ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ათენი პარალიზებულია


ათენი პარალიზებულია
ათენი პარალიზებულია

საყოველთაო გაფიცვას და პარლამენტის წინ მასობრივ საპროტესტო აქციას საბერძნეთში პოლიციას და დემონსტრანტებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. გაფიცვას კერძო და საჯარო სექტორის პროფკავშირებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ოთხშაბათს პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორია დაახლოებით 70 ათასმა დემონსტრანტმა დაიკავა. ისინი მთავრობის მიერ ბიუჯეტის შეკვეცის უკიდურეს ზომას აპროტესტებენ. ხელისუფლება ხელფასების შემცირებას და გადასახადების გაზრდას ევროკავშირისგან მასტიმულირებელი ფინანსური პაკეტის მიღების აუცილებელი პირობით ხსნის.

გაფიცვა და დემონსტრაცია ათენში უდიდესია ივნისის საყოველთაო გაფიცვის შემდეგ. მეტალურგი თანასის პროტელისი ამბობს, რომ ისინი უკან დახევას არ აპირებენ:

ეს ხელისუფლება უნდა დაემხოს და ყველა პარტია, რომელიც ამ ზომებს მხარს უჭერს, მას თან მიჰყვება“ - ამბობს ის.

ათენი პრაქტიკულად პარალიზებულია. 48-საათიანმა გაფიცვამ კერძო და საჯარო სტრუქტურები მოიცვა. აეროპორტებში და მთავარ საზღვაო პორტებში სრული სიჩუმეა. თვითმფრინავები და გემები იქ გაუნძრევლად დგანან. სკოლების, მაღაზიების და ბანკების კარებები ორი დღით დაკეტილია.

პროფესიული კავშირების ერთ-ერთი ორგანიზაციის ლიდერი, ილიას ილიოპულუსი, ამბობს, რომ ბიუჯეტის შეკვეცამ საბერძნეთი სრულიად უუნარო გახადა.

ჩვეულებრივი მუშა უზარმაზარ გადასახადებს იხდის. მას ხელფასიც შეუმცირეს და პენსიაც. ეკონომიკა ქვეყანაში პრაქტიკულად მოისპო. 500 000 ბიზნესი დაიხურა და 1.2 მილიონი ადამიანი უმუშევარი დარჩა. არსებობა გახდა შეუძლებელი, არათუ სახელმწიფო გადასახადების გადახდა“ - აცხადებს აქტივისტი.

გაფიცვას ბევრი არ უჭერს მხარს. სტეფანოს ტროპაკისი „პირაეუს ბანკის“ ბროკერია. მისი აზრით გაფიცვა და დემონსტრაცია ისედაც მძიმე სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. პრობლემებს თვალებში ერთად უნდა შევხედოთ და ერთად ვიზრუნოთ მათ გამოსწორებაზე, ამბობს ის.

ამჟამად ბერძენი კანონმდებლები საჯარო მოხელეთა ხელფასების შემცირების კიდევ ერთ პროექტს აძლევენ ხმას, რომლის მიხედვითაც დამატებით 30 ათას ადამიანს შეუმცირდება ხელფასი. აღნიშნულ ზომას მათი პენსიების შემცირება და სახელმწიფო გადასახადის გაზრდა ავტომატურად მოჰყვება. ეს ყოველივე მთლიანი შიდა პროდუქტის 162 პროცენტით შეკვეცის გეგმაში შედის.

მასტიმულირებელი ფინანსური პაკეტის შემდეგი 11-მილიარდიანი ტრანშის მისაღებად საბერძნეთს დიდი სამეულის: საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროკავშირის და ევროპის ცენტრალური ბანკის მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს.

პოლიტიკური კომენტატორი კოსტას რაპიტისი ამბობს, რომ ბერძნების უმრავლესობას მიაჩნია, რომ საბიუჯეტო ცვლილებები დეფოლტის თავიდან ასაცილებლად ერთადერთი სწორი გამოსავალი იყო.

„მას შემდეგ, რაც სამეულის პირობები შევასრულეთ, ყველაფერი მაინც უარესობისკენ წავიდა. თითქოს მომაკვდინებელ სპირალში ვართ. მკაცრი ზომები მდგომარეობას არ აუმჯობესებს. როგორ უნდა ამოვიდეთ დაგებული ხაფანგიდან, ვერ ვხვდები“ - ამბობს ჟურნალისტი.

დაგებული მახის არამარტო საბერძნეთს ეშინია, არამედ ისეთი დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, როგორიცაა ესპანეთი და იტალია. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ამ ორი ქვეყნის ფინანსურ კრიზისს შესაძლოა ბევრად უფრო დრამატული შედეგები მოჰყვეს, ვიდრე ეს საბერძნეთში ხდება.

XS
SM
MD
LG