ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნია და ფლორიდა დაუმორჩილებელი ტურისტების და სტუდენტების წინააღმდეგ


კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შეერთებულ შტატებში 50 ათასს აღწევს, 600-ს აჭარბებს გარდაცვლილთა რაოდენობა. ვირუსმა მოიცვა 50-ივე შტატი, დედაქალაქი ვაშინგტონი - იგივე კოლუმბიის ოლქი და ამერიკის სხვა ტერიტორიები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ამერიკა შესაძლოა დაავადების გავრცელების ახალი ეპიცენტრი გახდეს.

კალიფორნიაში, 25 მარტის მონაცემებით 3000-ზე მეტი შემთხვევა იყო, მათ შორის 60-ზე მეტი - გარდაცვალების. ფლორიდაში - 2000-მდე დაავადებული და 22 - გარდაცვლილი. ამჟამად ყველაზე მძიმე ვითარება ნიუ-იორკშია, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი 33 ათასს აჭარბებს. თუმცა, დაავადების გავრცელების საწყის ეტაპზე ვაშინგტონის შტატის შემდეგ ყველაზე რთული ვითარება სწორედ კალიფორნიაში იყო და ის ერთ-ერთი ის შტატი იყო, სადაც ყველაზე მკაცრი ღონისძიებები გატარდა.

ათობით ათასი ადამიანი დაავადებას ებრძვის, ბევრი - გარდაცვლილ ახლობელებს გლოვობს. ვირუსის გავრცელებამ შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, შეცვალა მილიონობით ადამიანის გეგმა, ცხოვრების წესი, სამუშაო რუტინა და პრაქტიკულად ყველაფერი, რასაც აქამდე აკეთებდნენ. შტატებსა თუ ადგილობრივ ხელისუფლებას ბევრ სხვადასხვა სირთულესთან უხდება გამკლავება. ერთ-ერთი მათგანი დაუმორჩილებელი ტურისტების ან სტუდენტების საკითხი აღმოჩნდა.

მარტში შეერთებული შტატების კოლეჯებისა თუ სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს არდადეგები აქვთ. მათმა უმეტესობამ წელსაც, ტრადიციულად ფლორიდასა და კალიფორნიას მიაშურა. ზოგიერთ მათგანს ვირუსი არ აშინებს, რადგან მიაჩნია, რომ ის ახალგაზრდებისთვის სარისკო არ არის, ზოგი კი ფიქრობს, რომ ოკეანის სანაპიროსა და ღია სივრცეში დაავადების გავრცელება არ მოხდება.

პრეზიდენტმა ტრამპმა კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილი საგანგებო ჯგუფის ერთ-ერთი ბრიფინგისას, მათ უშუალოდაც მიმართა და უთხრა, რომ თუკი საკუთარ ჯანმრთელობაზე არ ღელავენ, იფიქრონ მშობლებსა და ოჯახის ხანდაზმულ წევრებზე, რომლებსაც შეიძლება ვირუსი ისე გადასდონ, რომ თავად სიმპტომებიც არ ჰქონდეთ. გარდა ამისა, ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ ახალგაზრდები არც ისე დაცულები არიან კორონავირუსისგან, როგორც ეს აქამდე ეგონათ და მიუხედავად იმისა, რომ მაღალი რისკის ჯგუფში არ შედიან, ეს არ ნიშნავს, რომ ძალიან იშვიათად ავადდებიან ან რომ მათი ინფიცირება არ შეიძლება ფატალურად დასრულდეს. შეერთებულ შტატებში დაავადებულთა არც ისე მცირე ნაწილი 20-54 წლის ასაკობრივ კატეგორიაშია.

ინტერნეტში არაერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანდა, რომ ათასობით ახალგაზრდა ოკეანის ტალღებში ან ოქროსფერ ქვიშაზე ნებივრობდა. რეკომენდაციებისა და მოწოდებების იგნორირების შემდეგ, მაიამის ადგილობრივმა ხელისუფლებამ პლაჟები დაკეტა. სანაპიროზე აკრძალვები დაწესდგა კალიფორნიაშიც, სადაც ასევე არანაკლებ ბევრი ადამიანი არღვევდა რეკომენდაციას. გარდა ამისა, შტატში ისედაც მკაცრი რეგულაციებია და ადამიანებს სახლში დარჩენა მოეთხოვებათ. კვირის დასაწყისში კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა წესები გაამკაცრა, დაიხურა პლაჟებთან და პარკებთან მდებარე პარკინგის სივრცეებიც.

სოციალური დისტანცირება, სახლში დარჩენა, იზოლაცია, შეკრებების შეზღუდვა და არაარსებითი დანიშნულების მქონე ობიექტების დახურვა არაერთი მცირე თუ საშუალო ბიზნესის მფლობელისთვისაც სერიოზული რისკისა და მომავლის შესახებ ბუნდოვანების შემცველია.

თუმცა, ზოგიერთი მცირე კომპანია შექმნილ ვითარებასთან ადაპტირებას და საჭიროებებზე მორგებას ცდილობს. მაგალითად, ადამ დაფორდი კალიფორნიაში „სერფ სითი ტურების“ მფლობელია. ვირუსის და შეზღუდვების გამო, ის ახლა ვირტუალურ ტურებს იღებს და „ინსტაგრამზე“ იმ ადამიანებს უქმნის დასწრების ეფექტს, ვინც წელს სანტა მონიკაში ჩამოსვლა ვერ შეძლო.

„ამას ჩვენ ვირტუალურ ტურებს ვუწოდებთ. ეს ფეხით მოსიარულეთა ტურია სანტა მონიკაში. აქაურობა შესანიშნავია და უბრალოდ მინდა, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ვაჩვენო ეს", - ამბობს დაფორდი და ონლაინ "ტურისტებს" მიმართავს: "მე გაჩვენებთ იმას, რასაც ნახავდით, აქ რომ ჩამოსულიყავით და ფეხით გესეირნათ. ესაა მთელი ისტორია, ცნობილი ადგილები და აქა-იქ ცნობილი ადამიანების შესახებ ინფორმაციები."

დანფორდის თქმით, გასული კვირა საგაზაფხულო არდადეგების პიკი უნდა ყოფილიყო. რომ არა ეპიდემია, ქალაქს ათასობით სტუმარი ეყოლებოდა, მისი 7 ავტობუსი კი ყოველდღე სრული დატვირთვით იმოძრავებდა:

"ამ ხალხის გარეშე, არანაირი შემოსავალი არ იქნება, მაგრამ როგორც გითხარით, ვცდილობ, შემოქმედებითი და პროდუქტიული ვიყო, ესაა ჩემი სტრატეგია, რომ პოზიტიურად ვიფიქრო. მართლა ვიმედოვნებ, რომ ეს სახალისო იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც სახლშია გამოკეტილი. ცხადია, ეს რეალური გამოცდილების ტოლფასი არაა, მაგრამ ესაა ის, რისი გაკეთებაც შემიძლია ჩემი მხრიდან: რომ ადამიანი 30 წუთით მაინც მოწყდეს რეალობას", - ამბობს ტურების ორგანიზატორი.

ამერიკაში კვლავ საგანგებო ვითარებაა, თუმცა პრეზიდენტი ტრამპი იმედოვნებს, რომ სიტუაცია მალე გაუმჯობესდება და რომ დაუშვებელია ვირუსის გავრცელების შესაზღუდმა ღონისძიებებმა ქვეყანას იმაზე მეტი ზიანი მიაყენოს, ვიდრე თავად ვირუსმა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG