ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

YouTube-მა პრეზიდენტ ტრამპის ანგარიში ერთი კვირით შეზღუდა და ძალადობის წამახალისებელი ვიდეო მოხსნა


YouTube-მა მინიმუმ ერთი კვირით შეაჩერა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის არხის მუშაობა.

ვიდეოსერვისის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ახლახან პრეზიდენტის არხზე გამოქვეყნებულმა ვიდეომ „ძალადობის პროვოცირება“ მოახდინა და ის წაშალეს. ვიდეო პლატფორმა არ აზუსტებს, თუ რომელი ვიდეო გახდა ტრამპის არხის დაბლოკვის მიზეზი.

არხის ადმინისტრატორებს ერთი კვირით ეკრძალებათ მასზე ახალი ვიდეორგოლების გამოქვეყნება და პირდაპირი ტრანსლაციების წარმოება. არხზე, რომელსაც 2,77 მილიონი ხელმომწერი ჰყავს, შენარჩუნებულია წვდომა უკვე გამოქვეყნებულ ვიდეოებზე, მაგრამ მათ ქვეშ არ შეიძლება კომენტარების დატოვება.

YouTube-ი ერთადერთი მსხვილი პლატფორმა იყო, რომელსაც არ ჰქონდა დაბლოკილი ტრამპის ანგარიში. პრეზიდენტის ანგარიშები გაყინეს "ფეისბუქმა," და "ინსტაგრამმა," "ტვიტერმა" კი სამუდამოდ დაბლოკა ტრამპის გვერდი, რომელსაც 88 მილიონი ხელმომწერი ჰყავდა.

"ტვიტერის" განცხადებით, ტრამპის გზავნილებმა შესაძლოა, ირიბად მაინც, ხელი შეუწყო ძალადობის ესკალაციას. გადაწყვეტილებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია აშშ-სა და საზღვარგარეთ. კერძოდ, გერმანიისა და საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა „პრობლემურად“ მიიჩნიეს სოციალური ქსელის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება და განაცხადეს, რომ კერძო ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელობებს გადაჭარბებულად დიდი გავლენა აქვთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე.

ტრამპის ანგარიშები დაბლოკეს 6 იანვრის მოვლენების შემდეგ, როცა ვაშინგტონში მისი ასობით მომხრე შეიჭრა კაპიტოლიუმის შენობაში და შეეცადა ჩაეშალა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცება. არჩევნებში დემოკრატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG