ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვირუსთან ბრძოლა და დემოკრატიის მომავალი


ომის პერიოდებს თუ არ ჩავთვლით, თანამედროვე დასავლეთის ისტორიაში ასეთი რამ არასდროს უნახავთ. დემოკრატიული ქვეყნების ჩაკეტვები, სამოქალაქო თავისუფლებების და კერძო მეწარმეობის დრაკონული შეზღუდვები იმ ისტორიულ პროგრესის ანტიპოდია, რომელიც მთავრობის ზომას და როლს ამცირებდა და პიროვნების თავისუფლებას აძლიერებდა.

იმ დროს, როდესაც კორონავირუსის შესაკავებლად და მისი შედეგების შესამსუბუქებლად წარმოებულ ბრძოლაში, მთავრობები რესურსების მობილიზებას და ადამიანების იძულებას ახდენენ, სახელმწიფო შეუზღუდავად მოქმედებს.

ადამიანები შინ გამოკეტეს, პოლიციის უფლებები გაფართოვდა, მონაცემებზე თვალთვალი გაიზარდა და ბიზნესები დაიხურა. და ამ ყველაფერს ძალიან ცოტა მსჯელობა ახლდა.

კორონავირუსის მიერ ნაკარნახევი როლის ზომა და მოცულობა, რომელიც სახელმწიფომ ეკონომიკის მიმართ მიიღო, ლილიპუტად წარმოაჩენს იმ ზომებს, რომელიც 2008 წლის ფინანსური კრახის აღმოსაფხვრელად იქნა მიღებული. ამ დროისთვის, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა შესთავაზეს სესხები და სუბსიდიები, რომელიც მათი მთლიანი ეროვნული პროდუქტის დაახლოებით 15 პროცენტის ტოლფასია. ამერიკის სტიმულირების პაკეტი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10 პროცენტს უტოლდება.

ეკონომიკის საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველმა ლარი კუდლოუმ, ამერიკულ სტიმულირების პაკეტს “შეერთებული შტატების ისტორიაში ბიზნესისთვის დახმარების უდიდესი პროგრამა” უწოდა.

საფრანგეთში, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მთავრობამ არა მხოლოდ მიიღო კანონი , რომლითაც ადამიანების გადაადგილების ლეგალურად კონტროლი შეუძლია, ასევე მიიღო უფლება განსაზღვროს ფასები და საქონლის რეკვიზიცია მოახდინოს.

შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტმა ტრამპმა ქირურგიული პირბადეების და ხელთათმანების ექსპორტის აღსაკვეთად, თავდაცვითი წარმოების აქტი გამოიყენა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სახელმწიფოს ძალაუფლება ახლა ყველაზე მეტად შემაწუხებელია. თავისუფალი ბაზრების და შეზღუდული მთავრობის თავგადაკლული მომხრეებისთვის, მიმართულების მყისიერი შეცვლა შემაძრწუნებელია. სხვებისთვის ეს ნაკლებად დრამატულია, რაღაც სასურველიც კი, მომავლისთვის რაღაცის მომასწავებელი, გზაჯვარედინი, რომელიც მათი ქვეყნების, კიდევ ერთხელ თავიდან დალაგების წერტილად იქცევა.

პროგრესული მარცხენა ფრთისთვის, სახელმწიფოს ძალაუფლების კვლავ გაძლიერება ადასტურებს მათ შეხედულებას, რომ ბაზრის პრინციპზე დაფუძნებული საზოგადოების ორგანიზაცია, ხალხის უმრავლესობისთვის არ მუშაობს. ისინი იმედოვნებენ, რომ კრიზისი საშუალებას გააჩენს, საზოგადოება ბაზარზე ნაკლებად ორიენტირებულ და უფრო სოციალისტურ ხაზზე გადაერთოს. შეერთებულ შტატებში, ბერნი სანდერსის მომხრეები ამბობენ, რომ კრიზისმა ამერიკის სოციალური უსაფრთხოების “დაძენძილი” ბადე გამოააშკარავა და მთავრობის მიერ მართული, ერთი გადამხდელის ჯანდაცვის სისტემის საჭიროება ყველას დაანახა.

გასულ კვირაში, ბრიტანელი ლეიბორისტების ყოფილმა ლიდერმა, ჯერემი კორბინმა თქვა, რომ მთავრობის მიერ ბრიტანული ეკონომიკის და შრომის ბაზრის მასიური და უმაგალითო დაზღვევა ამართლებს კორონავირუსამდე გამოქვეყნებულ მის საარჩევნო მანიფესტოს, ყველაზე მემარცხენე პროგრამას, რომელიც თანამედროვე ლეიბორისტული პარტიას დღემდე წარუდგენია.

ევროპის უკიდურესი მემარჯვენეების ბანაკშიც საკუთარი თავის მოწესრიგება მიმდინარეობს და ასევე იმედი აქვთ, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული პოლიტიკური შედეგები უფრო მათი გემოვნების შესაფერი იქნება. მათ იმედი აქვთ, რომ კორონავირუსი ბრიუსელის მიერ ნაკლებად შეზღუდული, მტკიცე ეროვნული სახელმწიფოების და ძლიერი ცენტრალური მთავრობების მომავლისკენ წაგვიყვანს.

ევროპის ნაციონალისტი პოპულისტები დიდი ხანია მოითხოვენ მეტ სასაზღვრო კონტროლს და შენგენის ზონაში პასპორტის გარეშე გადაადგილების გაუქმებას. ისინი იმედოვნებენ, რომ ბრიუსელის ნების წინააღმდეგ დროებითი სასაზღვრო კონტროლის შემოღება, შენგენის საბოლოო დარღვევას გამოიწვევს. ლუკა ზაიამ, რომელიც იტალიის მძიმედ დაზარალებული ვენეტოს რეგიონის გუბერნატორი და მატეო სალვინის პოპულისტური ლეგა პარტიის წევრია, გასულ თვეში ჟურნალისტებს უთხრა, რომ “შენგენი აღარ არსებობს” და იწინასწარმეტყველა, რომ“ ის მხოლოდ ისტორიის წიგნებით ემახსოვრებათ”.

ზოგიერთები ჯილდოს მისაღებად ისტორიას არ უცდიან.

უნგრეთის შფოთისთავმა პოპულისტმა ვიქტორ ორბანმა, მისივე განმარტებით “არალიბერალური დემოკრატიის” მომხრემ, მომენტით ისარგებლა და მეტი ძალაუფლება შეიძინა. 2010 წელს მისი ხელმეორედ არჩევის შემდეგ, სამოქალაქო ლიბერტარიანელები მას დემოკრატიული შემაკავებელი და გამაწონასწორებელი ძალების მიზანმიმართული ეროზიის წამოწყებისთვის გმობდნენ. მათ შორის იყო სასამართლო დამოუკიდებლობის შეზღუდვა, საჯარო სამსახურის პოლიტიზირება და მედიის და სამოქალაქო საზოგადოების საქმეებში სახელმწიფოს ჩარევა.

გასულ კვირაში ქვეყნის პარლამენტმა, რომელსაც მისი მემარჯვენე ნაციონალისტური პარტია აკონტროლებს, ყური არ ათხოვა ოპოზიციის მოთხოვნებს, რომ ევროკავშირის გულში ერთი კაცის მმართველობისთვის, სულ მცირე, დასრულების ვადა მაინც დაედგინა და ორბანს დეკრეტებით მართვის უფლება განუსაზღვრელი დროით მისცა.

შოტლანდიის, გლაზგოს კალედონიური უნივერსიტეტის პოლიტიკის პროფესორმა, ფრეტს უმუტ კორკუტმა თქვა: “უნგრეთის ვითარება საშუალებას გვაძლევს თვალი შევავლოთ, თუ კორონავირუსის კრიზისის დროს და მის შემდეგ, ჩვენი მხრიდან კარგად დაფიქრების გარეშე, მსოფლიო პოლიტიკამ როგორ შეიძლება იმუშაოს.

ტომ პალმერი, არაკომერციული ორგანიზაცია “ატლას ნეთვორქის” ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც თავისუფალი ბაზრის ეკონომიკური პოლიტიკის და შეზღუდული მთავრობის მომხრეა, მას ეთანხმება. უნგრული მაგალითი, ასევე სადმე, დასავლეთში სახელმწიფოს უფლებების გაფართოება, მისთვის განგაშის საბაბია. ის ამბობს, რომ “ავტორიტარული სახელმწიფოებრიობის მზარდი ტალღა გვიახლოვდება.”

მაგრამ, ზოგიერთი მთავრობა, როგორც ჩანს, მხოლოდ საზოგადოების შიშთან გამკლავებას ცდილობს და შემაწუხებელი მმართველობის გაგრძელებას მიზნად არ ისახავს. სხვები შექმნილ მდგომარეობას იყენებენ. ხშირ შემთხვევებში, ჩამოყალიბებული დემოკრატიები ხალხს საკმაო ნდობას უნერგავენ იმისთვის, რომ ჯანმრთელობის უსაფრთხოების სანაცვლოდ შეზღუდვები მიიღონ. დადებით მაგალითებში შედის სამხრეთ კორეა და ისრაელი, სადაც მკაცრი ზომების შემოღება, მტკიცე საზოგადოებრივ კონსენსუსს დაეფუძნა. ამ კვირაში, ბრიტანეთში ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ საზოგადოების ორი მესამედი, პოლიციის მიერ საკარანტინო ჩაკეტვის ზომების აღსრულებას მხარს უჭერს. იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტიმ, ეროვნული მასშტაბით ჩაკეტვის გადაწყვეტილებაზე, საზოგადოების დიდი უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო.

მაგრამ სახელმწიფოსთვის უსაზღვრო უფლებების მინიჭება, მთავრობის მხრიდან ძალაუფლების გადამეტების და პიროვნების უფლებების შესახებ სერიოზულ კითხვებს აჩენს.

სხვა ანალიტიკოსები და კომენტატორები მეტად ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებენ და მიუთითებენ, რომ იმ დროს, როდესაც ვირუსის აფეთქების პირობებში, დასავლეთის ბევრმა მთავრობამ საგანგებო უფლებამოსილებები მიიღო, სრული კონტროლი ერთ ლიდერს არც ერთ სხვა დემოკრატიაში არ აუღია ისე, როგორც ეს უნგრეთში მოხდა. ათიათასობით და შესაძლოა ასიათასობით ადამიანის გარდაცვალების პერსპექტივის წინაშე მდგომ დასავლეთის მთავრობებს, საკუთარი უფლებამოსილების გაფართოების გარდა, ბევრი სხვა არჩევანი არ ჰქონდათ. ადამიანებს სურთ, რომ სიცოცხლის გადასარჩენად, მთავრობებმა ყველა საჭირო ზომებს მიმართონ. ისინი ამბობენ, რომ პანდემიის მწვავე ფაზის დასრულებასთან ერთად, ყველაფერი პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება.

კრიზისმა შესაძლოა დემოკრატიის გაუმჯობესების საშუალებაც გააჩინოს - განახლება, რომელიც მოიცავს მოუქნელი ბიუროკრატიის რეფორმას და ბიუროკრატიული გაჭიანურების შემცირებას, ასევე მთავრობის მეტ სისხარტეს და სწრაფად რეაგირების უნარს. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლამ დასავლეთში ბიუროკრატიული ინერცია, მძიმე ნაბიჯები და სწრაფად მოქმედების უნარის არქონა გამოამჟღავნა. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ბიუროკრატია ართრიტით დაავადებულს დაემსგავსა, სწრაფად მზარდ კრიზისს ძალიან ნელა ერგება და სიახლეების და მოქნილობის მიმართ გულგრილია.

დასავლეთის ბევრმა ქვეყანამ, გერმანიის გამოკლებით, ვირუსის ტესტირება ჩააგდო და მოწინავე დემოკრატიების უდიდესი ძალის, ინდუსტრიების და მწარმოებლების მხარდაჭერა არ იჩქარა. ბრიტანეთში, ისევე როგორც შეერთებულ შტატებში, კომერციული და საუნივერსიტეტო ლაბორატორიები კვირების განმავლობაში დაბლოკილნი იყვნენ იმისთვის, რომ ვირუსისთვის საკუთარი ტესტები შეემუშავებინათ. მთავრობის მიერ შექმნილი ტესტის კომპლექტების პირველი პარტია უვარგისი იყო.

დასავლეთის მთავრობებმა დაგვიანებით დაიწყეს იმის მცდელობა, რომ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო რესურსების მოპოვებაში, ბიუროკრატიული გაჭიანურების აღმოფხვრაში, სიახლის მხარდაჭერაში უფრო სწრაფი და გააზრებული რეაგირება ჰქონოდათ. სიახლეებისადმი მხარდაჭერა გამოეჩინათ, ეკონომიკური დოგმების გვერდზე გაწევასთან ერთად, საკუთარი თავი ხელმეორედ აღმოეჩინათ და ეს ყველაფერი საერთო სიკეთისთვის გაეკეთებინათ. ამას ხანგამძლე მემკვიდრეობის დატოვება შეეძლებოდა.

მაგრამ ჯერ ნათელი არაა, კრიზისის დასრულებასთან ერთად, სახელმწიფო თავის გაფართოებულ ძალაუფლებაზე უარს თუ იტყვის. ჟურნალ“ეკონომისტის” გასული თვის სარედაქციო სტატიაში ეწერა: “ზოგიერთი თავს დაირწმუნებს, რომ ეს მხოლოდ დროებითია და ერთი საუკინის წინ მომხდარი “ესპანური გრიპივით” თითქმის არანაირ კვალს არ დატოვებს, თუმცა გამოხმაურების მასშტაბი “კოვიდ-19”-ს უფრო ომს ან დეპრესიას ამსგავსებს და ისტორია გვკარნახობს, რომ კრიზისებს მუდმივად უფრო დიდი და მეტი ძალაუფლების და პასუხისმგებლობების მქონე სახელმწიფო მანქანისკენ, ამის შესანახი მეტი გადასახადებისკენ მივყავართ.” მთავრობები მიტაცებულ ძალაუფლებას უკან ხალისით არასდროს აბრუნებენ.

დასავლეთის დემოკრატიული სახელმწიფოების მიღმა, ბევრად უფრო ბნელი სურათია. დიქტატორები კრიზისს ხელისუფლების განსამტკიცებლად იყენებენ. ბევრს ეშინია, რომ დეფიციტი, შიში და ვირუსის უკონტროლო გავრცელება პოლიტიკური და სოციალური აჯანყების გამომწვევი გახდება.

აზერბაიჯანში, ილჰამ ალიევმა, კორონავირუსის საფრთხის მომიზეზებით, თავისი მმართველობის ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიები უფრო გააძლიერა. იგივე ხდება კამბოჯაში, სადაც ჰუნ სენი დისიდენტებს იმის საფუძველზე აპატიმრებდა, რომ ისინი ვირუსის შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ. მან მუსლიმები ქვეყანაში ვირუსის შეტანაში დაადანაშაულა.

“ჰუმან რაითს ვოჩის” აღმასრულებელი დირექტორი კენეტ როთი ამბობს, რომ “ტაილანდში, კამბოჯაში, ვენესუელაში, ბანგლადეშში და თურქეთში მთავრობები აკავებენ ჟურნალისტებს, ოპოზიციურ აქტივისტებს, ჯანდაცვის მუშაკებს და ნებისმიერს, ვინც კორონავირუსზე ოფიციალური რეაგირების კრიტიკას ბედავს. ავტორიტარული ლიდერებისთვის კორონავირუსი ხელსაყრელი საბაბია, რომ კრიტიკა ჩაახშოს და ძალაუფლება განიმტკიცოს. ჩინეთში და სხვაგან არსებულმა ცენზურამ პანდემიას ხელი შეუწყო და პოტენციურად შეკავებად საფრთხეს დაეხმარა, გლობალური უბედურება გამხდარიყო. ჯანდაცვის კრიზისი აუცილებლად გადაივლის, მაგრამ ავტოკრატული მთავრობების მიერ ძალაუფლების საშიში გაფართოება, შესაძლოა პანდემიის ყველაზე სიცოცხლისუნარიან მემკვიდრეობად დარჩეს.”

ახლო აღმოსავლეთში, კორონავირუსმა მთავრობებს ერთგვარი ამოსუნთქვის საშუალება მისცა საპროტესტო მოძრაობებისგან, რომელიც ამ წელს მრავლად მიმდინარეობდა. საჯარო დემონსტრაციები, სოციალური დისტანცირების საფუძველზე აიკრძალა, მაგრამ ვირუსი და საკვების დეფიციტი, რეჟიმებს დამხობის რისკს უქმნის. გასულ კვირაში, ბეირუთში, დემონსტრანტებმა კომენდანტის საათი უგულებელყვეს და ყვიროდნენ: “გვინდა ვჭამოთ, გვინდა ვიცხოვროთ”. ტრიპოლიში, რომელიც ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქია, დემონსტრანტები ყვიროდნენ: “შიმშილით სიკვდილს, კორონავირუსით სიკვდილი სჯობს.”

ნავთობზე ფასების ვარდნა ძლიერ, ცენტრალურ სახელმწიფოებსაც კი დესტაბილიზაციით ემუქრება. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ შემოსავლების შემცირებასთან ერთად, საუდის არაბეთის მმართველი ოჯახიც რისკის ქვეშაა. თუმცა ცოტა თუ ფიქრობს, რომ კორონავირუსის გამოწვეული, ე.წ. “არაბული გაზაფხულის” გამეორება, რეგიონში დემოკრატიას აღმოაცენებს. უფრო სავარაუდოა, რომ ეს უბრალოდ ავტორიტარებს გადაანაცვლებს.

გასულ კვირაში, ფრანგი ხალხისადმი მიმართვაში, ემანუელ მაკრონი თავის ხალხს დაპირდა: “ჩვენი გამარჯვებიდან მეორე დღე, წინა დღის მსგავსი არ იქნება.” მისი სიტყვები იმას ნიშნავდა, რომ ფრანგები დაერწმუნებინა, ვირუსს სასარგებლო რეფორმის წამოწევა შეეძლო. თუმცა მისი სიტყვები, ბევრი ქვეყნისთვის, შეიძლება სრულიად საწინააღმდეგო მნიშვნელობის წინასწარმეტყველება აღმოჩნდეს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG