ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

9 წელი პრეზიდენტად, 7 წელი დევნილობაში - სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობას გეგმავს


ორი ვადით პრეზიდენტობის და 7-წლიანი დევნის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრობა სურს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრობის ოფიციალურ კანდიდატად დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე დაასახელა, თავად კანდიდატს დასახელების შემდეგ მედიასთან არ უსაუბრია.

''იმისთვის, რომ ამ გადაწყვეტილების სწორად გაანალიზება მოხდეს და ამ გადაწყვეტილების მთელი მნიშვნელობა გავიგოთ, უნდა გავიხსენოთ, რა სახელმწიფო ჩაიბარა 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა. ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოზე, რომლისგანაც არაფერი აღარ იყო დარჩენილი, სატელეფონო კოდის და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა. მიხეილ სააკაშვილის რესურსის გამოყენება ჩვენი სახელმწიფოსთვის აბსოლუტურად აუცილებელია,"- თქვა გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ გვერდზე ვრცელი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის კიდევ ერთხელ მიმართავდა საქართველოს მოქალაქეებს და ამბობდა, რომ ქვეყანაში დაბრუნებას გეგმავდა.

სააკაშვილს არ დაუკონკრეტებია, როდის აპირებს ის საქართველოში ჩასვლას, თუმცა პარტია "ნაციონალურ მოძრაობაში" თქვეს, რომ მესამე პრეზიდენტი ამის შესახებ განცხადებას თავად გააკეთებდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების შესახებ საუბრობს.

მან ქართველებს არაერთხელ უთხრა, რომ საქართველოში ბრუნდებოდა, რამდენჯერმე სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან, ერთხელ კი მიმართვა საპარლამენტო არჩევნების წინ, თურქეთში, შავი ზღვის სანაპიროდან გაავრცელა.

„მიხეილ სააკაშვილის ღიად ჩართვა საარჩევნო კამპანიაში ნიშნავს კიდევ უფრო მეტი რესურსისა და ენერგიის მობილიზებას ოპოზიციურ ფლანგზე, სწორედ ამიტომ არიან გაღიზიანებულები „ქართული ოცნების" ხელმძღვანელობა და მათი აგრესიული, ცინიკური, შეშინებული და სასაცილო კომენტარები მეტყველებს იმაზე, რომ ეს მათთვის ძალიან მოულოდნელი იყო,"- თქვა პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრმა და დეპუტატმა რომან გოცირიძემ.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ის საქართველოში დაბრუნდება, ქართული ოცნება ეხმაურება. მმართველ გუნდში საქართველოს მესამე პრეზიდენტს ახსენებენ, რომ მას საქართველოში ბრალი აქვს წარდგენილი და ჩასვლისთანავე დააკავებენ.

დღეს, ნაციონალური მოძრაობის მიერ მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების შემდეგ, კომენტარი საქართველოს მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააკეთა. პრემიერმა თქვა, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაივლის.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მობრძანდეს. ვერავინ და ვერაფერი საარჩევნო პროცესის ნორმალურ, მშვიდ გარემოში ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს,"- თქვა საქართველოს მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერები გამოეხმაურნენ. განცხადება გააკეთეს "ევროპულ საქართველოშიც".

„ივანიშვილის პროპაგანდას ჯერ ერთი სათამაშო ჰქონდა - დაბრუნების საკითხი, სააკაშვილი დაბრუნდება, რომ დაბრუნდება, რას უზამენ, მთელი ეს არანორმალური კონტექსტი, ჩვენი ქვეყნისთვის და მომავლისთვის არაფრისმომცემი. მისი პრემიერობის საკითხი ახლა ხელახლა იქნება. „ევროპული საქართველოს“ პოზიცია არის ძალიან მკაფიო. ივანიშვილს და მის გარემოცვას დღევანდელი ვითარების, ამ ჩიხის, კატასტროფის შენარჩუნება სურს, იმისთვის, რომ ჰქონდეს სრული ძალაუფლება და ფეხებზე ეკიდოს მოქალაქეების აზრი. ჩვენი, მთელი ქვეყნის ეროვნული ამოცანაა, ამის შეცვლა,"- თქვა დღეს გიგა ბოკერიამ.

ამავე თემაზე ისაუბრა დღეს ნინო ბურჯანაძემაც. მას არ სჯერა, რომ მესამე პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნდება.

ვადასტურებ, რომ მიხეილ სააკაშვილს უდაოდ ჰყავს საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი, მაგრამ გაცილებით მეტი ადამიანია, ვისაც ყოფილი პრეზიდენტის მომავალ ხელისუფლებაში დაბრუნება არ სურს. მას შეუძლია სამშობლოში დაბრუნდეს, ამას ვერავინ აუკრძალავს, თუმცა ასეთ შემთხვევაში სააკაშვილი მზად უნდა იყოს იმ გამოცდისთვის, რაც საქართველოში დაბრუნრებისას ელოდება. არ გავამახვილებ ყურადღებას სააკაშვილის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე და არც მოქალაქეობის არ ქონაზე, მხოლოდ პოლიტიკურ მხარეს შევეხები და მკაფიოდ ვაცხადებ, რომ მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელება მხოლოდ პოლარიზებას შეუწყობს ხელს. თუმცა, მე თითქმის გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდეს და მით-უმეტეს, ის დაბრუნდეს ხელისუფლებაში,"- თქვა დღეს ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

სააკაშვილის შესახებ დღეს ქართული ოცნებიდან წამოსულმა ეკა ბესელიამაც ისაუბრა. ის ამბობს, რომ სააკაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

“გვაქვს ნანახი პერიოდი, როდესაც სააკაშვილი ქვეყნის პირველი პირი იყო, ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება პოლიტიკური კონსენსუსის და შეთანხმების ნაწილი. პირადად მე ამას არასდროს დავუჭერდი მხარს. ხალხს უნდა ცვლილება, ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა, ქვეყანაში უნდა შეცვალოს რეალობა ისე, რომ სრულიად ახალი მოცემულობა შექმნას, რომელიც სხვადასხვა პარტიებისგან შემდგარი კოალიციური მთავრობა იქნება, რომელსაც ნდობის მატარებელი, პრინციპული, თანმიმდევრული პოლიტიკოსები უნდა წარმოადგენდნენ, რომლებიც ქვეყნის და საჯარო ინტერესებს პირადზე მაღლა აყენებენ. მე ვისურვებ, რომ ასეთ კოალიციაში დავინახო საკუთარი პარტია და თავი და არ ვიყო მონაწილე იმ მძიმე წარსულისა და აწმყოს, რომლებიც შესაცვლელია," - თქვა ეკა ბესელიამ.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამომავლო გეგმებზე უფრო ვრცლად რამდენიმე საათში ისაუბრებს, თუმცა ამ დროისთვის დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე საქმეა წარმოებაში და საქართველო მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას უკრაინიდან წლებია ითხოვს. მიხეილ სააკაშვილი წარდგენილ ბრალდებებს არ აღიარებს და ამბობს, რომ საქმეები პოლიტიკური ნიშნით არის წარმოებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG