ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს


ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ცოტა ხნის წინ, ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. საელჩოს განცხადებაში წერია, რომ ის,რაც კაპიტოლიუმის შენობაში მოხდა იყო კატეგორიულად მიუღებელი.

"ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში შეჭრა შოკისმომგვრელი იყო, პასუხისმგებელი პირების ძალადობრივი ქმედებები კი - სრულიად მიუღებელი. როგორც სახელმწიფო მდივანმა პომპეომ განაცხადა, უკანონობა და საზოგადოებრივი არეულობა ყოველთვის მიუღებელია. ჩვენი დემოკრატიული პროცესის მსგავსი გამოცდები შეახსენებს მსოფლიოს, რომ დემოკრატია არ უნდა იყოს აღქმული, როგორც ნაბოძები; მას სჭირდება სიფხიზლე, მძიმე შრომა და თითოეული მოქალაქის მიერ მოფრთხილება. ამერიკის ინსტიტუტები მყარად დადგა, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძლიერი ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება სტაბილური და მოქმედი დემოკრატიის საფუძველია. წესრიგი აღდგა, აშშ-ის კონგრესმა ამერიკელი ხალხის სახელით კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და პრეზიდენტად არჩეული ბაიდენის გამარჯვება დაამოწმა. თითქმის 250 წელია, ამერიკელები იღწვიან „უფრო სრულყოფილი ქვეყნის" შესაქმნელად, რომელიც დაფუძნებულია პატივისცემაზე, ტოლერანტობასა და კანონის უზენაესობაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ამ მიზნის მისაღწევად შრომა არასოდეს დამთავრდება", წერია გნაცხადებაში.

განცხადების ბოლოს, საელჩო მადლობას უხდის ქართველებს, რომლებმაც საკუთარი მხარდაჭერა გამოხატეს: "გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ქართველ მეგობრებს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან მათი მხარდაჭერისთვის. 2021 წელს მოუთმენლად ველით აშშ-საქართველოს დადებით, წარმატებულ სტრატეგიულ პარტნიორობას."

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, კაპიტოლიუმის შენობაში, ოთხშაბათს, პრეზიდენტ ტრამპის მომხრეები შეიჭრნენ და შენობა აიღეს. დაამტვრიეს სახელმწიფო ქონება და გაძარცვეს ადგილი, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის სიმბოლოდაა მიჩნეული. დემონსტრანტები კონგრესის მიერ არჩევნების შედეგების სერტიფიცირებას და ბაიდენი-ჰარისის გამარჯვებულად გამოცხადებას აპროტესტებდნენ.

ოთხშაბათის ინცინდენტის შემდეგ, გარდაიცვალა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი, პოლიციელი. დაკავებულია 50-ზე მეტი ადამიანი. ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა ოთხშაბათ ღამესვე გამოცხადდა და მერის გადაწყვეტილებით ეს რეჟიმი ინაუგურაციამდე გაგრძელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG