ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანალიზი - როგორ დამარცხდა კაპიტოლიუმის პოლიცია


კონგრესში შეჭრის შემდეგ, მეორე დღეს, კაპიტოლიუმს ღობე შემოავლეს.

ოთხშაბათის მოვლენებზე სამართალდამცავების რეაქციის შესახებ რამდენიმე პირისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის პოლიციამ თავისი შემადგენლობა არ გააძლიერა და არ მოემზადა იმ ალბათობისთვის, რომ დაგეგმილი პროტესტი მასიურ ძალადობრივ არეულობაში გადაიზრდებოდა.

გამომჟღავნებული ინფორმაცია ნათელს ჰფენს იმას, თუ არეულობის მონაწილეებმა კაპიტოლიუმის პოლიციის წინააღმდეგობა ასე სწრაფად რატომ გადალახეს. პოლიციის დეპარტამენტს ადგილზე პირადი შემადგენლობის ისეთივე რაოდენობა ჰყავდა, როგორც ჩვეულებრივ დღეებში. ზოგიერთ პოლიციელს პროტესტებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა ჰქონდა. თუმცა, არეულობისთვის არც პოლიციელთა საკმარისი რაოდენობა ჰყავდათ და არც საკმარისი აღჭურვილობა ჰქონდათ.

როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმისკენ დაიძრნენ, პოლიციის ლეიტენანტმა გასცა ბრძანება, მომაკვდინებელი ძალა არ გამოეყენებინათ, რაც გასაგებს ხდის, თუ შენობის გარეთ მყოფმა პოლიციელებმა ხალხის მოახლოებისას იარაღი რატომ არ მოიმარჯვეს. ხანდახან პოლიციელებს ბრძანებას აძლევენ, ვითარების გამწვავების თავიდან ასაცილებლად იარაღი არ მოიმარჯვონ, თუ მათი უფროსები ფიქრობენ, რომ ამის გაკეთება ჭყლეტვას ან ორმხრივ სროლას გამოიწვევს.

ამ შემთხვევაში, ასეთმა ბრძანებამ პოლიციელებს ბრბოსთვის წინააღმდეგობის გასაწევად მცირე საშუალება დაუტოვა. ადგილზე გადაღებულ ერთ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელი მუშტებით ცდილობს მოიგერიოს ბრბო, რომელმაც ის და მისი კოლეგები კართან მიამწყვდია და დაცინვით ეძახოდნენ: “თქვენ ამერიკელები არ ხართ!”, ერთი კაცი კი ცდილობს პოლიციელს ამერიკის დროშის წვეტი ჩაარტყას.

კონგრესის დემოკრატმა წევრმა მაქსინ უოთერსმა პოლიციის შესახებ თქვა, რომ ისინი “შიშვლად დატოვეს”. 28 დეკემბერს, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატების შეხვედრაზე მან უსაფრთხოების საკითხზე შეშფოთება გამოთქვა, კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსი სტივენ სანდი მკაცრად გააკრიტიკა და ერთსაათიანი კერძო საუბრის დროს თქვა: "როგორც აღმოჩნდა, ყველაზე უარესი სახის არა-უსაფრთხოება იყო, რომლის წარმოდგენაც კი ვინმეს შეუძლია”.

კაპიტოლიუმის პოლიციის მიერ არეულობაზე ნაკლებად შთამბეჭდავმა რეაქციამ, ცუდმა დაგეგმვამ და საშიშროების სერიოზულობის მოლოდინის არქონამ, კანონმდებლების მხრიდან დაგმობა, დეპარტამენტის უფროსის და კონგრესის ორივე პალატის ბოქაულების დათხოვნა გამოიწვია.

იმ დროს, როდესაც არეულობის მთლიანი სურათი ნათელი ხდება, გამოძიების ფედერალური ბიუროც იძიებს, არეულობის ზოგიერთ მონაწილეს კონგრესის წევრების გატაცების და მძევლად აყვანის გეგმები ხომ არ ჰქონდა. ერთ-ერთი ოფიციალური პირის თანახმად, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ მათზე, რომლებიც პლასტმასის ხელბორკილებით იყვნენ და კაპიტოლიუმის ისეთ ნაწილებში შევიდნენ, სადაც ჩვეულებრივი საზოგადოებისთვის შესვლა ძნელია.

