ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორონავირუსის „ბრიტანულმა“ შტამმა საქართველომდე მიაღწია


კოვიდის "ბრიტანული" შტამით პირველი ინფიცირებული საქართველოში 50 წელს გადაცილებული მამაკაცია
კოვიდის "ბრიტანული" შტამით პირველი ინფიცირებული საქართველოში 50 წელს გადაცილებული მამაკაცია

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) დაადასტურა, რომ ქვეყანაში კოვიდ-19-ის ახალი „ბრიტანული შტამი“ გავრცელდა.

ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული მამაკაცია, მას საზღვარგარეთი მოგზაურობის ისტორია აქვს, საზღვრის გადმოკვეთის დროს უსიმპტომო იყო, კორონას დამახასიათებელი ნიშნები ერთი კვირის შემდეგ დაეწყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

NCDC-ის გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ეს ნიმუში კვლევისთვის, 2020 წლის დეკემბერში აიღეს და ინფიცირებულის ახლო კონტაქტებიც დადგენილია:

დეკემბრის თვეში აღებულ ნიმუშში, დადასტურდა ახალი „ბრიტანული“ შტამის S გენისათვის დამახასიათებელი მუტაცია, დაავადებულის კონტაქტები დადგენილია"
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი (NCDC)

„ლუგარის ლაბორატორიაში დამთავრდა მოძიებული ნიმუშების გენეტიკური ანალიზი კორონავირუსის ახალი „ბრიტანული“ შტამის ქვეყანაში არსებობის დასადგენად.

სულ კვლევაში იყო 3 საეჭვო შემთხვევა. 2 შემთხვევაში ამ შტამის არსებობა არ დადგინდა. ხოლო ერთში, დეკემბრის თვეში აღებულ ნიმუშში, დადასტურდა ახალი „ბრიტანული“ შტამის S გენისათვის დამახასიათებელი მუტაცია.

დაავადებულის კონტაქტები დადგენილია. მოძიებულია ერთ-ერთი კონტაქტის დადებითი ნიმუშიც, რომელიც საქართველოში შემოვიდა სხვა ქვეყნიდან და უკვე დაბრუნდა იმავე ქვეყანაში. ტარდება მისი ნიმუშის სექვენირებაც“ - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

ახალი კორონავირუსის ახალი შტამი 2020 წლის შემოდგომაზე, დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, მისი აქტიური გავრცელება კი დეკემბერში დაიწყო და ამ დროისთვის, მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში დადასტურდა.

ეპიდემიოლოგიები არ გამორიცხავენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი გაცილებით მეტ ქვეყანაში იყოს გავრცელებული, მაგრამ, მის აღმოსაჩენად შესაბამისი ლაბორატორია ბევრ ქვეყანას არ აქვს, მაგალითად, მოლდოვის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი შტამის აღმოსაჩენად, იძულებულები არიან ნიმუშები დანიის კერძო ლაბორატორიებში გააგზავნონ.

ამ დროისთვის, პოსტსაბჭოთა სივრციდან, ვირუსის ახალი შტამის გავრცელება, ჯერჯერობით, მხოლოდ საქართველომ დაადასტურა. ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ახალი შტამი თურქეთშიც გავრცელდა. იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რითი გამოირჩევა ახალი კორონავირუსის ახალი „ბრიტანულ“ შტამი:

ვირუსის ეს ცვალებადობა ქმნის იმის დიდ რისკს, რომ ადამიანიდან ადამიანზე გაცილებით სწრაფად გადავიდეს. მეორეს მხრივ, მტკიცებულება ან მინიშნება, რომ ამ მუტაციით ვირუსი უფრო დამძიმდა ან ვაქცინაცია არ იმუშავებს ან რეინფიცირების რიცხვი გაიზრდება, ჯერჯერობით, საბედნიეროდ არ არსებობს“
ბიძინა კულუმბეგოვი, იმუნოლოგი


„ნებისმიერი ვირუსისთვის მუტაციური ცვალებადობა დამახასიათებელია და Covid-19-იც ვერ იქნებოდა გამონაკლისი. პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის ამ კონკრეტულმა სახეობამ, თითქმის 1000-მდე სხვადასხვა, მუტაციური ცვლილება განიცადა.

რაც შეეხება ახალ „ბრიტანულ“ შტამს, რომელსაც მთელ მსოფლიოში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, შეიძლება ითქვას, რომ ვირუსის ამ ცვალებადობამ ერთად რამოდენიმე მუტაციური სახეობა მოიკრიბა.

სულ 22-მდე მუტაციაზეა საუბარი, განსაკუთრებით კი ვირუსის ამ კონტრეტულ შტამში მუტაცია განიცადა, იმ ნაწილმა, რომელსაც პაიკის ცილა ეწოდება. ეს არის ცილა, რომლითაც იგი მასპინძლის ორგანიზმს ეჭიდება ანუ ამ ცილის მეშვეობით შედის ადამიანის ორგანიზმში.

ეს ცვალებადობა ქმნის იმის დიდ რისკს, რომ ადამიანიდან ადამიანზე ვირუსი გაცილებით სწრაფად გადავიდეს. მეორეს მხრივ, ჯერჯერობით, არ არსებობს მტკიცებულება ან მინიშნება, რომ ამ მუტაციით ვირუსი უფრო დამძიმდა, ან ვაქცინაცია არ იმუშავებს, ან რეინფიცირების რიცხვი გაიზრდება“ - ამბობს იმუნოლოგი კულუმბეგოვი.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 229763 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 222405 გამოჯანმრთელდა, 2628 კი გარდაიცვალა, კარანტინში 386 ადამიანია, სტაციონარში - 4029, კოვიდსასტუმროებში 840. კლინიკებში 500-მდე მძიმე პაციენტი რჩება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG