ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პეტრეუსი: თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, აშშ უკრაინაში და შესაძლოა შავ ზღვაშიც, მის ჯარს გაანადგურებს


აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორი, გენერალი (თადარიგის) დევიდ პეტრეუსი

ოთხვარსკვლავიან გენერალს (თადარიგის) დევიდ პეტრეუსს მიაჩნია, რომ თუ რუსეთმა უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენა, შეერთებული შტატები და ნატოს მოკავშირები რუსეთის ჯარის კონვენციურ შესაძლებლობებს გაანადგურებენ ყველგან, სადაც მათზე ხელი მიუწვდებათ, მათ შორის, შავ ზღვაშიც.

პეტრეუსი, რომელიც წარსულში დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორიც იყო, აცხადებს, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს და დემოკრატიების თანადგომით, რუსეთის არმიის განდევნას, სულ მცირე, 24 თებერვლის პოზიციებამდე მოახერხებს. თუმცა ის დასძენს, რომ ამისთვის უკრიანას მძიმე ბრძოლების გადატანა მოუწევს.

ასევე, როგორ ვითარდება სიტუაცია ბრძოლის ველზე და რამდენად შეუძლია უკრაინას საკუთარი ცის ჩაკეტვა? ამ და სხვა თემებზე გენერალ პეტრეუსს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

ბატონო გენერალო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. მოდით უკრაინაში ბოლო მოვლენებით დავიწყოთ. რუსეთმა საკუთარი საარტილერიო კამპანია გაააქტიურა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალაქებს ბომბავს და ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. როგორ ფიქრობთ, ომი ახალ ეტაპზე გადავიდა?

რუსეთი უკვე დიდი ხანია უკრაინას სჯის. ამაში შედის არასამხედრო სამიზნეების განადგურება, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა. ამჯერად, როგორც ჩანს, მნიშვნელოვან ყურადღებას ამახვილებენ ელექტროენერგიის მომარაგებისა და წარმოების სისტემაზე. მაგრამ სინამდვილეში მათ ამის მეტი არაფერი დარჩათ. საშინელი დინამიკა, რომელიც ახლა რუსებს უპირისპირდება, არის ის, რომ უკრაინელებმა მობილიზება ბევრად უკეთ შეძლეს ვიდრე რუსებმა. ასევე, უკრაინელების მხარეს დემოკრატიის არსენალია - შეერთებული შტატები და სხვა მოკავშირეები - რომელიც მას დახმარებას უწევს, იქნება ეს იარაღით თუ სხვა ფორმით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უკრაინას ახლა უფრო დიდი და ბევრად ქმედუნარიანი არმია ჰყავს, ვიდრე რუსეთს. პუტინს ახლა ნამდვილად არაფრის გაკეთება არ შეუძლია, არც მოკლევადიან ან თუნდაც საშუალოვადიან პერსპექტივაში და შესაძლოა, საერთოდაც. მისი რეფერენდუმები, რომლის დროსაც ხალხს იარაღით ადგნენ თავზე უაზრო იყო, ანალოგიურად აზრს მოკლებულია ანექსიაც. უკრაინელები უკვე ათავისუფლებენ ზოგიერთ ტერიტორიას, რომელთა ანექსიაც რუსეთმა სცადა.

ვხედავთ, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე უკან იხევს, უკრაინელებმა კი ძალიან შთამბეჭდავი შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს. ეს გრძელდება. რუსეთის ნაწილობრივი მობილიზაცია ვერ შეკრებს რუსეთისთვის კარგად გაწვრთნილ, კარგად აღჭურვილ და მოტივირებულ ჯარისკაცებს, რომლებიც რუსეთს თავდაცვითი ხაზების აღსადგენად სჭირდება.

დროთა განმავლობაში, როცა რუსეთის მიერ კონტროლირებული ტერიტორია შემცირდება და უკრაინელები საკუთარ ტერიტორიას უკან დაიბრუნებენ, რუსებისთვის უფრო ადვილი გახდება საკუთარი თავდაცვის ხაზების გამყარება. მაგრამ აღსანიშნავია ის, რომ უკრაინელებს უკეთესად გაწვრთნილი, უკეთ აღჭურვილი და ორგანიზებული ჯარი ჰყავთ ვიდრე რუსეთს. ქვეყანას, რომელიც რუსეთზე სამჯერ პატარაა, ბრძოლის ველზე უფრო დიდი და ბევრად ეფექტური არმია ჰყავს. ერთადერთი შესაძლებლობა, რომელიც რუსეთს აქვს, არის ქვეყნის დასჯის უნარი.
მათ ამის გაკეთება ტაქტიკური გზით, ბრძოლის ველზე დიდი რაოდენობით არტილერიის გამოყენებით სამხედრო ინფრასტრუქტურაზე და ასევე უკრაინის ძალებზე იერიშის მიტანით შეუძლიათ. ასევე შეუძლიათ უფრო სტრატეგიული მიდგომა ჰქონდეთ და ფრთოსანი რაკეტების, გრძელი რადიუსის რაკეტებისა და ბომბების გამოყენებით უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გაანადგურონ, სწორედ ისე, როგორც მათ ეს ბოლო დღეებში გააკეთეს.

მაგრამ საკითხავია, როდემდე შეეძლებათ მას ამის გაგრძელება? მათ საბრძოლო მასალა ეწურებათ იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთის სანქციების გამო მათი სამხედრო ინდუსტრიული ბაზა მკვეთრად დეგრადირდა.

არ მგონია მათ საპასუხოდ ბირთვული იარაღი გამოიყენონ, რადგან ცუდი იდეაა ესკალაციის კიბეზე შედგომა, რადგან არასდროს იცი ის სად დამთავრდება. რეალური შესაძლებლობაა ფოკუსირება მოახდინონ რუსეთის ძალებზე უკრაინაში, შესაძლოა შავ ზღვაზეც კი და ამის გაკეთება ჩვეულებრივი შეიარაღებით იქნება შესაძლებელი, რომელიც ამერიკას საკუთარ არსენალში აქვს.

რუსეთი კვლავ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. პუტინს რუსეთში არსებული მემარჯვენე ძალები აკრიტიკებდნენ, რომ ის ამ დრომდე უკრაინის მიმართ საკმარისად მკაცრი არ იყო. ახლა, რა თქმა უნდა, მას ტაშს უკრავენ, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ ექნება. პირიქით, უკრაინელები ამის გამო კიდევ უფრო მეტად გაერთიანდებიან და უფრო მეტად ექნებათ შემართება დაიბრუნონ მთელი საკუთარი ქვეყანა.

თქვენ ახსენეთ უკანონო რეფერენდუმები, რეფერენდუმები იარაღის მუქარით. უკრაინის ამ ოთხ რეგიონზე რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აცხადებს, რომ ისინი ახლა რუსეთის ტერიტორიაა. ის უკვე რამდენჯერმე დამუქრა საჯაროდ, რომ რომ ყველაფერს გააკეთებს ამ ტერიტორიების დასაცავად. რას ფიქრობთ ამაზე, არის თუ არა ეს შეერთებული შტატებისა და მოკავშირეებისთვის რაიმე სახი ლიმიტი უკრაინის დასახმარებალად ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად?

ეს დიდწილად უაზრო ნაბიჯი იყო. უკრაინელები მას არ ეთანხმებიან და სწორედ უკრაინელები იბრძვიან ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად. დიახ, შეერთებული შტატები და დასავლეთის ქვეყნები უზრუნველყოფენ უკრაინას დიდი რაოდენობით იარაღითა და საბრძოლო მასალით. ამერიკას დღემდე უკრაინისთვის 17,5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი და საბრძოლო მასალა აქვს გაგზავნილი. უკრაინელები უარს ამბობენ ანექსიის მიღებაზე და ეს გადაწყვეტილება პუტინმა მათ ვერ შეაცვლევინა. მათ სურთ დაიბრუნონ ეს ტერიტორიები და ამისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

ფაქტია, რომ არსებობს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე. ამიტომ, შეერთებულმა შტატებმა - და სხვათა შორის, არა მხოლოდ აღმასრულებელმა შტომ, არამედ ჩვენმა კონგრესმაც, განაცხადა, რომ ეს მიუღებელი იქნება. ყველა ჩვენმა მოკავშირემ და პარტნიორმა, და თუნდაც ზოგიერთმა პოტენციურმა მოწინააღმდეგემ მთელ მსოფლიოში, ყველამ უნდა გადასცეს პუტინს, რომ ეს სერიოზული შეცდომა იქნება. ჯეიკ სალივანმა, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა საჯაროდ განაცხადა, რომ იგი რუს კოლეგას დაუკავშირდა და უთხრა, რომ ამერიკის რეაგირება რუსეთისთვის „კატასტროფული“ იქნებოდა.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა. ეს იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ამერიკის ხელმძღვანელობით შეიქმნება მრავალეროვნული სამხედრო ჯგუფი იმისთვის, რომ განხორციელდეს რაიმე სახის საპასუხო ნაბიჯი. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ რა თქმა უნდა, არსებობს რამდენიმე ვარიანტი და ეს ყველაფერი დარწმუნებული ვარ, მრავალი კვირის განმავლობაში შემუშავდა. თეთრი სახლის „სიტუაციების ოთახში“ მყოფებმა უკვე შეისწავლეს რის გაკეთება არის შესაძლებელი. ეს მოიცავს ბევრად მეტს, ვიდრე უბრალოდ სამხედრო რეაქცია და ამაში შედის უფრო მეტი ფინანსური, ეკონომიკური და პერსონალური სანქციები, უფრო მეტი კონტროლი ექსპორტზე, სხვადასხვა დიპლომატიური ინიციატივა და უამრავი სხვა ნაბიჯი რუსეთის იზოლირებისთვის.

ის, თუ რა გაკეთდება, საბოლოოდ, დამოკიდებული იქნება ტაქტიკური ბირთვული იარაღის კონკრეტულ გამოყენებაზე ან რუსეთის მხრიდან სხვა საზარელ ქმედებებზე. მაგრამ, კიდევ ერთხელ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ეს ბრძოლის ველზე დინამიკას არ შეცვლის. ეს უკრაინელებს ხელს არ შეუშლის გააგრძელონ ტერიტორიების უკან დაბრუნება და სხვათა შორის, თუ რუსები გამოიყენებენ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ფრონტის ხაზზე, ამით მის საკუთარ ჯარისკაცებს საფრთხე შეექმნებათ. რუსეთის ჯარს არ აქვს მისიაზე ორიენტირებული დამცავი აღჭურვილობა, რომელიც აუცილებელია ასეთ ვითარებაში. ასევე თუ ქარი აღმოსავლეთისკენ დაუბერავს, მან შესაძლოა რადიოაქტიური ღრუბელი რუსეთის თავზე გადაისროლოს და არა დასავლეთისკენ. ასე რომ, ყველამ უნდა დაარწმუნოს პუტინი, რომ ეს იქნება სერიოზული შეცდომა, რომელიც მას მსოფლიოში აბსოლუტურად გარიყავს ყველასგან, იმაზე მეტად, ვიდრე ის დღეს არის. ასევე, ამ ნაბიჯით ის უფრო ღრმა ორმოს ამოთხრის იმის ნაცვლად, რომ ორმოდან ამოსასვლელი გზა მონახოს.

გასულ კვირას ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ თქვით, რომ თუ რუსეთი გამოიყენებდა ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, ამერიკა და მოკავშირეები რუსეთის ჩვეულებრივ სამხედრო ძალებს გაანადგურებდნენ, სადაც კი მათ ნახავდნენ. რას გულისხმობდით ამაში? უკრაინაში განლაგებულ სამხედრო ძალას, თუ სხვაგანაც, მაგალითად, სირიაში?

უკრაინის ძალები სამხრეთის ფრონტზე წინ მიიწევს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:52 0:00

იქნება მრავალი ვარიანტი და ეს იქნება მნიშვნელოვნად დამაზიანებელი. ამ გადაწყვეტილებაში გამოყენებული იქნება საკმაოდ შემოქმედებითი მიდგომა. ის, რაც მე აღვწერე, არის მხოლოდ ერთი შესაძლებლობა ბევრი შესაძლო ვარიანტიდან. არ არის გამორიცხული რომ შეერთებულმა შტატებმა წარმართოს ოპერაცია, სავარაუდოდ, ზოგიერთ მოკავშირესთან ერთად. არ მგონია მათ საპასუხოდ ბირთვული იარაღი გამოიყენონ, რადგან ცუდი იდეაა ესკალაციის კიბეზე შედგომა, რადგან არასდროს იცი ის სად დამთავრდება. რეალური შესაძლებლობაა ფოკუსირება მოახდინონ რუსეთის ძალებზე უკრაინაში, შესაძლოა შავ ზღვაზეც კი და ამის გაკეთება ჩვეულებრივი შეიარაღებით იქნება შესაძლებელი, რომელიც ამერიკას საკუთარ არსენალში აქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გზები, რომლებსაც უკრაინის ბრძოლის ველზე რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების დასუსტება კიდევ უფრო მეტად შეუძლია .

მინდა იარაღის მიწოდებაზეც გკითხოთ. გერმანიამ ორშაბათს გამოაცხადა, რომ ანტი-საჰაერო სისტემა "აირის-თი" უკრაინაში რამდენიმე დღეში ჩავა. ასევე, არ ვიცი ამერიკულ-ნორვეგიული "ნასამები" უკვე უკრაინაშია თუ არა, მაგრამ მათ უკრაინა მიიღებს. თქვენი აზრით, ამ სხვადასხვა ანტი-საჰაერო სისტემის ერთობლიობა, რომელსაც უკრაინელები იღებენ მოკავშირეებისგან, რეალურად დაეხმარება თუ არა მათ საკუთარი ცის ჩაკეტვაში?

პასუხი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე თუ ომის ახალი ეტაპი?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:57 0:00

ეს მათ მნიშვნელოვნად დაეხმარება. გაითვალისწინეთ, სხვათა შორის, რომ ისინი უკვე ეფექტურად აკეთებენ ბევრ რამეს და ძალიან შთამბეჭდავად მუშაობენ. ისინი რაკეტების, თვითმფრინავების და დრონების, დაახლოებით, ნახევარს აგდებენ ციდან. დრონები მზარდი პრობლემაა, თუმცა ისინი გაცილებით მცირე ზომის საბრძოლო მასალაა. მათ საჰაერო სივრცეში შესული მფრინავი აპარატების ნახევარი უკვე ნადგურდება. გამოწვევები რა თქმა უნდა არის. საბრძოლო მასალას, რომელიც ამ სისტემებისთვის გამოიყენება, შევსება სჭირდება. მათ, ცხადია, სჭირდებათ დამატებითი სისტემები, მაგალითად, ეროვნული მოწინავე სარაკეტო სისტემა, რომელიც თქვენ ახსენეთ "ნასამები" (NASAMS).

შეერთებულმა შტატებმა დადო პირობა, რომ მათ უკრაინას გაუგზავნის. რამდენადაც მე ვიცი, ზოგიერთი მათგანი ჯერ ბოლომდე არ არის მიწოდებული, რადგან სისტემის ოპერირებისთვის მიმდინარეობს ტრენინგი და დამატებითი სამუშაოები მათ ადგილზე ჩასატანად. ამავდროულად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ უკრაინის სისტემასთან თავსებადი სისტემები, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ძველი საბჭოთა ან რუსული სისტემები, მაგალითად "ეს-300" და სხვა, უკვე აწვდიან უკრაინას ამ შეიარაღებას. ამაში დამატებითი საბრძოლო მასალის მიწოდებაც შედის. ასე რომ, ამას მთელი ალიანსის ძალისხმევა სჭირდება და ყველაზე აქტუალური საჭიროება ამჟამად უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდაა.

ზოგიერთ თქვენს კოლეგას მიაჩნია, რომ თუ უკრაინა მიიღებს იარაღს, რომელსაც ის ითხოვს, უკრაინის ჯარი რუსეთის, სულ მცირე, 24 თებერვლის პოზიციებამდე დაბრუნებას შეძლებს. თქვენ გჯერათ ამის?

წინ ბევრი რთული ბრძოლაა. ეჭვგარეშეა, რომ უკრაინელებს ბევრი მძიმე მსხვერპლი ექნებათ. ზამთარი რთული იქნება, მაგრამ ის რუსეთისთვის ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე - უკრაინისთვის. მაგრამ ნახეთ, უკრაინელები ამას აღიქვამენ, როგორც მათი დამოუკიდებლობისთვის ომს, ისინი იბრძვიან საკუთარი ეროვნული გადარჩენისთვის და აბსოლუტურად გადაწყვეტილი აქვთ, რომ მთელი ქვეყანა უკან დაიბრუნონ. ახლა ეს გულისხმობს ყირიმის დაბრუნების შესაძლებლობასაც. ამ მხრივ არსებობს რეალური სამხედრო გამოწვევები, მაგრამ ეს ვარიანტიც გაჩნდა. იმის დაბრუნება, რაც მათ 24 თებერვლის შემდეგ დაკარგეს, ვფიქრობ, შესაძლებელია. არ მგონია რუსეთს შეუძლია რაიმე გააკეთოს იმისთის, რომ ეს საბოლოო შედეგი თავიდან აიცილოს. საკითხავია რა დრო დასჭირდება ამას. რამდენად რთული იქნება ეს უკრაინელებისთვის? რამდენი მსხვერპლი მოჰყვება ამას? რამდენად შეძლებს რუსეთი სადამსჯელო ზომების მიღებას სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ? ამ კითხვაზე პასუხი, რუსეთის სამხედრო შენაერთების ჩამოშლის ტემპზეა დამოკიდებული. ჩვენ უკვე ვნახეთ არა მხოლოდ ცალკეული რუსი ჯარისკაცების ჩაბარების შემთხვევები, არამედ ვხედავთ მთელი დანაყოფების ჩაბარებას, ჩამოშლას, როგორც ეს აღმოსავლეთში უკრაინის სწრაფი შეტევის ფონზე მოხდა.

დიახ, თან აღჭურვილობით...

დიახ, რუსებს ეწურებათ გამოყენებადი აღჭურვილობა. ისინი რეალურად იღებენ დახმარებას ბელარუსიდან, ასევე ცდილობენ იყიდონ საბრძოლო მასალა ჩრდილოეთ კორეისგან. ისინი უკვე ყიდულობენ დრონებს ირანისგან. ასე რომ, მათ აქვთ უზარმაზარი გამოწვევები და ისინი მხოლოდ გაუარესდება.

ადმინისტრაციისგან ხშირად გვესმის, რომ შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით იდგება და მას დაეხმარება იმდენ ხანს, რამდენიც ეს საჭირო იქნება. იშვიათად გვესმის ტერმინი, რომ უკრაინას მხარს ვუჭერთ მანამ, სანამ ის არ გაიმარჯვებს. რას ფიქრობთ ამაზე, რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

ვფიქრობ, რომ ჩვენმა მთავრობამ, როგორც თეთრმა სახლმა, ასევე კონგრესმა, ძალიან ნათლად აჩვენა, რომ ჩვენ გვსურს უკრაინამ გაიმარჯვოს და ჩვენ მათთან ვიქნებით, სანამ ისინი არ გაიმარჯვებენ. მგონია ამ სიტყვის გამოყენება ერთგვარ დისკომფორტს იწვევს. მე როცა ჯარში ვმსახურობდი, სიტყვა გამარჯვებას არ ვიყენებდი. ვსაუბრობდი პროგრესზე. ვფიქრობ, რომ ეს ცოტა უფრო მოზომილია. ვფიქრობ, არსებობს ძლიერი შემართება და ეს ორპარტიულია.

არც ოპტიმისტი ვარ და არც პესიმისტი. მე რეალისტი ვარ. რეალობა კი ის არის, რომ უკრაინას აქვს უფრო დიდი, უფრო ძლიერი სამხედრო ძალა და ის არის ბევრად უფრო მოტივირებული. მხოლოდ მათი საბრძოლო სულისკვეთება უკვე ბევრ რამეს ნიშნავს.

ამ ძალისხმევის ერთ-ერთი ლიდერი კაპიტოლიუმის ბორცვზე, უმცირესობის ლიდერი მიჩ მაკონელია, ადამიანი, რომელიც მმართველი პარტიის წევრი არ არის. ორივე მხარეს თავდადებით აქვს გადაწყვეტილი, რომ უკრაინას მივაწოდოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რაც შეიძლება სწრაფად და ისე, რომ მათ ამ დახმარების მიღება და სწორად გამოყენება შეძლონ.

ეს ძალიან ცუდია რუსეთისთვის. რუსეთს მის გვერდით დემოკრატიის არსენალი არ ჰყავს. ირანული დრონების გარდა, არც ერთი ქვეყანა არ აწვდის მნიშვნელოვან დახმარებას. ისინი ძალიან ღრმა ორმოში არიან და ეს ორმო უფრო გაღრმავდება ვიდრე ყველაფერი დამთავრდება.

როგორც ჩანს, თქვენ ძალიან ოპტიმისტურად ხართ განწყობილი უკრაინის მიმართ.

ეს არის კიდევ ერთი ფრაზა, რომელსაც არ ვიყენებდი, როცა ერაყში ჩვენს ჯარს ვხელმძღვანელობდი. არც ოპტიმისტი ვარ და არც პესიმისტი. მე რეალისტი ვარ. რეალობა კი ის არის, რომ უკრაინას აქვს უფრო დიდი, უფრო ძლიერი სამხედრო ძალა და ის არის ბევრად უფრო მოტივირებული. მხოლოდ მათი საბრძოლო სულისკვეთება უკვე ბევრ რამეს ნიშნავს. მოგეხსენებათ, კლაუზევიცი ამბობდა, ომში მორალური სიძლიერე სამჯერ აღემატება ფიზიკურ სიძლიერეს. ეს კი უდავოდ, სიმართლეა უკრაინის სასარგებლოდ.

XS
SM
MD
LG