ეს ოფიციალური პირი ერთ-ერთია იმ ოთხიდან, ვისაც ოთხშაბათის ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და “ასოშიეიტედ პრესს” ანონიმურობის პირობით ესაუბრა, რადგან მიმდინარე გამოძიების შესახებ საჯაროდ მსჯელობის უფლება არ ჰქონდა.

კვირას, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დააკავა ტეხასელი ლარი რენდელ ბროკი და ტენესელი ერიკ გაველეკ მანჩელი, რომლებიც კაპიტოლიუმში პლასტმასის ხელბორკილებით შეიჭრნენ.

ვაშინგტონში ადამიანების დიდი მასის შეკრება სიურპრიზი არ იყო. ტრამპი თავის მომხრეებს მოუწოდებდა დედაქალაქში მოსულიყვნენ და ზოგიერთი სასტუმრო მთლიანად შეივსო. ამით საგანგაშო ნიშნები გაჩნდა, რადგან პანდემიის გამო ვაშინგტონის ტურიზმი ჩავარდნილი იყო. სხვადასხვა სამართალდამცავი სააგენტოები კვირების განმავლობაში აკვირდებოდნენ ფრენებზე ინფორმაციას, სოციალურ მედიას და ხალხის მასიურ თავშეყრას ელოდნენ.

ულტრა-მემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფის, “ამაყი ბიჭების” ლიდერი დააკავეს, როდესაც ქალაქში, ჯგუფის ლოგოთი მონიშნული, ვაზნის დიდი მოცულობის მჭიდეებით შემოდიოდა. მჭიდეები დატენილი არ იყო, მაგრამ ის თეთრ სახლთან გამართულ შეხვედრაზე დასწრებას გეგმავდა.

თუმცა, კაპიტოლიუმის პოლიციის ლიდერები სიტყვის თავისუფლების დემონსტრაციისთვის მოემზადნენ. კაპიტოლიუმის გარშემო ღობე არ აღმართეს და სიტუაციის გამწვავების შემთხვევისთვის, სათადარიგო გეგმები არ შეადგინეს.

დემოკრატმა კონგრესმენმა კოლორადოდან, ჯეისონ ქროუმ თქვა: არმიის მდივანმა რაიან მაკკართიმ კვირას კანონმდებლებს უთხრა, რომ თავდაცვის დეპარტამენტი და სამართალდამცავი ოფიციალური პირები ისეთივე პროტესტებისთვის მოემზადნენ, როგორიც ნოემბერში და დეკემბერში მოხდა. ისინი ემზადებოდნენ მცირე ძალადობრივი შემთხვევებისთვის, როგორიცაა დანით დაჭრები და მუშტებით ჩხუბი. მაკკართიმ ასევე თქვა, რომ როდესაც ბრბო კონგრესის ოფისებისკენ დაიძრა, სანდმა და ქალაქის მერმა მურიელ ბაუზერმა თავდაცვის დეპარტამენტისგან სასწრაფო გაძლიერება მოითხოვეს, მაგრამ “ქაოსის გამო ვერ ახსნეს, თუ როგორი რესურსები, რომელ ადგილებში იყო საჭირო”.

უოთერსმა სანდი ზუსტად ამ კითხვების გამო გააკრიტიკა, იმის შესახებ, რომ “ამაყი ბიჭები” და სხვა ჯგუფები მოდიოდნენ, რომ ისინი კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე არ უნდა დაეშვათ. პოლიციის უფროსი ირწმუნებოდა, რომ იცოდა, რასაც აკეთებდნენ. უოთერსმა თქვა: “ის მარწმუნებდა, რომ ყველაფერს აკონტროლებდა - იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ. ის ან არაკომპეტენტურია, ან იტყუება, ან ამაში მონაწილეობდა.”

ოფიციალური პირების თქმით, ასეთმა გადაწყვეტილებებმა კაპიტოლიუმის მცველი პოლიციელები სანადირო სატყუარად აქცია, რომლებსაც მითითებების ნაკლებობა ჰქონდათ და არ გააჩნდათ ერთიანი გეგმა, თუ არეულობაში მონაწილეთა შენობისკენ მიმართული ტალღა როგორ შეეკავებინათ.

არეულობის დროს დეპარტამენტის ლიდერები გაფანტულები იყვნენ. პოლიციის უფროსი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად უსაფრთხო ადგილზე იმყოფებოდა, დეპარტამენტის სხვა მაღალი თანამდებობის პირები, რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების ეროვნული კომიტეტების ახლომდებარე შტაბ-ბინებთან იყვნენ გაგზავნილი, სადაც ბომბები აღმოაჩინეს.

ალკოჰოლის, თამბაქოს, ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მასალების ბიუროს ვაშინგტონის განყოფილების ხელმძღვანელმა აშან ბენედიქტმა, რომელიც იმ დღეს ადგილზე იმყოფებოდა, თქვა, რომ არეულობის მონაწილეებს უფრო მეტი აღჭურვილობა ჰქონდათ და არც მის გამოყენებას არ ერიდებოდნენ.

პოლიციელებს აკრიტიკებდნენ მათი საქციელის გამო, როდესაც გამოჩნდა არეულობის მონაწილეების გადაღებული ვიდეოები, სადაც ჩანდა, რომ ზოგიერთი მათგანი “სელფისთვის” პოზიორობდა, მდუმარედ ეთანხმებოდა მყვირალა მომიტინგეებს გვერდზე გაწეულიყო, რათა მათ შენობაში შევარდნა შეძლებოდათ.

მაგრამ სხვა ვიდეოებში ჩანდა, რომ პოლიციელები წარუმატებლად ცდილობდნენ შენობაში ბრბოს შეჭრა არ დაეშვათ. ერთ-ერთ მძიმე ვიდეოში ჩანს დასისხლიანებული ქალაქის პოლიციელი, რომელიც დახმარებას ითხოვს იმ დროს, როდესაც კაპიტოლიუმის შენობის შიგნით, ბრბოს მიერ შექმნილ ჭყლეტაშია მოხვედრილი. ახალგაზრდა პოლიციელი სპეცრაზმის ფარსა და ლითონის კარს შორის არის მიჭყლეტილი, პირიდან სისხლი სდის, ტკივილისგან ტირის და ყვირის: “მიშველეთ!”

კიდევ ერთ ვიდეოში, მარტო მყოფი პოლიციელი ცდილობს დემონსტრანტების ბრბო შეაჩეროს, რომელიც ფოიეში შეჭრას ცდილობს, მაგრამ ეს არ გამოსდის.

არეულობის დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა და სულ ცოტა ათამდე დაშავდა. ოფიციალურმა პირებმა ოპერატიული დეტალების არგამხელის თვალსაზრისით, მორიგეობაზე მყოფი პოლიციელების რიცხვი არ დაასახელეს, მაგრამ დაადასტურეს, რომ მათი რიცხვი იმის მსგავსი იყო, როგორც ჩვეულებრივი პროტესტის დღეს, როდესაც კანონმდებლები შენობაში იმყოფებიან.

ოთხშაბათამდე, პოლიციის ოფიციალურმა პირებმა კანონმდებლებს საინფორმაციო თათბირი ჩაუტარეს და ამბობდნენ, რომ თეთრ სახლთან გამართულ აქციაზე, პროტესტის მონაწილეების დიდ რაოდენობას ელოდნენ, მაგრამ ერთ-ერთი რესპუბლიკელი კონგრესმენის თანაშემწის თქმით, არაფრით მიუნიშნებიათ, რომ ხალხის დიდი მასის კაპიტოლიუმის მიმართულებით დაძვრისთვის ემზადებოდნენ და მაინც, კანონმდებლებს ურჩიეს დაეგეგმათ მიწისქვეშა გვირაბების გამოყენება, რომლებიც კონგრესის ოფისების შენობებს კაპიტოლიუმთან აკავშირებს.

ბენედიქტი ბომბის აღმოჩენის ადგილზე იყო, როდესაც კაპიტოლიუმის პოლიციის კაპიტანმა შეატყობინა, რომ მისი პოლიციელები პოზიციებს კარგავდნენ. მან მაშინვე აამოქმედა მზადმყოფი საგანგებო ვითარების გუნდი და ვაშინგტონის ბიუროში მასთან მომუშავე ყველა აგენტის შეკრება დაიწყო.

14:40-ზე მათ კაპიტოლიუმის კომპლექსში შესვლა დაიწყეს. დერეფნები პროტესტის მონაწილეებით იყო სავსე.

საბოლოოდ, ფედერალურმა აგენტებმა კაპიტოლიუმის როტუნდის დაკავება შეძლეს.

“კაპიტოლიუმის კომპლექსიდან ადამიანების გამოყვანა დავიწყეთ და შემდეგ ყოველი ოთახი სათითაოდ დავიარეთ, რათა შემოჭრილი ადამიანები ამოგვეცნო”, თქვა ბენედიქტმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG