ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზურაბიშვილი სებ-ში თურნავას წარდგენის გამო ბოდიშს იხდის და მას გადაგომისკენ მოუწოდებს


ფოტო არქივიდან - სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი.
ფოტო არქივიდან - სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში კანდიდატად წარადგინა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა. ქვეყნის პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს გადადგომისკენ ბრიფინგიდან მოუწოდა.

"პირადად ჩემ მიერ წარდგენილ კანდიდატ ნათია თურნავაზე, მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვნანობ და თუნდაც, ბოდიშს ვიხდი. მას რომ არ გადაედო ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, მას პირადად მოვახსენებდი ამ ჩემს მოსაზრებებს, თუ რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები... პირველ რიგში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და პირიქით, ამ პრინციპს თავად მიაყენა ზიანი, უნდა გადადგეს", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ახლა გამოსავალია ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ გააუქმოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიღებული გადაწყვეტილება.

"დროა, ასევე, საბჭომ აიღოს პასუხისმგებლობა და განახორციელოს ზედამხვედელობის ფუნქცია - საბჭოს კოლექტური გადაწყვეტილებით შესაძლებელია და აუცილებელია ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ეს იქნება ამ საბჭოს რეალური ქმედება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა", - დასძინა მან.

XS
SM
MD
LG