ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ხელმეორედ იმპიჩმენტის მცდელობას "აბსოლუტურად სასაცილოს" უწოდებს


ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდნტმა, დონალდ ტრამპმა, წარმომადგენელთა პალატის მხრიდან, მისი იმპიჩმენტის განმეორებით მცდელობას "აბსოლუტურად სასაცილო" უწოდა. ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველი კომუნიკაციაა ჟურნალისტებთან მას შემდეგ, რაც, წინა კვირის ოთხშაბათს, კაპიტოლიუმში მისი მომხრეები შეიჭრნენ და იქაურობა დაარბიეს. ტრამპი უარყოფს, რომ რაიმე ბრალი მიუძღვის ძალადობაში, რომელმაც 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

გასულ ოთხშაბათს, ტრამპმა თავის მომხრეებს მოუწოდა, რომ "ებრძოლათ" იმ კანონმდებლების წინააღმდეგ, ვინც ჯო ბაიდენის გამარჯვების სერტიფიცირებას ახდენდა. დღეს ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ტრამპმა ამასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და თქვა, რომ "ეს [მისი ნათქვამი], გაანალიზდა და ხალხი ფიქრობს, რომ ის, რაც მე ვთქვი, იყო სრულიად მისაღები".

ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხელმეორედ იმიჩმენტის პროცესის დაწყება, არის "ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კუდიანებზე ნადირობის გაგრძელება".

დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტია, ვისი იმპიჩმენტის პროცესიც წარმომადგენელთა პალატამ მეორედ უნდა დაიწყოს.

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა, სადაც უმრავლესობა დემოკრატებს აქვთ, დღეს კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს მოუწოდებს თანამდებობიდან გადააყენოს მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

ამერიკაში ელოდებიან, რომ კენჭისყრა წინააღმდეგობის გარეშე ჩაივლის და რეზოლუციას დაამტკიცებენ. ამის შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტს 24 საათი ექნება იმისთვის, რომ წარმომადგენელთა პალატის მოთხოვნას ოფიციალურად უპასუხოს.

"პრეზიდენტი ჩვენი კონსტიტუციისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ამერიკელი ხალხისთვის გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენს. ის დაუყოვნებლივ უნდა ჩამოშორდეს თაბამდებობას", თქვა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ.

წარმომადგენელთა პალატა პენსისგან მოითხოვს, რომ მან კონსტიტუციის 25-ე შესწორება გამოიყენოს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი უნდა გამოაცხადოს "უუნაროდ, შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები კაბინეტში". თუმცა, არც პენსს და არც მისი კაბინეტის არცერთ წევრს არ გაუკეთებია მინიშნება იმაზე, რომ ამ შესწორების გამოყენებას და ტრამპის გადაყენებას აპირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ პენსს რეზოლუცია, დიდი ალბათობით, დღეს გადაეგზავნება, წარმომადეგნელთა პალატა, ცალკე იმპიჩმენტის რეზოლუციასაც ამზადებს. ნენსი პელოსი აცხადებს, რომ თუ პენსი უარს იტყვის გამოიყენოს 25-ე შესწორება, მაშინ, პალატა იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებს.

4-გვერდიან იმპიჩმენტის რეზოლუციაში, რომელიც პალატამ მოამზადა, წერია, რომ ტრამპმა "მოახდინა იმის დემონსტრაცია, რომ თუ კაბინეტში დარჩენის უფლებას მივცემთ, ის დარჩება ეროვნული უსაფრთხოების, დემოკრატიისა და კონსტიტუციის საფრთხედ. ის, კანონის უზენაესობასა და თვითმმართველობასთან მიმართებაში, მკაცრად შეუსაბამოდ მოქმედებდა".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG