ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვშიშობ, რომ ნატოში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების საკითხი ბაიდენის ადმინისტრაციის ტოპ პრიორიტეტებში არ იქნება - სტენლი სლოუნი 


პოლიტიკური მეცნიერებების სპეციალისტი და ატლანტიკური საბჭოს მიწვეული უფროსი სპეციალისტი სტენლი სლოუნი ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში ნატოში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანება შესაძლოა ვერ მოხდეს. მეტიც, სლოუნს მიაჩნია, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან, "სტრატეგიული" შეცდომა იყო.

"ვშიშობ, რომ სამწუხაროდ ნატოში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების საკითხი ბაიდენის ადმინისტრაციის ტოპ პრიორიტეტებში არ იქნება. მე ვფიქრობ, ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია არ გაიმეორებენ იგივე შეცდომას, რაც ჯორ ბუშ უმცროსმა და მისმა ადმინისტრაციამ ვადის ამოწურვის დროს დაუშვეს. მათ მაშინ ზეწოლა მოახდინეს ნატოს წევრ ქვეყნებზე და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ როგორც საქართველო, ასევე უკრაინა გახდებიან ნატოს წევრი ქვეყნები. ეს უფრო სტრატეგიული შეცდომა იყო და არ ვფიქრობ რომ ამ შეცდომას ახალი ადმინისტრაცია გაიმეორებს. ამავე დროს, ბაიდენი შეეცდება გააღრმავოს პოზიტიური თანამშრომლობა ორივე ქვეყანასთან, უკრაინასთანაც და საქართველოსთანაც. ახალი ადმინისტრაცია შეეცდება მხარი დაუჭიროს ეკონომიკურ რეფორმებს, დემოკრატიული პროცესების განვითარებას ორივე ქვეყანაში. ნატოს კარი ღიაა, თუმცა ეს არ იძლევა საშუალებას მათი უახლოეს პერიოდში ნატოში მიღების,"- ამბობს სტენლი სლოუნი.

აქვე პოლიტიკური მეცნიერებების სპეციალისტი ამბობს, რომ ჯო ბაიდენისთვის საგარეო ურთიერთობები პრიორიტეტული საკითხი იქნება. ამის თქმის საფუძველს მას, როგორც თავად განმარტავს, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი კაბინეტის წევრები აძლევს.

"გუნდი რომელსაც ბაიდენი ახლა აყალიბებს, ძალიან გამოცდილია და ძლიერია საერთაშორისო ურთიერთობებში. ეს მიმართულება როგორც ჩანს, ბაიდენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული იქნება,"- ამბობს სლოუნი.

ის გავლენიანი სპეციალისტია და აქტიურად მუშაობს ამ თემებზე. მას რამდენიმე წიგნი აქვს დაწერილი დასავლეთის მომავალზე. 1985 წელს მან წიგნი "ნატოს მომავალი" დაწერა, შემდეგი მისი ნაშრომი კი 2016 წელს გამოქვეყნდა "დასავლეთის თავდაცვა".

განცხადებები საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ სტენლი სლოუნმა გერმანიის მარშალის ფონდის ონლაინ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც მთავარი განსახილველი თემა იყო: "ახალი თავი ნატოსთვის ბაიდენის პრეზიდენტობის დროს?"

ონლაინ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა "ევროპეუმის" ინსტიტუტის ევროპული პოლიტიკის მკვლევარი დანიელ პიატკევიჩი, რომელმაც თქვა, რომ ნატოს ისტორიაში ახლა მნიშვნელოვანი პერიოდია.

"ახლა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები იწყება. ნატო მსჯელობს, როგორ განვითარდეს. მაგიდასთან ჯო ბაიდენი ძალიან მალე დაჯდება, ეს მნიშვნელოვანი მომენტია ბევრი აზრთა სხვადასხვაობა იქნება ნატოს განვითარებაზე და მის მომავალთან დაკავშირებით. პოზიტიური შედეგების მიღების კუთხით, ეს მომენტი ხელიდან გასაშვები არ არის,"- თქვა დანიელა პიატკევიჩმა.

​ნატოს, როგორც ინსტიტუტის განვითარებაზე და სამომავლო გეგმებზე, ვრცლად ისაუბრა სტენლი სლოუნმა. მას მიაჩნია, რომ ამერიკის მთავარი საყრდენი ევროპაა.

"დონალდ ტრამპმა მოლაპარაკებების მაგიდა დატოვა, ბაიდენი ამერიკულ მხარეს მაგიდასთან დააბრუნებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი იქნება დასავლეთში. როცა ამერიკის შეერთებული შტატები მაგიდასთან ბრუნდება, ის დამსახურებულად იღებს ადგილს მაგიდის თავში. ახლა ჩვენ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ისტორიული მომენტის მოწმე ვართ. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური საყრდენია ევროპა. ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ ევროპული სახელმწიფოების ლიდერები ბევრად ოპტიმისტურად არიან განწყობილები და ელოდებიან ურთიერთობების უფრო გაღრმავებას და დაახლოებას,"- თქვა სლოუნმა.

ონლაინ კონფერენცია, რომელიც გერმანიის მარშალის ფონდმა გამართა, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG