ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე არჩევნების შედეგების სერტიფიცირება გაგრძელდა


ვაშინგტონში განვითარებული დრამატული მოვლენების მიუხედავად, დღეს, საღამოს 8 საათზე, შეერთებული შტატების კონგრესმა მუშაობა კვლავ გააგრძელა. წარმომადგენელთა პალატის და სენატის გაერთიანებულ სესიას ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი უძღვება.

სხდომა დაახლოებით დღის 2 საათზე შეწყდა, როცა კონგრესში პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერი ულტრა-მემარჯვენე მომიტინგეები შეიჭრნენ. შენობა ვანდალიზებულია, პოლიციასთან მომხდარი დაპირისპირების გამო, არის მსხვერპლიც. დაკავებულია ათეულობით წესრიგის დამრღვევი. მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა ერთი ქალი.

შექმნილი არეულობის გამო, პოლიციას შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის და კანონმდებლების ევაკუაცია მოუწია. ვაშინგტონში მობილიზებულია ეროვნული გვარდია. დედაქალაქის მერმა საღამოს 6 საათიდან დილის 6 საათამდე შინიდან გაუსვლელობის ბრძანება გასცა.

კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებულ სესიაზე, ამ წუთებში ისევ მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სერტიფიცირების პროცესი. სავარაუდოდ, განხილვა რამდენიმე საათი გაგრძელდება.

საპროტესტო აქციის მონაწილეები კონგრესთან პრეზიდენტ ტრამპის მოწოდების შემდეგ შეიკრიბნენ, რომელიც არჩევნების შედეგებს კვლავ არ აღიარებს. "ჩვენ არასოდეს დავნებდებით" - უთხრა კონგრესთან შეკრებილ ათასობით დემონსტრანტს პრეზიდენტმა ტრამპმა. "დამარცხებას არასდროს ვაღიარებთ. ეს არ მოხდება" - აცხადებს ის.

თუმცა, მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მისი მხარდამჭერები კონგრესში შეიჭრნენ, პრეზიდენტმა მათ დამშვიდებისკენ და შინ მშვიდობით დაბრუნებისკენ მოუწოდა. „მე ვთხოვ ყველას ამერიკის დედაქალაქში, დარჩეს მშვიდობიან რეჟიმში. არა ძალადობას! გახსოვდეთ, ჩვენ ვართ კანონისა და წესრიგის პარტია - პატივი ეცით კანონს და ჩვენს დიდებულ პოლიციელებს, ქალებსა და მამაკაცებს. გმადლობთ!“- დაწერა პრეზიდენტმა ტრამპმა "ტვიტერზე".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG