ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის


ოფიციალური პარიზის ცნობით, საფრანგეთი უკრაინას რუსული დრონების ქალაქებზე თავდასხმების აღსაკვეთად საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის და ასევე, გაფართოვდება უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნის პროგრამებიც.

რამდენიმე კვირის განმავლობაში 2000-მდე უკრაინელი სამხედრო საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად როტაციის პრიცნიპით გაივლის საწვრთნელ კურსს. კურსი გულისხმობს როგორც საბრძოლო წვრთნას, ისე სპეციალიზებულ წვრთნას ლოჯისტიკისა და სხვა მიმართულებით, ასევე იმ იარაღისა და აღჭურვილობის გამოყენების კუთხით, რომელსაც საფრანგეთი უკრაინას აწვდის. ამის შესახებ ერთ-ერთ გამოცემაში გამოქვეყნებულ ინტერვიუში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა.

საფრანგეთში უკრაინელმა ჯარისკაცებმა საწვრთნელი კურსი აქამდეც გაიარეს, მაშინ ისინი თვითმავალი ჰაუბიცების - "ცეზარის" - გამოყენებას სწავლობდნენ. საწვრთნელი პროგრამის გაფართოებით, მინისტრის თქმით, საფრანგეთი მნიშვნნელოვან ნაბიჯს დგამს და "ცვლის მასშტაბს".

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის განმარტებითვე "კროტალის" ტიპის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემების ბატარეებს, რომლებსაც პარიზი უკრაინისთვის გადასაცემად ამზადებს, "კონკრეტულად გამოსაყენებელი იქნება დრონების და საჰაერო დაბომბვების წინააღმდეგ ბრძოლაში".

საფრანგეთს 12 ასეთი ბატარეა აქვს, მინისტრს არ დაუკონკრეტებია რამდენ მათგანს გადასცემენ უკრაინას, მაგრამ თქვა, რომ ეს საგულისხმოდ დაეხმარება ქვეყანას მისი ცის ჩასაცავად.

XS
SM
MD
LG