ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰოჯესი: ამერიკის ჯარის ნაწილის გერმანიიდან გამოყვანა "კოლოსალური შეცდომა" იქნება


გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი (AP-ს ფოტო), 15 აგვისტო, 2016

გენერალი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ საკუთარი უსაფრთხოებისთვის, საქართველომ დასავლური ინვესტიციები უნდა მიიზიდოს. ასეთ შემთხვევაში, დასავლეთი საქართველოს დაცვით დაინტერესებული იქნება. ამ მხრივ, გენერალს ცუდ მაგალითად ანაკლიის პორტი მოჰყავს და ამბობს, რომ მთავრობას პორტის აშენება რომ სდომოდა, პროექტი არ გაჩერდებოდა.

გენერალი ჰოჯესი ასევე საუბრობს იმაზე თუ რა გავლენა შეიძლება მოჰყვეს შეერთებული შტატების ჯარის ნაწილის გამოყვანას გერმანიიდან და რატომ არის მნიშვნელოვანი შავი ზღვის უსაფრთხოება ალიანსისთვის. გენერალ ჰოჯესს ია მეურმიშვილი ესაუბრა.

გერმანიაში ამერიკული ბაზებია განლაგებული. გერმანია ასევე შედის ამერიკის ბირთვული ქოლგის მფარველობის ქვეშ. როგორ დაიწყო ეს სამხედრო ურთიერთობა და რა უწყობს ხელს ამდენი ხნის განმავლობაში მის გაგრძელებას?

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, როცა საბჭოთა კავშირთან ურთიერთობა ცივ ომში გადაიზარდა, დასავლეთ გერმანია ნატოს - 1955 წელს - შეუერთდა. ამის შემდეგ, გერმანიის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ამერიკასთან ერთად ნატო მთლიანად იყო ჩართული. ცივი ომი ცხელ კონფლიქტში რომ გადაზრდილიყო, დასავლეთ გერმანია ბრძოლის ველი იქნებოდა. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი გერმანიაში ნატოს ათასობით ჯარისკაცის განლაგება. ცივი ომის დამთავრების შემდეგ ეს რაოდენობა შემცირდა. გერმანიის გაერთიანება ყველას გვინდოდა, მაგრამ ძალიან დიდ ხანს ის წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა. როცა გერმანია გაერთიანდა, ნატოს ჯარისკაცების რაოდენობა დრამატულად შემცირდა. ჩვენ ძალიან მალე, ძალიან დავპატარავდით.

კარგი იქნება, თუ არა პერმამენტული, არამედ როტაციული დისლოცირების ჩარჩოებში, ამერიკული თვითმფრინავები ჩამოვლენ და საქართველოში ფრენის, ეგრეთწოდებულ, კუნთების  მეხსიერებას  გამოიმუშავებენ.  კარგი იქნება საქართველოში მეტი წვრთნები ჩავატაროთ.

პირველი განგაშის ზარი 2008 წელს გაისმა, როცა რუსეთი საქართთველოში შეიჭრა, შემდეგი კი 2014-ში, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ევროპაში ამერიკის ჯარისკაცების რაოდენობა 300 ათასიდან დაახლოებით, 30 ათასამდე შემცირდა. იმის გამო, რომ ახლა ბრძოლის ველი 1000 კილომეტრითაა მოშორებული, გერმანია საფრთხეს ისე ვეღარ აფასებს, როგორც წარსულში.

ამ დროისთვის ზუსტად არ ვიცით მიიღო, თუ არა პრეზიდენტმა გადაწყვეტილება გერმანიიდან ამერიკული ჯარის ნაწილის გამოყვანის თაობაზე. ეს ინფორმაცია მედიაში გაჟღერდა თეთრ სახლსა და პენტაგონში წყაროებზე დაყრდნობით. რა მოხდება გერმანიიდან ამერიკის ჯარის ნაწილი რომ გამოვიდეს?

სწორად იქცევით, თქვენს მაყურებელს რომ ეუბნებით, რომ ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ არსებობს. იმედია ეს საცდელი ცხელი ბუშტის გაფრენაა, რომელიც მშვიდად ისევ მიწაზე დაეშვება ისე, როგორც გასულ წელს გაჟღერებული რამდენიმე სხვა წარმოუდგენელი გადაწყვეტილება.

თუ ეს მართლაც მოხდა, ეს კოლოსალური შეცდომა იქნება. პირველ რიგში, ეს ისე გამოიყურება, რომ გადაწყვეტილების მიღმა არ არსებობს სტრატეგიული ანალიზი და ის მხოლოდ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. არ მომხდარა იმის დათვლა, თუ რა რაოდენობის ჯარი უნდა გამოვიყვანოთ, ამის შესახებ მოკავშირეებთან საუბარი არ გვქონია, არ გვისაუბრია კონგრესთან, კონგრესის საზედამხედველო კომიტეტებთან. ევროპაში სამხედრო ლიდერებისთვის ეს სრულიად მოულოდნელი სიახლე იყო. და ამასთან, ვადა, რომელიც გაჟღერდა აბსოლუტურად წარმოუდგენელია.


ამის სექტემბრამდე გაკეთება უკიდურესად ძვირი, დესტრუქციული და ნატოს მზადყოფნისთვის უდიდესი ზიანის მომტანი იქნება. ამასთან, არავინ იცის ისინი სად უნდა წავიდნენ. გაჩნდა მოსაზრება, რომ მათი პოლონეთში გადაყვანა იქნება შესაძლებელი. კი, შეიძლება დაადგნენ გზას და პოლონეთში ჩავიდნენ, მაგრამ მერე? პოლონეთში მათთვის არ არის ყაზარმები, ინფრასტრუქტურა... ამასთან, პოლონეთში და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპაში, ნატოს ჯარების რაოდენობის გაზრდა ალიანსს დისკომფორტს შეუქმნის, რადგან ის „ნატო-რუსეთის დამფუძნებელი აქტის“ პირობებს დაარღვევს. რუსეთმა, სხვათა შორის, ეს შეთანხმება უკვე დაარღვია საქართველოსა და უკრაინაში საკუთარი ჯარის განლაგებით, მაგრამ ჩვენს მოკავშირეებს დასავლეთ ევროპაში არ სურთ იგივე ნაბიჯის გადადგმა. ანუ, პოლონეთში ამერიკის მუდმივი ბაზის შექმნა წარმოუდგენელია, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციას არ სურს მოკავშირეებთან ამის თაობაზე დიპლომატიური მოლაპარაკებების წარმოება.

თითქმის ყველა შეფასება, რაც ამ გადაწყვეტილებაზე დაიწერა ამბობს იმას, რომ ამ ნაბიჯით ამერიკის ეროვნული ინტერესები დაზიანდება. როგორ?

ის 34 ათასი ქვეითი და საჰაერო ფლოტის ჯარისკაცი, რომლებიც გერმანიის სხვადასხვა ბაზებზეა დისლოცირებული, იქ გერმანიის დასაცავად არ არის. ისინი იქ ამერიკის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის ფარგლებში არიან. ისინი მოწინავე თავდაცვის დანაყოფებია, რომლებიც, რა თქმა უნდა, ნატოს ნაწილსაც შეადგენენ. სწორედ ამ ბაზებიდან ხდება ამერიკის ჯარების გაგზავნა აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ევრაზიაში და სხვა. გერმანია ცენტრია! 70 წლის მანძილზე იქ ინფრასტრუქტურა, საწვრთნელი პოლიგონები და ნაგებობები ავაშენეთ. ამერიკისთვის გერმანია იდეალური ცენტრია, სადაც ჩვენი რამდენიმე სარდლობა მდებარეობს.

ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ „ტვიტერზე,“ მედიაში და სხვაგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკას ჯარის რაოდენობით გადაჭარბებული ყოფნა აქვს გერმანიაში. მაგრამ წარმოიდგინეთ, 34 ათასი ადამიანი იმის ნახევარიც არაა, რაც ნებისმიერი პროფესიონალური ამერიკული ფეხბურთის სტადიონია შეერთებულ შტატებში. ჯამში კი, ევროპაში ამერიკის ჯარისკაცების რაოდენობა ერთ სტადიონსაც ვერ შეავსებს. ეს ძალიან პატარა ინვესტიციაა ევროპაში ათწლეულების მანძილზე მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

ამერიკის ეკონომიკა დამოკიდებულია ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე - მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ მოგვწონდეს სავაჭრო დეფიციტი, რომელიც ევროპას აქვს ჩვენთან.  იმით, რომ ევროპაში ომი არაა, ამერიკა სარგებლობს და ეს მშვიდობა ნაწილობრივ ამერიკის ჯარის იქ ყოფნას უკავშირდება.


ეს კიდევ ერთ დიდ საკითხს უკავშირდება. ამერიკის ეკონომიკა მჭიდროდაა დამოკიდებული ევროპის ეკონომიკაზე, რომელიც ამერიკის შემდეგ მსოფლიოში ზომით მეორეა. შესაბამისად, ამერიკის ეკონომიკა დამოკიდებულია ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე - მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ მოგვწონდეს სავაჭრო დეფიციტი, რომელიც ევროპას აქვს ჩვენთან. იმით, რომ ევროპაში ომი არაა, ამერიკა სარგებლობს და ეს მშვიდობა ნაწილობრივ ამერიკის ჯარის იქ ყოფნას უკავშირდება.

თქვენი აზრით, დაზიანებულ ამერიკა-გერმანიის ურთიერთობას ნატოზე გავლენა ექნება?

რა თქმა უნდა. ალიანსის შიგნით ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობა გერმანიასა და ამერიკას შორის ურთიერთობაა. თუ ეს ორი ქვეყანა ვერ შეძლებს ერთმანთთან სტრატეგიული ერთიანობის შენარჩუნებას, ალიანსი ეფექტურობას დაკარგავს. ეს კრემლს იმას დაანახებს, რომ ნატოს ხელები აქვს შებოჭილი. იმის ნაცვლად, რომ ჩვენი გერმანელი მოკავშირეები უწყვეტად დავსაჯოთ ხოლმე, ვფიქრობ, მათთან უფრო ახლო ურთიერთობა უნდა გვქონდეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა გავუბრაზდეთ. გერმანიასთან უკეთესი ურთიერთობა უნდა გვქონდეს და ამავე დროს მათ მეტი პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ, მაგალითად კრემლზე ზეწოლის გაზრდაში, რადგან გერმანიას ეს შეუძლია. თუ შეერთებული შტატები და გერმანია ერთად არ იმუშავებენ, ალიანსი ეფექტურობას დაკარგავს.

თქვენ, ცოტა ხნის წინ, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ნაშრომი გამოაქვეყნეთ. თქვენ ამბობთ, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება ალიანსისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. რატომ ფიქრობთ ამას?

თუ შავი ზღვის რეგიონში მეტი დასავლური ინვესტიცია შევა, ვფიქრობ, დასავლეთის ქვეყნები მეტად დაინტერესდებიან ამ რეგიონის უსაფრთხოებით. მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, ახლა სერიოზული ინვესტორები ფრთხილობენ, რადგან რეგიონში მთავრობები არაა გამჭვირვალე და მათ არ აქვთ საბაბი იფიქრონ, რომ ინვესტიცია უკან მოგებით დაუბრუნდებათ.


შავი ზღვა ის ადგილია, რომელსაც რუსეთი იყენებს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის და ბალკანეთის ზოგიერთი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის შესაჩერებლად. ასევე, შავი ზღვის გამოყენებით რუსეთი თურქეთზეც ახდენს ზეწოლას. შავი ზღვიდან უშვებს საკუთარ ძალებს ახლო აღმოსავლეთში -- ლიბიასა და სირიაში. სირიაში ასადის რეჟიმის მიმართ კრემლის მხარდაჭერამ 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი წარმოშვა, რომელთა დიდი ნაწილი დღეს თურქეთში ცხოვრობს, ნაწილი კი ევროპაში. ლიბიაში გენერალ იფტარის მხარდაჭერა, სავარაუდოდ, დამატებით ერთ მილიონ ადამიანს აიძულებს გახდეს ლტოლვილი და ისინი იტალიას მიადგებიან. ეს შემთხვევით არ ხდება. ამით რუსეთი ევროკავშირის დესტაბილიზაციას აქტიურად ცდილობს და ამ ყველაფერს სწორედ შავ ზღვაზე არსებული ბაზების გამოყენებით აკეთებს. ამიტომაც უნდა მიაქციოს ამერიკამ და დასავლეთ ევროპამ მეტი ყურადღება შავ ზღვას.

მეორეს მხრივ, თუ შავი ზღვის რეგიონში მეტი დასავლური ინვესტიცია შევა, ვფიქრობ, დასავლეთის ქვეყნები მეტად დაინტერესდებიან ამ რეგიონის უსაფრთხოებით. მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, ახლა სერიოზული ინვესტორები ფრთხილობენ, რადგან რეგიონში მთავრობები არაა გამჭვირვალე და მათ არ აქვთ საბაბი იფიქრონ, რომ ინვესტიცია უკან მოგებით დაუბრუნდებათ. კრემლი ამას ხელს უწყობს გავლენით ან დეზინფორმაციით. მიმაჩნია, რომ სწორედ ამიტომაც არ მივიდა ბოლომდე ანაკლიის პორტის პროექტი. ეს კრემლის გავლენას უკავშირდება.

მესამე მიზეზი კი თურქეთია. ცივი ომის დროს ყოველთვის გვქონდა იმის იმედი, რომ ანკარა თურქეთის სრუტეებს აკონტროლებდა (ბოსფორი და დარდანელები) და ნებისმიერ დროს შეეძლოთ საბჭოთა გემების დაბლოკვა, რომ ისინი ხმელთაშუა ზღვაში ვერ შესულიყვნენ. ასე 30 წლის წინ იყო. მას შემდეგ თურქეთთან ურთიერთობა ძალიან გაგვიფუჭდა, ეს კი ცუდი გადაწყვეტილებებისკენ გვიბიძგებს. მაგალითად ქურთებისთვის იარაღის მიცემისკენ. ტაქტიკურად ეს კარგი გადაწყვეტილება იყო ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ მეორეს მხრივ, ამ ნაბიჯმა თურქეთთან ურთიერთობა ფაქტობრივად დაგვინგრია. თურქეთი სამ ტერორისტულ ორგანიზაციას ებრძვის და მათ მიაჩნიათ, რომ ამერიკისგან დახმარებას ვერ იღებენ.

მგონი თურქეთზე რბილად საუბრობთ.

მე თურქეთის მთავრობის ცუდ გადაწყვეტილებას არ ვიცავ. მათ რუსული სარაკეტო სისტემა არ უნდა ეყიდათ. მაგრამ, როგორც ევროპელებმა უნდა გამოიჩინონ მეტი მოთმინება ამერიკის მიმართ, ასევე, ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ მოთმინება თურქეთის მიმართ. პრეზიდენტი ერდოღანი პრეზიდენტი სამუდამოდ არ იქნება და ამ ძალიან მნიშვნელოვან ნატოელ მოკავშირესთან ურთიერთობა უნდა შევინარჩუნოთ.

საქართველომ კი თავის მხრივ ყველაფერი გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ ნატოში გაწევრიანდეს. მას მეტი არაფერი აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ რამე დაამტკიცოს.

საქართველო შავი ზღვის აუზის ქვეყანაა - ჯერ არ არის ნატოს წევრი, მაგრამ ცდილობს გახდეს. სად ხედავთ საქართველოს როლს შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში?

თქვენ იცით, მე ვფიქრობ, რომ საქართველო უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი. როგორც კი საქართველო ალიანსში გაწევრიანდება, საქართველოს უსაფრთხოება მნიშვნელოვნად შეიცვლება, რადგან რუსეთი ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმას ვერ გაბედავს. ამაში დარწმუნებული ვარ. ეს ცხადია იმ შემთხვევაში, თუ ალიანსი ერთობას შეინარჩუნებს. ამას კი ამერიკის ლიდერშიპი სჭირდება, რაც ამ ეტაპზე, არ ვიცი შეგვიძლია თუ არა და არ ვიცი რამდენად სანდო ვართ.

საქართველომ კი თავის მხრივ ყველაფერი გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ ნატოში გაწევრიანდეს. მას მეტი არაფერი აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ რამე დაამტკიცოს. ამის მე მტკიცედ მჯერა. მაგრამ საქართველომ მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დასავლური ინვესტიციებისთვის უფრო მეტად მიმზიდველი გახდეს. ისევ ანაკლიას ვუბრუნდები. ის არაჩვეულებრივი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება ქვეყანაში ევროპული და ამერიკული ბიზნესების შემოყვანა.

მე  ვფიქრობ, რომ მთავრობას აბსოლუტურად არ სურდა ამ პორტის აშენება. მათ რომ ეს სდომოდათ, ეს პორტი აშენდებოდა. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უფრო მიმზიდველი გახდეს დასავლური ინვესტიციებისთვის.

მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ მთავრობას აბსოლუტურად არ სურდა ამ პორტის აშენება. მათ რომ ეს სდომოდათ, ეს პორტი აშენდებოდა. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უფრო მიმზიდველი გახდეს დასავლური ინვესტიციებისთვის. ის ამისთვის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ძალიან მოსახერხებელ ადგილზე მდებარეობს.

თქვენ უკვე დიდი ხანია ანაკლიის მნიშვნელობაზე საუბრობთ.

როგორც ჩანს არც ისე ეფექტურად.

და ყოველთვის ამბობდით, რომ ეს არა მხოლოდ ეკონომიკური შესაძლებლობაა ქვეყნისთვის, არამედ საქართველო შესაძლოა სამხედრო თვალსაზრისითაც უფრო მიმზიდველი გახდეს ნატოსთვის, ამერიკისთვის?

კი, ანაკლია უფრო დიდი გემების სტუმრობის საშუალებას იძლევა. მაგრამ ამაზე მეტად ის მსურს, რომ ამერიკამ უფრო მეტი ჩართულობა გამოიჩინოს ვაზიანის აეროდრომთან დაკავშირებით. კარგი იქნება, თუ არა პერმამენტული, არამედ როტაციული დისლოცირების ჩარჩოებში, ამერიკული თვითმფრინავები ჩამოვლენ და საქართველოში ფრენის, ეგრეთწოდებულ, კუნთების მეხსიერებას გამოიმუშავებენ. კარგი იქნება საქართველოში მეტი წვრთნები ჩავატაროთ.

არ ვიცი, ყოველთვის რატომ ვრეაგირებთ კრემლის მოსაზრებებზე. ეს შეჯიბრია. ჩვენ უნდა ავიღოთ ინიციატივა საკუთარ თავზე და მეტად ჩავერთოთ, საქართველოსთან იქნება ეს თუ მოლდოვასთან. ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთოთ და მათ ინერვიულონ და განიცადონ. შავი ზღვის რეგიონში რიტმს და ტონს ჩვენ უნდა ვაწესებდეთ და არა რუსეთი. ისინი ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებს ხსნიან, აგრძელებენ უკანონო ანექსიას და ოკუპაციას, საზღვრავენ ტერიტორიულ წყლებს.

ამ ყველაფერთან ერთად, ვისურვებდი, რომ უკრაინამ და საქართველომ მეტად ითანამშრომლონ ერთმანეთთან, იქნება ეს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, თუ სხვა სახის სამხედრო თანამშრომლობა. რუსეთს ლეგალურად, შავი ზღვის სანაპირო ზოლის მხოლოდ 10 პროცენტი ეკუთვნის. საკითხავი ისაა, თუ რატომ არიან ისინი დომინანტური ძალა და რატომ არის მათ მიერ ყველა სხვა ქვეყანა შეზღუდული.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG