ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტები ვაშინგტონში ზურაბიშვილის შესაძლო იმპიჩმენტს გაუგებარს უწოდებენ


„ქართული ოცნების“ წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ევროპაში გრძელდება. „მოგესალმებით პარიზიდან“ ეს იყო პრეზიდენტის ბოლო მესიჯი მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესისთვის მზადება დაიწყო.

შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტი ზურაბიშვილი პარიზში, ემანუელ მაკრონს შეხვდა. როგორც თავად ამბობს, საფრანგეთის პრეზიდენტთან „ძალიან სასარგებლო საუბარი“ ჰქონდა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

პარალელურად, საქართველოში მისი იმპიჩმენტის პროცესის პროცედურები გრძელდება. ხელისუფლების წარმომადგენლები ზურაბიშვილის ვიზიტს ევროპელი ლიდერებისთვის „უხერხულს“უწოდებენ. „ადამიანი ოთხი დღე დაიკარგა, შემდეგ ისეთ ქვეყანაში, ისეთ ლიდერთან აღმოჩნდა, რომელთან შეხვედრაზე თანხმობაც არ ჰქონდა მოთხოვნილი - ის დემონსტრაციულად, კიდევ უფრო უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და შეფუთვის იმედად, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალსა და კანდიდატის სტატუსს ითხოვს, ევროპელი ლიდერებიც ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან - რა უნდა თქვას ნებისმიერი ქვეყნის ლიდერმა, რომელსაც სხვა ქვეყნის პრეზიდენტი თავზე ასე დაუკითხავად დაადგება?!“, - ასეთი კომენტარი გააკეთა საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის ვიზიტზე საუბრის დროს.

„უხერხულად“ ვაშინგტონის საექსპერტო წრეებში არა სალომე ზურაბიშვილის, არამედ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება მიაჩნიათ. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტის მოლოდინის ფონზე ექსპერტები ვაშინგტონში ამბობენ, რომ „ქართული ოცნების მიერ გადადგმული ნაბიჯი „უდროო“, „სამწუხარო“ და „დამაზიანებელია“.

დენ ფრიდი, ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე დიპლომატი ამბობს, რომ “სამწუხაროა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის და საქართველოს წინააღმდეგ პოტენციური რუსული ზეწოლის დროს, ქართველები კვლავ კონფრონტაციაში არიან. ვფიქრობ, მთავრობა [არსებული სიტუაციის გაუმჯობესებას] არაფრით ეხმარება”.

იმისთვის, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტი რეალობად იქცეს, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 100 ხმა მაინც სჭირდება. მათ კი შესაბამისი უმრავლესობა ახლა არ გააჩნიათ. სწორედ ამიტომ, ანალიტიკოსების ნაწილი გაუგებარს უწოდებს „ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას.

დენ ფრიდის მსგავსად, უარყოფითად აფასებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ლინკოლნ მიჩელიც. ის პოლიტიკური ანალიტიკოსია, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობდა და საქმიანი კავშირი ჰქონდა თავად ბიძინა ივანიშვილთანაც. ის ამბობს, რომ საკმაოდ კარგად იცნობს პარტიის სტრუქტურას და იქ არსებულ სიტუაციას, ამიტომ ორი შესაძლო ვერსია მოსდის თავში იმის ასახსნელად, რატომ უნდა დაეწყო ხელისუფლებას, სავარაუდოდ, წინასწარ ჩავარდნისთვის განწირული იმპიჩმენტის პროცესი.

„პირველი, რაც თავში მომდის ისაა, რომ როგორც ბევრი ამბობს, საქართველოს მთავრობა ევროპას შორდება. რომ ისინი ცდილობენ ორივესთან ჰქონდეთ ურთიერთობა [რუსეთთან და ევროპასთან], მაგრამ დღის ბოლოს, ისე ჩანს, რომ მათ ევროპის ნაწილად ყოფნა არ სურთ. ისინი რუსეთთან იმაზე ახლოს არიან, ვიდრე უნდა იყვნენ.

ეს ყველაფერი შესაძლოა, რომ სიმართლე იყოს, მაგრამ ყველაფერი რომც იყოს სიმართლე, პრეზიდენტის იმპიჩმენტი მაინც სისულელეა, არა? მათ არ აქვთ საკმარისი ხმები [პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის], ამიტომ ეს ცოტა არ იყოს უცნაურია. ისინი უშუალოდ იმპიჩმენტს ვერ შეძლებენ, მაგრამ ატეხენ ხმაურს და დააზარალებენ თავიანთ იმიჯს ევროპასთან, უფრო სწორედ, უფრო მეტად დააზარალებენ“,- ამბობს მიჩელი „ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს.

თუმცა, ის თვლის, რომ არსებობს მეორე შესაძლო ვერსიაც, რატომ უნდა სურდეს „ქართულ ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი და ის პირად შურისძიებას უკავშირებდა. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ „ოცნება“ ცდილობს დაუპირისპირდეს პრეზიდენტს, რომელსაც, თავად დაეხმარნენ ამ სტატუსის მოპოვებაში და რომელიც „საქართველოსთვის საუკეთესო სპიკერი გახდა ევროპაში“.

„ ჭირვეულობა და ყველაფრის პირადულად აღქმა [ქართული ოცნებისგან] შორს არაა. ასე რომ ეს შეიძლება იყოს გაბრაზებული, გაღიზიანებული ნაბიჯი. იმის მცდელობა, რომ პერსონალურად პრეზიდენტ ზურაბიშვილს გასცენ პასუხი, რადგან ისინი მასზე გაბრაზებულები არიან და რაციონალურად არ იქცევიან. ასე რომ შესაძლოა, ამ ორი მიზეზიდან ერთ-ერთი, ან ორივეს ერთობლიობა იყოს“,- განმარტავს მიჩელი.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ იმპიჩმენტის პროცესს კონსტიტუციის დასაცავად და კანონის უზენაესობის დასამტკიცებლად იწყებენ. ირაკლი კობახიძის შემდეგ, მსგავსი აზრი გამოთქვეს ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსებმაც.

„უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს სამართლის უზენაესობას და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ“,- თქვა კობახიძემ და ისიც დასძინა, რომ ამით „რადიკალური ოპოზიციისა“ და პრეზიდენტის რეალური გეგმების გაშიშვლება მოხდება.

კანონის უზენაესობასთან, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას საერთო არაფერი აქვს, ამაში ეჭვი არ ეპარება ლინკოლ მიჩელს. ის თვლის, რომ იმპიჩმენტი, რომელსაც, სავარაუდოდ, ხელისუფლება ბოლომდე ვერ მიიყვანს ძალის დემონსტრაციის მცდელობაა: „ერთადერთი მაგალითი, რომელსაც მოვიყვანდი და რაც უცებ მახსენდება არის, აქ, შტატებში ჯო ბაიდენის იმპიჩმენტი, რაც ნამდვილად პოლიტიკურ ძალაუფლებას უკავშირდება. ჯო ბაიდენს არ ჩაუდენია ისეთი საქციელი, რაც იმპიჩმენტის მიზეზს იძლევა, მაგრამ წარმომადგენელთა პალატაში მყოფ ბევრ რესპუბლიკელს სურს მისი იმპიჩმენტი. რატომ? იმიტომ, რომ უმრავლესობა აქვთ და შეუძლიათ. ასევე, იმიტომაც, რომ სურთ ყალბი ტოლობის ნიშანი დასვან ჯო ბაიდენსა და მის წინამორბედს [დონალდ ტრამპს] შორის, რომელიც კრიმინალი იყო.

რა თქმა უნდა, ჯო ბაიდენის იმპიჩმენტი არ მოხდება იმის, გამო, რომ ის სადმე გაემგზავრა, მაგრამ ჩვენი კანონები განსხვავებულია, პრეზიდენტს მეტი ძალაუფლება აქვს. თუმცა, ეს შემთხვევა ხაზ სუსვამს, რომ იმპიჩმენტები, ზოგადად, ძალის ჩვენებაა და არა კანონის, ან კონსტიტუციის დაცვა“,- ამბობს „ამერიკის ხმასთან“ მიჩელი.

რაც უნდა იყოს ხელისუფლების მიზანი- იქნება ეს პრეზიდენტზე პირადი შურისძიება, ოპოზიციის დაკნინება, თუ მართლაც კანონის უზენაესობისთვის ხაზის გასმა, დენ ფრიდი თვლის, რომ ეს ძალიან ცუდად ჩანს დასავლეთში.

ყოფილი დიპლომატი ამბობს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტილება აზიანებს საქართველოში პოლიტიკურ პროცესს და ქართველ პოლიტიკურ აქტორებს პოლონეთის მაგალითზე დაყრდნობასა და მათი საუკეთესო პრაქტიკის გამეორებას ურჩევს:

„პოლონეთში ახლა საარჩევნო ციკლია, ქვეყნის პოლიტიკა კი ძლიერადაა დაყოფილი. ისინი შუასაარჩევნო კამპანიაში არიან და მაინც ახერხებენ, რომ რუსეთისა და უკრაინის საკითხზე შეთანხმდენ. ამ თემაზე ხელისუფლებასა და მთავრობას შორის კონსენსუსია მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი სულაც არ მოსწონთ, მაინც ერთად მუშაობენ.

როდესაც ქართველები შიდაპოლიტიკურ ბრძოლას ანიჭებენ უპირატესობას და ნაკლებად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები და დასავლეთთან ინტეგრაცია, ეს რა თქმა უნდა, ცუდ სიგნალს უგზავნის საქართველოს მეგობრებს ევროპაში და ზოგადად“,- განმარტავს ფრიდი.

ექსპერტები ვაშინგტონში თვლიან, რომ ნაკლებ სავარაუდოა მმართველმა პარტიამ პარლამენტში ოპოზიციის რიგებში მოკავშირეები ნახოს, თუმცა როგორი იქნება სალომე ზურაბიშვილისა და „ქართული ოცნების“ მორიგი დაპირისპირების დასასრული, ამის ნახვა, ჯერ კიდევ წინ გველის.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG