ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას გულისხმობს ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ განახლება


იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

„ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, საქართველოსთვის, პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერების თვალსაზრისით“ - აცხადებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლების შესახებ, დავით ზალკალიანი.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, განახლებული პაკეტი მნიშვნელოვან ელემენტებს მოიცავს, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, ასევე, წრთვნისა და აღჭურვის საქმიანობის გაფართოების მიმართულებით. ამასთან, საქართველოს პირველი დიპლომატი აღნიშნავს, რომ „არსებითი პაკეტი“ აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, აახლოვებს ნატოს წევრობასთან და მნიშვნელოვნად ზრდის ნატოს სტანდარტებთან თავსებადობას.

„ჩვენ გვაქვს უკვე გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანად აძლიერებს თავდაცვისუნარიანობას, მდგრადობას, კიდევ უფრო გვაახლოებს წევრობასთან და ზრდის ჩვენი თავდაცვისუნარიანობის თავსებადობას ნატოს სტანდარტებთან. იქ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კონკრეტული ელემენტი, მათ შორის - შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, მათ შორის - უსაფრთხო კომუნიკაციის დაფუძნების თვალსაზრისით წვრთნისა და აღჭურვის ცენტრის საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებასთან მიმართებაში“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის განახლების გადაწყვეტილება, ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მნისტრთა საბჭოს სხდომაზე, 2 დეკემბერს მიიღეს. შეხვედრაზე მიწვეული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც.

საბჭოს გადაწყვეტილებით, რაც „არსებითი პაკეტის“ განახლებას გულისხმობს, კმაყოფილებას გამოთქვამს ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა მოკავშირის არა მხოლოდ ძლიერი პოლიტიკური, არამედ პრაქტიკული მხარდაჭერაც აქვს, რაც „არსებითი პაკეტის“ გაძლიერებაშიც გამოიხატება.

2 დეკემბერს, ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ქართველ და უკრაინელ პირველ დიპლომატებთან ერთად, შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების საკითხზეც იმსჯელეს. ნატომ კვლავ გამოხატა მხარდაჭერა ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონს ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი აგრძელებს საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, სამხედრო ძალებს ზრდის ყირიმში და სულ უფრო აქტიურად განათავსებს საკუთარ ძალებს შავი ზღვის რეგიონში, რასაც ნატო პასუხობს რეგიონში ყოფნის გაძლიერებით ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში.

გენერალურმა მდივანმა საქართველოს და უკრაინას უწოდა ნატოს ღირებული პარტნიორები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ალიანსის მისიაში. სტოლტენბერგის თანახმად, ნატო საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას გააძლიერებს.

ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტი“ 2014 წელს, უელსის სამიტზე მიიღეს. სამიტის დეკლარაციის თანახმად, „არსებითი პაკეტი“ განავითარებს საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს და დაეხმარება ალიანსში გაწევრიანების მიზნის მიღწევაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG