ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიტჩელი: ნატოს "მორალური სიცხადე" და კავკასიაში გავლენისთვის სტრატეგიის შემუშავება სჭირდება, რაც საქართველოს უკავშირდება


ამერიკელმა და ევროპელმა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ნატოს მინისტერიალს ანგარიში წარუდგინეს, რომელიც ალიანსს ახალ გეოპოლიტიკურ მდგომარეობასთან ადაპტაციის მეთოდებს სთავაზობს. ანგარიში ამბობს, რომ ნატომ სისტემურ მეტოქეობას თავი უნდა გაართვას და მოერგოს ცვალებად გარემოს, რომელსაც რუსეთისა და ჩინეთისგან მომავალი უწყვეტი და ერთდროული საფრთხეები ქმნის. არსებული მდგომარეობა რადიკალურად განსხვავდება ცივი ომის შემდგომი პერიოდისგან, როცა ნატო სტრატეგიული მოწინააღმდეგე არ ჰყავდა.

ვფიქრობ, ნაადრევია იმის თქმა, რომ საქართველო ნატოში ახლა უნდა გაწევრიანდეს. თუმცა, ასევე სამართლიანია იმის თქმა, რომ ეს ერთი შეხედვით დაუსრულებელი პროცესია, რომელიც თითქოს, თითო კვადრატული მეტრით ზომავს პროგრესს. ვფიქრობ, ღირს დაიწყოს დისკუსია უფრო სტრატეგიულ მიდგომაზე, რომელიც ნატოს მისცემს საშუალებას საქართველოს საკითხი, სტრატეგიული და პოლიტიკური თვალსაზრისით, ერთ მთლიან საკითხად შეაჯეროს.

ანგარიშის ამერიკელი თანაავტორი, სახელმწიფო მდივნის ყოფილი ასისტენტი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელი ამბობს, რომ „საჭიროა იმის აღიარება, რომ რუსეთთან და ჩინეთთან გეოპოლიტიკურ კონკურენციას პოლიტიკური და იდეოლოგიური ხასიათიც აქვს, და არა მხოლოდ სამხედრო და მატერიალური.“ მისივე თქმით, „ნატოს სჭირდება იმ გადაუდებელი აუცილებლობის გაცნობიერება, რაც ამ ყველაფრის გაკეთების საჭიროებას ახლავს და ალიანსმა ეს უნდა გააკეთოს ისე, რომ პოლიტიკური ერთიანობა აჩვენოს.“

ალიანსის გაფართოების მიმართ წევრი ქვეყნების პოლიტიკური ერთობის და მკაფიო სტრატეგიის შემუშავებაზე ექსპერტები უკვე დიდი ხანია საუბრობენ. თუმცა ამ სტრატეგიის შემუშავება, ჩანს, რომ ჯერ არ დამთავრებულა. 2008 წელს, ნატოს ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა პირობა დადო, რომ უკრაინა და საქართველო ერთ დღეს ნატოს წევრები გახდებოდნენ. მას შემდეგ 12 წელზე მეტი გავიდა. ნატომ საქართველოსთან ურთიერთობაში ბევრი სიახლე შეიტნა და შექმნა ახალი პაკეტები, რომლებიც ალიანსს და საქართველოს ერთმანეთთნ კიდევ უფრო აახლოვებს. მაგრამ, წევრობისკენ გადადგმული ხელშესახები ნაბიჯები ჯერ არ ჩანს. მიტჩელი ამბობს, რომ ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს და ნატომ ასპირანტ ქვეყნებთან გასაგები და თანმიმდევრული გზავნილებით უნდა აწარმოოს კომუნიკაცია.

„ეს ურთიერთობები, ძირითადად ცივი ომის შემდეგ დაიწყო და ისინი ერთგვარ, სასათბურე პირობებში ჩამოყალიბდა, როცა არ ხდებოდა იმის მკაცრად განსაზღვრა, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ პარტნიორობა და როგორ ვისაუბროთ წევრობის პერსპექტივაზე. ამის გამო, ვფიქრობ, უკრაინისა და საქართველოს შესახებ დისკუსია ნელი ტემპით მიმდინარეობს. [...] პარტნიორობის მიმართ არა-სტრატეგიული მიდგომები შემუშავდა და ზოგჯერ კი ამან შერეული სიგნალები გამოიწვია. ნატომ უფრო აქტიური სტრატეგიული მიდგომა უნდა შეიმუშაოს ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობის სამართავად, როგორებიც საქართველო და უკრაინაა, სწორედ იმის გამო, რომ სტრატეგიული გარემო იცვლება და დასაშვები ცდომილების ზღვარი მცირდება. ნატოს მკაფიო სიგნალების გაგზავნა სჭირდება,“ ამბობს უეს მიტჩელი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.

მას ასევე მიაჩნია, რომ საქართველოს ჯერ ისევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ დასავლეთს საკუთარი დემოკრატიული წინსვლა და დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებისადმი ერთგულება დაანახოს. ამით ქვეყანა სკეპტიკურად განწყობილ პარტნიორებს „მორალური სიცხადის“ ჩამოყალიბებაში დაეხმარება იმისთვის, რომ ისინი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას დაეთანხმონ.

საქართველომ და უკრაინამ „მკაფიოდ უნდა მოახდინონ იმის დემონსტრირება, რომ დემოკრატიული მმართველობის და ძლიერი დემოკრატიული სტრუქტურების შექმნის მიმართ, ერთგულები არიან. ამას, ცხადია, თან ერთვის დიდი ზეწოლა, რასაც ის სამეზობლო იწვევს, რომელიც საქართველოს და უკრაინას ერგო. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ნატოს და დასავლეთს მორალური სიცხადე უნდა ჰქონდეს საქართველოსა და უკრაინაზე იმისთვის, რომ უფრო დიდი სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღონ,“ აცხადებს მიტჩელი.


მას მიაჩნია, რომ ნატოს მხრიდან საქართველოსთან „საკონტროლო სიით“ ურთიერთობა პროცესს ანელებს და მას განრიგს ხელოვნურად უწესებს. მიტჩელი გამოსავალს ბუქარესტის სამიტის პირობის გადახედვაში და მის ნაცვლად ყოვლისმომცველი სტრატეგიული მიდგომის შემუშავებაში ხედავს. ამ სტრატეტგიაში კი ნატოს მხირდან იმის გაცნობიერებაც უნდა შევიდეს, რომ ალიანსს კავკასიაში ვალენისთვის ბროძოლა სჭირდება.

„ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად სტრატეგიული მიდგომა გვჭირდება, რომელიც ბუქარესტის სამიტის დასკვნას, მისი პირობის საფუძველს თავიდან შეხედავს და ურთიერთობაზე უფრო ყოვლისმომცველად ისაუბრებს იმის ნაცვლად, რომ მიღწეული პროგრესის შეფასების მიმართ ეტაპობრივი მიდგომა ჰქონდეს. ვფიქრობ, ეს ეტაპობრივი მეთოდი იმ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი არიან, გაცილებით ფართო შესაძლებლობებს აძლევს, იმისთვის, რომ საქართველოს ნატოში გაერთიანებას შეეწინააღმდეგონ. ეს ბევრ შესაძლებლობას ქმნის იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება ხელახლა იქნას განხილული.

ამის ნაცვლად, უფრო ყოვლისმომცველი, სტრატეგიული მიდგომა ვფიქრობ უფრო მართებული იქნება, რომელიც ურთიერთობებს ჯამურად შეაფასებს და გააცნობიერებს იმას, რომ ნატოს აღმოსავლეთში დადებითი გავლენისთვის, კონკურენტუნარიანობა სჭირდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯადოსნური ჯოხის მოქნევით, წევრობა შეიძლება ხვალ დადგეს, მაგრამ ვფიქრობ, ეს შექმნის უფრო გონივრულ და რეალისტურ დიალოგს ჩვენს პარტნიორებთან, რომლებიც ალბათ ხშირად სასოწარკვეთაში არიან, პროგრესის ნაკლებობის გამო.“


მიტჩელს მიაჩნია, რომ ალიანსში არსებული მდგომარეობიდან გამოდინარე, ნაადრევია იმის თქმა, რომ საქართველო ნატოში ახლავე უნდა გაწევრიანდეს. თუმცა, ქვეყნის მიმართ სამართლიანი იქნება ის, რომ წარმატების ეტაპობრივად ზომვის ნაცვლად ალიანსმა საქართველო საკუთარი სტრატეგიის დაწინაურების ნაწილად აქციოს.

„უდავოა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიული მმართველობის მხრივ. ის ნატოს ახლო და ეფექტური პარტნიორია. სტრატეგიული გარემოდან და ნატოს მხრიდან შიდა კონსოლიდაციის საჭიროებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ ალიანსის დანიშნულების საფუძვლებს და მის მმართველობას უნდა დავუბრუნდეთ. ვფიქრობ, ნაადრევია იმის თქმა, რომ საქართველო ნატოში ახლა უნდა გაწევრიანდეს. თუმცა, ასევე სამართლიანია იმის თქმა, რომ ეს ერთი შეხედვით დაუსრულებელი პროცესია, რომელიც თითქოს, თითო კვადრატული მეტრით ზომავს პროგრესს. ვფიქრობ, ღირს დაიწყოს დისკუსია უფრო სტრატეგიულ მიდგომაზე, რომელიც ნატოს მისცემს საშუალებას საქართველოს საკითხი, სტრატეგიული და პოლიტიკური თვალსაზრისით, ერთ მთლიან საკითხად შეაჯეროს. ეს ეტაპობრივ მიდგომას აჯობებს და ჩემი აზრით, უფრო მეტადაა თანხვედრაში იმასთან, თუ როგორ შეუძლია ნატოს, როგორც ალიანსს, კავკასიაში გავლენისთვის ბრძოლა,“ უთხრა ამერიკის ხმას მიტჩელმა.

უეს მიტჩელთან სრული ინტერვიუს წაკითხვა შეგიძლიათ აქ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG