ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩვენ ასე გვესმის ევროპა! თუ ევროპა სხვა რამეა, მაშინ გვითხარით - პაპუაშვილი ჰერჩინსკის შესახებ


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უადგილოს უწოდებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის კომენტარს, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი ქვეყანაში დეპოლარიზაციას არ შეუწყობს ხელს.

"ვფიქრობ, რომ ეს განცხადება უადგილოა, ვინაიდან საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციას და კანონის უზენაესობას და როცა ვსაუბრობთ კანონის უზენაესობაზე, აქ, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, უზენაესი კანონი ანუ კონსტიტუცია იგულისხმება...

განსაკუთრებით უცხოელ აქტორებს მოვუწოდებ, პატივი სცენ მასპინძელი ქვეყნის კონსტიტუციურ მოწყობას. ეს პროცესი, ვხედავთ, რომ აბსოლუტურად ცივილიზებულად, ევროპულად მიდის სასამართლოში. ეს არის ევროპა! ჩვენ ასე გვესმის ევროპა! თუ ევროპა არის სხვა რამე, მაშინ გვითხარით, რომ ევროპა გულისხმობს, რომ კონსტიტუციის დარღვევა უნდა ავიტანოთ, კანონის უზენაესობას პატივი არ უნდა ვცეთ", - თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომლის იმპიჩმენტის პროცესიც დაიწყო საპარლამენტო უმრავლესობამ, არა მარტო კონსტიტუციის დარღვევაში, არამედ პოლარიზაციის გაღრმავებაშიც დაადანაშაულა.

"პოლარიზაცია-დეპოლარიზაციის ჭრილში, პირიქით, პოლარიზაციას ახდენს, როდესაც ერთ-ერთი კონსტიტუციური ორგანო, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი, იჭრება და ითვისებს სხვა ორგანოს უფლებამოსილებებს. სწორედ ეს არის პოლარიზაცია. ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის განცხადებები ხელს უწყობს ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს, ის გაჯიუტდეს კონსტიტუციის დარღვევაში და პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდეს", - ამბობს პაპუაშვილი.

ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის, რომელიც დღეს, 6 ოქტომბერს, ესწრებოდა დემოკრატიის მომავლის შესახებ დისკუსიას, ჟურნალისტებმა ჰკითხეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიმდინარე პროცესზე.

"ახლა საქმე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოშია. ამ საკითხზე ცოტა რამ შემიძლია გითხრათ. ჩვენ ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს სასამართლოს გადასაწყვეტია, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია. თუ მეკითხებით, ეს ეხმარება თუ არა დეპოლარიზაციას, ნათლად - არა.

სამწუხაროდ, ეს ასუსტებს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ეს ზუსტად მაშინ ხდება, როცა გაფართოების შესახებ პირველი ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს. ვნახავთ, როგორ დასრულდება. მაგრამ ნათელია, როცა ეს ნომერ პირველი პრიორიტეტი ხდება, ეს პროცესი დეპოლარიზაციისთვის არახელშემწყობი და უდროოა, რაც ნათლად გამოხატა უმაღლესმა წარმომადგენელმა, ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეფ ბორელმა, როდესაც თბილისში იმყოფებოდა რამდენიმე კვირის წინ", - უთხრა მან ჟურნალისტებს.

იმპიჩმენტის პროცესი

1 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია იწყებდა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას. საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში 14 სექტემბერს შევიდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საკითხის განსახილველად და დასკვნის მოსამზადებლად კონსტიტუცია ერთთვიან ვადას აძლევს. საკითხის განხილვა სასამართლომ 5 ოქტომბერს დაასრულა.

  • მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ჩაერთოს ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში მთავრობის თანხმობის გარეშე. კონსტიტუციის მისეული განმარტებით, ქვეყნის პრეზიდენტს მთავრობის თანხმობა სჭირდება მაშინაც, თუ ის ქვეყანაში ჩამოსულ სხვა ქვეყნის ლიდერს შეხვდება და მაშინაც კი, თუ წავა სხვა ქვეყანაში გამოფენაზე დასასწრებად ან დაკრძალვის ცერემონიაზე - გამონაკლისის გარეშე.
  • საკონსტიტუციო სასამართლოში 10-წლიანი სამოსამართლეო გამოცდილების მქონე მაია კოპალეიშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს წარმოადგენდა ამ განხილვაში, ამბობს, რომ ქვეყნის პოლიტიკის განსაზღვრა, საერთაშორისო ხელშეკრულებების დადება არის ის საკითხები, რომლებშიც პრეზიდენტს სჭირდება მთავრობის თანხმობით "წარმომადგენლობითი უფლებამოსილება". მისი თქმით, ქვეყნის კონსტიტუცია პრეზიდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, ჩართული იყოს ისეთ საგარეო ურთიერთობებში, რომლებიც არ ეხება ქვეყნის კურსის ცვლილებას - მთავრობის ნებართვის გარეშე შეხვდეს სხვა ქვეყნის ლიდერებს, გაუგზავნოს მათ წერილები, დაურეკოს და უპასუხოს მათ სატელეფონო ზარებს.

პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის აუცილებელია სასამართლოს უარყოფითი დასკვნა (9 მოსამართლიდან 6-ის თანხმობა), რომელიც უნდა გადაიგზავნოს პარლამენტში. ამის შემდეგ ორი კვირის ვადაში საკითხი კენჭისყრაზე დგება - პრეზიდენტის გადასაყენებლად საჭიროა 100 დეპუტატის ხმა, რაც მმართველ პარტიას დღევანდელი მდგომარეობით არ აქვს.

14 ოქტომბრისთვის ცნობილი უნდა გახდეს, რას ფიქრობს საკონსტიტუციო სასამართლო - შეეძლო თუ არა საქართველოს პრეზიდენტს მთავრობის ნებართვის გარეშე ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა და ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მხარდაჭერის თხოვნა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG