ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"უთავმოყვარეო" - IRI-ის კვლევის შედეგებს ხმაურიანი განცხადებები მოჰყვა


ამერიკის შეერთებული შტეტების საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მორიგი კვლევის შედეგებს საქართველოში კვლავ სკანდალური და ხმამაღალი განცხადებები მოჰყვა "ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან. წლებია, ეს ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა, როდესაც მაღალი თანამდებობის პირები ამერიკული ორგანიზაციების კვლევის შედეგებს აკრიტიკებენ და მათ მიმართ უნდობლობას იჩენენ.

დღეს გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს, სადაც პარტია "ქართულ ოცნებას" ამომრჩეველთა 36% უჭერს მხარს, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის გაღიზიანება მოჰყვა. ირაკლი კობახიძემ ამერიკული ინსტიტუტი "უთავმოყვარეო" ორგანიზაციად მოიხსენია.

"მე არ ვიცი IRI- ის და NDI - ის კვლევები, მე ვიცი CRRC- ის და IPM- ის კვლევები, რომლებიც არა მარტო რეალობას არის აცდენილი, არამედ ერთმანეთთან არის აცდენილი. როცა ერთი კომპანია გიდებს 27 პროცენტს და მეორე 60%- ს და ამხელა სხვაობაა ერთმანეთში, იქ ბუნებრივია, ციფრები ყველაფერზე მეტყველებს. CRRC და IPM არ არის ის ორგანიზაცია, რომლებიც ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორებს მიაწვდის სწორ ინფორმაციას.

როცა რომელიმე კვლევითი ორგანიზაცია აცხადებს იმას, რომ 27 პროცენტზე მეტისგან ვერ გაიგო, ვის უჭერს მხარს, ასეთი ორგანიზაცია შეიძლება ჩაითვალოს პირდაპირ უთავმოყვარეოდ, ძალიან მარტივად. კვლევებში კარგად ვერკვევი და ასეთი ორგანიზაცია შეიძლება შეფასდეს უთავმოყვარეოდ. სამწუხაროდ, ასეთი ორგანიზაციები აწვდიან ინფორმაციას ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორებს,"- ამბობს საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის თანახმად, კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა უმრავლესობა, 36% მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას.

„ქართული ოცნება“ – 36%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 15%;

„ევროპული საქართველო“ – 4%;

„პატრიოტთა ალიანსი“ – 3%;

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4%;

„ლეიბორისტული პარტია“ – 3%;

„სამოქალაქო მოძრაობა“ – 2%;

„ლელო საქართველოსთვის“ – 2%;

„გირჩი“ – 2%;

ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობაა“ – 1%;

სხვა - 2%;

არცერთი - 3%;

არ ვიცი/უარი პასუხზე - 23%.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ცდომილება კვლევაში +/- 2.5 პროცენტს არ აღემატება.

ამავე კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მონაწილეობის მიღებას ფიქრობს გამოკითხულთა 90%. სწორედ მათ მიერ დაფიქსირებული აზრის მიხედვით მოხდა კვლევის შედეგების დაანგარიშება.

IRI უფრო დეტალურ მონაცემებს აქვეყნებს. ანგარიშში წერია, რომ 74% დიდი ალბათობით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. 16% კი ამბობს, რომ სავარაუდოდ წავა ხმის მისაცემად.

კვლევის ავტორები დაინტერესდნენ, თუ რომელ ტელეარხს ენდობა ყველაზე მეტად საქართველოს მოსახლეობა. გამოკითხულთა 40% ტელეკომპანია იმედს ასახელებს, მთავარ არხს 16% ხოლო ტელეკომპანია რუსთავი 2-ს უყურებს და ენდობა 11%. კვლევაში ტელეკომპანია პირველს 5% აქვს. დანარჩენი არხების მაჩვენებლები 1%-ს არ აღემატება.

ამერიკული ორგანიზაციის კვლევის შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კიდევ ერთი მაღალი თანამდებობის პირი სახელისუფლებო პარტიიდან მამუკა მდინარაძე.

"კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რამდენ პროცენტს მიიღებდა "ქართული ოცნება" ან "ევროპული საქართველო" ან "ლელო" ან "ნაცმოძრაობა", ვინმეს პასუხი გაქვთ, მათი ამ შემთხვევაში CRRC ან IPM- ის კვლევებიდან გამომდინარე, ვინც ჩაატარა საველე სამუშაოები? - არ გაქვთ ხომ? ჩვენ მაქსიმუმ შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმ კვლევების რელევატურობაზე, სადაც პასუხი არის, მაგალითად "გორბმა" ჩაატარა კვლევა, სადაც მინიმუმ 56 პროცენტს მიიღებს "ქართული ოცნება" დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 4 პროცენტი დარჩა გადაუნაწილებელი და ალბათ რაღაც არგუმენტები ჰქონდა, რომ 4 პროცენტის შეწონვა, ალოკაცია არ გააკეთა. „რუსთავი 2“- ის კვლევამაც 56 პროცენტამდე დადო და თქვეს, რომ ეს არის საარჩევნო პროგნოზი, ეს არის სოციოლოგის საქმე. ახლა ვხედავთ, რომ CRRC ან IPM ატარებენ კვლევებს და შემდეგ ამას აქვეყნებენ სამწუხაროდ NDI და IRI და ვხედავთ რაღაც ციფრებს, სადაც თქვენც კი არ გაქვთ პასუხი, რა შედეგი დადო ამ ხალხმა. იცით რატომ? - ნახევრადფაბრიკატია. ერთ შემთხვევაში გაიპარა, რომ მოსახლეობის 56 პროცენტი თვლის, რომ არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და სამართლიანად, ეს რას ნიშნავს, ალბათ ხვდებით. IPM- ის ჩატარებულ კვლევაში კიდევ ერთი მონაცემი გაიპარა, რომ ასევე 56 პროცენტს მიაჩნია, რომ საპარლამენტო პოზიციაში მოხვედრის ალტერნატივა არ არსებობს სხვა პარტიების მხრიდან, ანუ "ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევნებში ალტერნატივა არ ჰყავს. თუ ამას მიიჩნევს საქართველოს 56 პროცენტი, მაშინ ეს ალოკაციის გარეშე ციფრები რა საჭიროა? რაში სჭირდება ხალხს რაღაც ციფრები, რომელიც არის ნახევარფაბრიკატი? "- ამბობს მდინარაძე.

IRI-ის კვლევის შესახებ განცხადება გაკეთდა "ევროპულ საქართველოში", სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა იზრდება.

„IRI-ის კვლევაში ისევე როგორც ბოლოს გამოქვეყნებულ სხვა კვლევებში, ჩანს ერთი რამ, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი მიდის ქვემოთ, ჯამური ოპოზიციური რეიტინგი მიდის ზემოთ, მოსახლეობის ნახევარზე მეტი თვლის, რომ ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით ან დგას ერთ ადგილზე, რაც ასევე ცუდია მთავრობისთვის და ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს არჩევნებზე წასვლას. ეს კომბინაცია არის კარგი მეტყველი იმ დამოკიდებულების, რაც არის საზოგადოებაში, ანუ საზოგადოებაში არის ჩამოყალიბებული მზაობა ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და ამიტომ ამ კვლევაში სწორედ ეს არის აღნიშნული. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ მიდგომა, რომ ყველაფერი კარგადაა, არაფერი არ უნდა შეიცვალოს და ყველა არის ბედნიერი, არის არასწორი და ამ კვლევებში სწორედ ეს ჩანს“, -ამბობს სერგი კაპანაძე "ევროპული საქართველოდან".

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ რესურსი გადაუწყვეტელ ამომრჩეველშიცაა რადგან მათ არ სურთ, თავიანთი ბედი "ოცნებას" ანდონ. "ამ ამომრჩეველს უნდა სწორედ ხელისუფლების შეცვლა და ეს გამოჩნდება 31 ოქტომბერს" - ამბობს თინა ბოკუჩავა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, 4-21 აგვისტოს ჩატარდა და 18+ ასაკის 1500 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება +- 2.5%-ია.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG