ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოსტი ტრამპის ადმინისტრაციის კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა


ბეტსი დევოსი, განათლების მდივანი

ხუთშაბათს, განათლების მდივანი ბეტსი დევოსი და ტრანსპორტის მდივანი ელეინ ჩაოც შეუერთდნენ მათ რიგებს, ვინც ფედერალურ მთავრობაში პოსტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქმედებების გამო, დემონსტრატიულად დატოვა. სახელმწიფო მოხელეების მზარდი რიცხვი პროტესტს უცხადებს პრეზიდენტის მიერ 3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ გატარებულ პოლიტიკას, რაც 6 იანვარს კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერ მომიტინგეთა შეჭრით დასრულდა.

კონგრესში ამ დროს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცების ფორმალური პროცესი მიმდინარეობდა. დემონსტრაციის მონაწილეებმა დაახლოებით დღის 2 საათისთვის სხდომის ჩაშლა მოახერხეს. პოლიციას ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის და კანონმდებლების ევაკუაცია მოუწია. კონგრესის გაერთიანებული სხდომა მოგვიანებით განახლდა და პენსის თავმჯდომარეობით, 7 იანვრის დილით, არჩევნებზე დემოკრატ ჯო ბაიდენის გამარჯვება დამტკიცდა. მომხდარში არიან დაშავებულები და დაიღუპა 5 ადამიანი, რომელთა შორის ერთი პოლიციელია.

ელეინ ჩაო სენატის რესპუბლიკელთა ლიდერის, სენატორ მიტჩ მაკკონელის ცოლია. თანამშრომლებისადმი მიწერილ გამოსამშვიდობებელ წერილში ის ამბობს, რომ კონგრესის შენობის შტურმის გამო "ღრმად არის შეშფოთებული" და რომ მისთვის, მომხდარის "რეაგირების გარეშე დატოვება უბრალოდ შეუძლებელია". ჩაო პოსტს ოფიციალურად ორშაბათს დატოვებს.

ტრანსპორტის მდივანი - ელეინ ჩაო
ტრანსპორტის მდივანი - ელეინ ჩაო

ელეინ ჩაო რესპულიკელი პრეზიდენტების ადმინისტრაციების გამოცდილი ლიდერია. ის ნამუშევარია შრომის დეპარტამენტის მდივნად, ტრანსპორტის მდივნის მოადგილედ და ბოლოს, 4 წლის მანძილზე ამ უკანასკნელს ხელმძღვანელობდა.

განათლების მდივანმა ბეტსი დევოსმა თანამდებობიდან გადადგომამდე პრეზიდენტ ტრამპს წერილი მიწერა. დევოსის თქმით, კაპიტოლიუმზე მიტანილი იერიში წარმოუდგენელი რამაა. "შეუცდომლად შეიძლება საუბარი გავლენაზე, რომელიც სიტუაციაზე თქვენს რიტორიკას ჰქონდა, და ეს ჩემთვის გარდატეხის მომენტი გახდა". დევოსის გადადგომა ძალაში დღეს შედის.

განათლების მდივანი - ბეტსი დევოსი
განათლების მდივანი - ბეტსი დევოსი

ვაშინგტონში საზეიმო ინაუგურაციამდე და პრეზიდენტის ძალაუფლების გადაბარებამდე სულ ორი კვირაა დარჩენილი. ბევრ თანამდებობის პირს ახალი ადმინისტრაცია ისედაც გამოცვლიდა და ამიტომ მათ მიერ პოსტის დატოვება ძირითადად სიმბოლურ ხასიათს ატარებს.

თუმცა, მოქმედი პრეზიდენტის თანამშრომლები მაინც უარს ამბობენ ტრამპის გუნდში დარჩენაზე და ვაშინგტონში მომხდარის შემდეგ, მის გუნდში მუშაობის გაგრძელებაზე. ტრამპის ყოფილი ერთგული მხარდამჭერები დედაქალაქში მომხდარ ძალადობრივ ქაოსში, პრეზიდენტს ადანაშაულებენ, რომელიც თავის მომხრეებს 6 იანვრის ჩათვლით აქეზებდა და არჩევნებში დამარცხებას ბოლომდე არ აღიარებდა.

პოსტი დატოვა თეთრი სახლის აპარატის ყოფილმა უფროსმა, ახლა კი აშშ-ის ელჩმა ჩრდილოეთ ირლანდიაში - მიკ მალვენიმ. გადადგა ჯონ კოსტელო - ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე. "გუშინდელი მოვლენები ჩვენი დემოკრატიის ფუნდამენტზე მიტანილი უპრეცედენტო იერიშია, რომლის პროვოცირება მოქმედმა პრეზიდენტმა გამოიწვია" - დაწერა მან ტვიტერზე. ასევე გადადგნენ თეთრი სახლის ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თეთრი სახლის სოციალური მედიის უფროსი და მელანია ტრამპის აპარატის უფროსი.

პოსტი ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა რამდენიმე წამყვანმა ფიგურამაც დატოვა. თეთრი სახლი კომენტარს არ აკეთებს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილის - მეტ პოტინგერის გადადგომის თაობაზე, რომელიც ჩინეთთან პოლიტიკის მიმართულებაში თეთრი სახლის მთავარი ფიგურაა. ის პოსტიდან ოთხშაბათსვე გადადგა.

სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, პოტინგერის შემდეგ, ხუთშაბათს თანამდებობები დატოვა სულ ცოტა, ხუთმა დირექტორმა. ისინი თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში მუშაობდნენ და პრეზიდენტის მთავარი მრჩევლები იყვნენ რუსეთის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, თავდაცვის პოლიტიკის და მასობრივი განადგურების იარაღის მიმართულებებში.

ხუთშაბათს, პრეზიდენტმა ტრამპმა ბოლოს და ბოლოს გააცნობიერა, რომ თეთრ სახლს არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაიკავებს და თქვა, რომ ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანად მოხდება. თეთრმა სახლმა პოსტების დატოვების მზარდი რაოდენობის ფონზე, 4 ათასზე მეტ პოლიტიკური თანამდებობის პირს ელექტრონული წერილით შეატყობინა, რომ გადადგომის წერილები წარმოადგინონ. ასეთი რამ წესით, კვირებით ადრე უნდა მომხდარიყო, მაგრამ სავარაუდოდ, პრეზიდენტ ტრამპის მიერ დამარცხების არაღიარების გამო, აქამდე ფერხდებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG