ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კაპიტოლიუმზე მიტანილი თავდასხმა, შესაძლოა, კოვიდ-19-ის სუპერ-გამავრცელებელი მოვლენა ყოფილიყო


ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები და სხვა მეცნიერები აცხადებენ, რომ კაპიტოლიუმის შენობაზე ოთხშაბათს განხორციელებული იერიში შეიძლება კოვიდ-19-ის სუპერ-გამავრცელებელი მოვლენაც ყოფილიყო.

ბრბოში, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა, ძირითადად, უნიღბო ადამიანები იყვნენ. როცა ისინი კანონმდებლების ოთახებში შედიოდნენ, ყვიროდნენ და არ იცავდნენ სოციალურ დისტანციას .

კალიფორნიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა ენ რიმოინმა „ნიუ-იორკ ტაიმსს“ უთხრა, რომ „როცა ადამიანები ყვირიან, კივიან, ერთად მღერიან - ვირუსს გავრცელების შესაძლებლობას აძლევენ და ეს ვირუსი ამ შესაძლებლობებით სარგებლობს.“

ჯონს ჰოპკინსის კორონავირუსის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის შედეგად ამერიკაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 4 085 ადამიანი გარდაიცვალა.

შეერთებული შტატების მთავარმა ინფექციონისტმა ენტონი ფაუჩიმ ხუთშაბათს ეროვნულ საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „იანვარში მდგომარეობა გაუარესდება.“ ამის გამომწვევ მიზეზად მან საახალწლო სეზონზე ადამიანების მოგზაურობა და ხალხმრავალი შეკრებები დაასახელა.

ფაუჩიმ ასევე განაცხადა, რომ ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად დრო ჯერ ისევ არის იმ შემთხვევაში, „თუ ამ პერიოდის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებს მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ. მაგრამ ამას სჭირდება ადამიანების მხრიდან ინტენსიური კონცენტრაცია იმ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების განსახორციელებლად, რომლებზეც ყოველთვის ვსაუბრობთ.“ ფაუჩის თქმით, ამაში შედის ნიღბების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხალხისთვის კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება.

ფაუჩმიმ იმედი გამოთქვა, რომ როცა არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პრეზიდენტის საქმიანობას შეუდგება, ის დადებულ პირობას შეასრულებს და დღეში ერთ მილიონი ადამიანის ვაქცინაციას უზრუნველყოფს.

შეერთებულ შტატებს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი კოვიდ-ინფიცირებული ჰყავს. მსოფლიოში დაავადებულ 88 მილიონ ადამიანს შორის, 21,5 მილიონი ამერიკაზე მოდის, რაც გლობალური მაჩვენებლის დაახლოებით ერთ მეოთხედია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG