომლებიც კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. თუმცა, ის რომ ჩვენ აქ ვართ, ვმუშაობთ შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის სერტიფიცირებისთვის, იმის უზრუნველსაყოფად, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვოს და მათი სურვილი, ვინც მას ხმა მისცა, ასახული იყოს, -- საბოლოოდ აჩვენებს, რომ მიუხედავად იმ პირებისა, რომელთაც ჩვენი დემოკრატიისთვის ზიანის მიყენება სურთ, დემოკრატია შეერთებულ შტატებში მაინც გაიმარჯვებს... მათი მცდელობის მიუხედავად, თუნდაც ეს მთავარსარდალი იყოს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამ ქმედებებმა დემოკრატიულ პროცესს ხელი შეუშალოს.

ბევრმა ლიდერმა მსოფლიოში კრიტიკული განცხადებები გააკეთა. მკაცრი იყო შეფასებები შეერთებულ შტატების როლზე მსოფლიოში მომავალზე. როგორ ფიქრობთ, რა გავლენას ახდენს ეს ამერიკის იმიჯზე?

ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ უმცირესობის მცირე ნაწილი იყო. ჯო ბაიდენი 15 დღეში ამერიკის შემდეგი პრეზიდენტი იქნება. დღეს თუ მის განცხადებას მოუსმენდით, იმაზე თუ რა მოხდა, ნახავდით, რომ მან მომხდარში ბრალი პირდაპირ მოქმედ პრეზიდენტს დასდო. ის იქნება 46-ე პრეზიდენტი და ეს იქნება დასტური, რომ დემოკრატია იმარჯვებს. მაშინაც კი, როცა დემოკრატია თავდასხმის ქვეშაა... და დემოკრატია ადვილი არაა. ზოგჯერ შეიძლება არაფერი გააკეთო და დემოკრატიის თავდამსხმელებს, მისცე გამარჯვების შანსი. ასე [დემოკრატია] დამარცხდება. ეს შეერთებულ შტატებში არ მოხდება.

დღევანდელმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ქვეყანა ძალზედ პოლარიზებულია. მომავალ პრეზიდენტს ამასთან გამკლავება მოუწევს. როგორც [წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის] თავმჯდომარე, როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს თქვენი პარტიის მხრიდან, რომ ეს პოლარიზაცია დასრულდეს და დაიწყოს, არჩეული პრეზიდენტის სიტყვებით რომ ვთქვათ, იარების მოშუშების პროცესი?

სწორედ ამის გაკეთებას ვგეგმავ ამ წელს, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში. ამაზე ვისაუბრებთ, ერთმანეთს მოვუსმენთ და გავაცნობიერებთ, რომ ყველანი ამერიკის მოქალაქეები ვართ, და რომ არ ვართ ერთმანეთის მტრები. განსხვავებული გზავნილი უნდა გავავრცელოთ.

მაგალითისთვის, მე უკვე ვესაუბრე, [კომიტეტის] უხუცეს წევრს, ბატონ მაიკლ მაკკოლს და ერთიანი განცხადება გავაკეთეთ დღევანდელ მოვლენებზე ორივე მხარემ, დემოკრატებმაც და რესპუბლიკელებმაც, იმის საჩვენებლად, რომ შეიძლება გვაქვს განსხვავებული შეხედულებები ბევრ საკითხზე, თუმცა როცა საქმე დემოკრატიას ეხება... ჩვენ ორივემ გავაკეთეთ განცხადება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გამიზნულია იმისთვის, რომ ეს აღარ განმეორდეს. ჩვენ ვიმუშავებთ რათა უზრუნველვყოთ დემოკრატიის შენარჩუნება და ვეცადოთ გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის სამსახურში..

ერთი ქვეყანა, რომელიც მომხდარით ალბათ კმაყოფილია, რუსეთია. როგორ ფიქრობთ, რა იქნება დემოკრატთა მომავალი ადმინისტრაციის მიდგომა რუსეთისადმი? ვიხილავთ ცვლილებას რუსეთის მიმართ პოლიტიკაში?

იმასთან შედარებით, რასაც დონალდ ტრამპი აკეთებდა, დიახ. დონალდ ტრამპი რუსეთის მთავრობის მთავარი მოსარჩლე იყო, თავად რუსეთის მთავრობის შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ გადავჭრათ ჩვენი პრობლემები ქვეყნის შიგნით და ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია როგორც ქვეყანას, როგორც ერს, მათი გადალახვა. შემდეგ შეგვიძლია გავაგრძელოთ საუბარი რუსეთთან, როცა ისინი ადამიანის უფლებებს არღვევენ, ან იყენებენ კიბერ-სივრცეს საიდუმლო ინფორმაციის მოსაპარად, ან როცა ოპოზიციის მკვლელობას გეგმავენ.

ჩვენ წინ აღვუდგებით და ხმამაღლა ვისაუბრებთ ამაზე, როგორც ჩვენი ქვეყნის შემთხვევაშიც გავაკეთებთ. არ ვაპირებთ დამალვას და იმაზე არ საუბარს, რაც დღეს მოხდა, იმ საკითხებზე, რაც ჩვენ გვყოფს და რაც ცუდია და რასაც მოქმედი პრეზიდენტი ამბობს. ჩვენ აუცილებლად ვეტყვით მას სათქმელს. ამიტომ, გავაგრძელებთ სხვა ქვეყნების მიმართ მოწოდებას ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ. და სწორედ ასეთი იქნება ჩვენი მიდგომა მეტოქეების თუ მოკავშირეებისადმი.

არჩეული პრეზიდენტის შეხედულებებს შევეხები პოსტ-საბჭოთა სივრცეზე. მიმომხილველები ხშირად საუბრობენ, რომ მეტი ყურადღება დაეთმობა დემოკრატიის მდგომარეობას და მის ხელშეწყობას. ვიხილავთ თუ არა ამ [პოლიტიკას] პოსტსაბჭოთა სივრცის შემთხვევაშიც?

დიახ, ჩვენ წინ აღვუდგებით რუსეთს. ბაიდენის ადმინისტრაცია წინ აღუდგება რუსეთის თავდასხმებს ნატოს მთავარ მოკავშირეებზე, როგორიცაა საქართველო. ჩვენ არ გვინდა რომ ისინი ბალკანეთში მოქმედებდნენ, არ გვინდა, რომ თავს ესხმოდნენ ჩვენს მოკავშირეებს და დემოკრატიებს მთელ ევროპაში.

ამიტომ ჩვენ არ ვაპირებთ [პუტინს] შემწყნარებლობით მივუდგეთ და ვთქვათ, რომ რასაც ის აკეთებს მისაღებია. მაგალითად, რაც უკრაინაში ხდება, ყირიმში. ჩვენ ჩვენს მოკავშირეებს გვერდში დავუდგებით, ხმას ავიმაღლებთ და წინ აღვუდგებით [რუსეთს] ამ კუთხით.

Რაც შეეხება საქართველოს, იქ სადამკვირვებლო ორგანიზაციები, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობა, საუბრობენ სახელმწიფოს მიტაცებაზე მმართველი პარტიის მიერ, ვიხილეთ ქუჩის დემონსტრაციები, ქვეყანაში ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. როგორც წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, რას ეტყოდით ქართველ კოლეგებს, რა უნდა იყოს მათთვის გაკვეთილი, ან უფრო სწორად, რაზე უნდა გაამახვილონ მათ ყურადღება?

ყურადღება იმაზე უნდა გაამახვილონ, რომ უზრუნველყოფილ იქნას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. და როცა ეს არჩევნები ჩატარდება, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა უზრუნველყონ. იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა იყვნენ პირები, რომლებიც ამისთვის ხელის შეშლას ეცდებიან. გარდატეხა ერთად მდგომი ხალხის ხმის სიძლიერეს მოაქვს.

ქართველ ხალს ვეტყოდი, რომ შეერთებულ შტატებშიც კი ვიხილეთ, რომ ხალხი, რომელიც პრეზიდენტი ტრამპის გვერდზე მყარად იდგა და რამდენჯერმე მას ხმა მისცა, ამბობს, რომ არ დაუშვებენ მის ამგვარ ქცევას და არჩევნების უარყოფის მცდელობას, რომელიც აქ სასამართლოებმა და საარჩევნო კოლეგიამ დაადასტურა, და არ დაუშვებენ რომ ის საკუთარი უფლებამოსილების ზღვარს გადავიდეს. ქართველ ხალხს ვეტყოდი, დადექით ერთად, რათა უზრუნველყოთ, რომ შენარჩუნდეს დემოკრატია და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდეს.

და ბოლოს გკითხავთ, შეერთებულმა შტატებმა რთული ორი თვე გაიარა. როგორ თვლით, დღეიდან ინაუგურაციამდე, მშვიდობიანად მივალთ?

დიახ, მივალთ იქამდე და 20 იანვარს ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა მოხდება. ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG