ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპი მომიტინგეებს: "მშვიდობით წადით სახლებში"


დონალდ ტრამპმა სულ რამდენიმე წუთის წინ "ტვიტერზე" ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც მომიტინგეებს მშვიდობიანად დაშლისკენ მოუწოდებს, თუმცა იქვე დასძენს, რომ ესმის მათი "ტკივილი" და მათი გრძნობები. ტრამპი კვლავ ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა.

დონალდ ტრამპის მხარდამჭერები, რომლებიც არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვებას არალეგიტიმურად მიიჩნევენ, კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. არჩევნების შედეგების სერტიფიცირება შეწყდა და კანონმდებელთა და მედიის წარმომადგენელთა შენობიდან ევაკუაცია გახდა საჭირო.

„მე მესმის თქვენი ტკივილის, ჩვენ გვქონდა არჩევნები, რომელიც ჩვენ მოგვპარეს. ეს ყველამ იცის, განსაკუთრებით მეორე მხარემ, მაგრამ ახლა სახლში უნდა წახვიდეთ. ჩვენ მშვიდობა უნდა გვქონდეს, უნდა გვქონდეს კანონი და წესრიგი, და პატივი ვცეთ დიდებულ სამართალდამცავებს. არ გვინდა ვინმე დაშავდეს. ეს ძალიან რთულია, ასეთი დრო არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არასდროს მომხდარა, რომ ყველა ჩვენგანისგან, ქვეყნისგან მოეპარათ... [არჩევნები] ეს იყო გაყალბებული არჩევნები. მაგრამ ამ ხალხის სასიკეთოდ ვერ ვიმოქმედებთ. ასე რომ, წადით სახლში, ჩვენ თქვენ გვიყვარხართ, თქვენ განსაკუთრებულნი ხართ. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება, როგორ ექცევიან სხვებს... ისე ცუდად და ისე ბოროტად... მესმის, რას გრძნობთ, მაგრამ წადით სახლში და წადით მშვიდობით“, - ამბობს პრეზიდენტი ვიდეო-მიმართვაში.

თუმცა, დონალდ ტრამპი დღეს ამ დემონსტრანტების წინაშე სიტყვითაც გამოვიდა და თქვა, რომ "არასდროს დანებდება". მან დღეს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსიც გააკრიტიკა, რომელიც კონსტიტუციის შესაბამისად, კონგრესის იმ გაერთიანებულ სხდომას ხელმძღვანელობდა, რომელსაც საარჩევნო კოლეგიის ხმები ოფიციალურად უნდა დაემტკიცებინა. ეს ინაუგურაციამდე, საარჩევნო პროცესში, ბოლო საკანონმდებლო, თუმცა მეტწილად ფორმალური პროცედურაა. რესპუბლიკელ სენატორთა და კონგრესმენთა ნაწილმა შედეგები სხდომათა დარბაზშიც გააპროტესტა.

"ამერიკის ხმის" რეპორტაჟი ვაშინგტონიდან ლაივ-რეჟიმში:

მოგვიანებით, დემონსტრანტების მიერ კონგრესში შეჭრის მცდელობის დაწყების შემდეგ, კანონმდებელთა და მედიის წარმომადგენელთა ევაკუაცია მოხდა. შემდეგ კი რესპუბლიკელ კანონმდებელთა ნაწილი დედაქალაქში მიმდინარე პროცესებს ონლაინ-სივრცეში ან მედიაში გაკეთებული კომენტარებით გამოეხმაურა.

კაპიტოლიუმის შტურმით აღება დაგმო რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა, მან ამას „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა“ უწოდა. მან დონალდ ტრამპის „ტვიტებიც“ გააზიარა და დაწერა, რომ ის „უკვე დამთავრებულია“, მისი მემკვიდრეობა კი „კატასტროფული“ იქნება.

ლინდსი გრემი, რესპუბლიკელი სენატორი და დონალდ ტრამპის ერთგული მხარდამჭერი „ტვიტერზე“ წერს, რომ არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიმართვას ეთანხმება.

„დროა, დავიბრუნოთ კაპიტოლიუმი, დავასრულოთ ძალადობა და შევწყვიტოთ ეს სიგიჟე. განვაგრძოთ ჩვენი ქვეყნის მართვა. ჩვენ შორის განსხვავებები რეალურია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მიმართ სიყვარული ჩვენს განსხვავებებს გადაფარავს“, - დაწერა ლინდსი გრემმა.

მანამდე მან ისიც თქვა, რომ იმ ადამიანების ვინაობა, რომლებმაც ამერიკის მთავრობაზე მიიტანეს იერიში, უნდა დადგინდეს და კანონის სრული სიმკარით დაისაჯონ. „მათი ქმედებები ამაზრზენია და დემოკრატიისთვის შეუსაბამო“.

მოვლენები ტელეკომპანია CBSN – ეთერში შეაფასა წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის რესპუბლიკელმა ლიდერმა, კევინ მკართიმაც. „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში მან თქვა, რომ ის,რ ასაც ახლა მთელი ქვეყანა უყურებს, „არაამერიკულია და უნდა შეწყდეს“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG