ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვის არ სურს საქართველო ევროკავშირში?


9 აპრილი, 2023 წელი, თბილისი
9 აპრილი, 2023 წელი, თბილისი

დავას იმის თაობაზე, თუ ვის არ სურს საქართველო ევროკავშირის წევრად იხილოს, ორი რაკურსი აქვს - სახელისუფლებო და ოპოზიციური. პოლიტიკის შემოქმედი ელიტები საქართველოში საპირისპირო პოლუსებზე რჩებიან და ერთმანეთს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის დაზიანებაში ადანაშაულებენ.

28 აგვისტოს სლოვენიის ქალაქ ბლენდში გამართულ საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე ისაუბრა. „ვფიქრობ, 2030 წლისთვის მზად უნდა ვიყოთ გაფართოებისთვის. ვიცი, რომ ეს არის ამბიციური მიზანი, თუმცა აუცილებელი... გაფართოება აღარ არის ოცნება, დროა, წინ წავიდეთ,“- განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

მას საქართველო უკრაინა-მოლდოვასთან ანსამბლში აღარ უხსენებია. „იმ დროს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის ხალხის გმირულ ბრძოლაზე და იმაზე, თუ როგორ იცავენ ისინი თავის ქვეყანას, კრემლი თავს ესხმის არა მხოლოდ თავისუფალ და სუვერენულ მეზობელს, არამედ იმ ღირებულებებს, რისაც ჩვენ გვჯერა. ესაა თავისუფლება, დემოკრატია, კეთილდღეობა და ურთიერთთანამშრომლობა. გასულ წელს ჩვენ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი უკარაინასა და მოლდოვას. იგივე ელის საქართველოსაც, თუ ის საჭირო ნაბიჯებს გადადგამს,“- განაცხადა შარლ მიშელმა.

ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნება"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:52 0:00

2030 წლისთვის ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივაზე საუბრისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მზად ყოფნა გულისხმობს გრძელვადიანად, ბიუჯეტში ცვლილების ასახვას. ის ამბობს, რომ შესაძლებლობების ფანჯარა ღიაა და რომ ევროკავშირი მტკიცე პოზიციის დაკავებას აპირებს უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების მიმართულებით. „მე, მოლაპარაკებების მაგიდასთან ველი საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას“,- თქვა შარლ მიშელმა, ევროპელმა ლიდერმა, რომელმაც პერსონალურად, საქართველოს ევროინტეგრაციისთვის დიდი ძალისხმევა გასწია.

ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველო სრულად იმსახურებს ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ერთადერთი, ვინც ამ გზაზე მას ეღობება, პოლიტიკური ოპოზიციაა.

„ჩვენთვის მთავარია, რომ ყველაფერი გაკეთდება რათა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. გვაქვს ძალიან ხელშესახები პროგრესი 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით. მუშაობა გრძელდება და უახლოეს მომავალში დასრულდება. ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება, თავიდან ბოლომდე პირნათელი იქნება ევროკავშირის წინაშე. ყველანაირი საფუძველი იქნება მზად იმისთვის, რომ დეკემბერში მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან, იქნება პოლიტიკური, რაც ნიშნავს შანსებს 50/50-ზე. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი,“- ამბობს ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი.

მან ჩამოთვალა ის ქვეყნები, რომელიც უკვე დიდი ხანია ევროკავშირის წევრობის მიღების მოლოდინშია და დაამატა, რომ 2030 წლისთვის ამ ქვეყნებს შორის, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი აქვთ (მონტენეგრო, სერბეთი, ალბანეთი, უკრაინა, მოლოდოვა, ბოსნია, მაკედონია), საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა", - ამ განაცხადის საფუძველს კობახიძეს „საქართველოს ეკონომიკური ზრდის“ ტემპი აძლევს. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროინტეგრაციის მტერი ქვეყანაში ოპოზიციაა.

„ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ოპოზიციას არანაირად არ სურს, საქართველომ დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი. კიდევ ერთი წამოცდენა იყო გვარამიას სტატუსი, ამ მხრივ,“- მიიჩნევს კობახიძე. ის გულისხმობს „მთავარის“ ხელმძღვანელის ფეისბუქ პოსტს, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირის წევრობას ქვეყანა ვერ მიიღებს და რომ არჩევნების გზით, ხელისუფლების ცვლილებაა ამ მიზნის მისაღწევად საჭირო.

გიორგი ვოლსკი, "ქართული ოცნება"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:12 0:00

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი ანალოგიურს იმეორებს ჟურნალისტებთან. მისი თქმით, ევროკავშირი გაფართოების პერსპექტივას მხოლოდ 2030 წლისთვის ხედავს, რადგან ამ ეტაპზე, 27 წევრს შორის არაა თანმხვედრი პოზიციები. ამის დასტურად მას საფრანგეთის პრეზიდენტის, მაკრონის განცხადება მოჰყავს. „ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაც ვალდებულებებზე უარი უნდა ვთქვათ. არსებობს ასოცირების ხელშეკრულება და არსებობს ზედმიწევნით შესრულებული რეკომენდაციები... დისკუსია რაღაცებზე, შეიძლება, იყოს, მაგრამ, ფაქტია, რომ ჩვენ მყარად ვდგავართ ამ პოზიციაზე. საერთაშორისო კომისიამ ვერანაირად ვერაფერი ვერ დაადასტურა, რომ რუსეთისთვის ხელშეწყობის მექანიზმი არსებობს ჩვენთან. არანაირი საფუძველი არაა ითქვას, რომ საქართველომ რუსეთთან ააწყო ის ურთიერთობა, რომელიც ხელს უშლის მას ევროინტეგრაციაში,“- აცხადებს გიორგი ვოლსკი.

მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, იმუშაოს იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის სტატუსი ვერ მიიღოს. ასეთი ინტერესი, ვოლსკის თანახმად, ოპოზიციას პარტიული დღის წესრიგიდან გამომდინარე, აქვს, რადგან საზოგადოებაში ამგვარი შიშის ჩანერგვის გარეშე, ოპოზიცია არჩევნებზე ხმების მოპოვებას ვერ შეძლებს.

ხატია დეკანოიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი, ყოფილი ლიდერი, ამჟამად საპარლამენტო ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წარმომადგენელი, ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ახალი გეოპოლიტიკური რეალობის შექმნა უკრაინის თავგანწირულმა ბრძოლამ განაპირობა. ამ მოცემულობის გამო, საქართველოსაც ახალი შანსი აქვს, მოჰყვეს ევროკავშირის გაფართოების ახალ ტალღაში. „დღეს ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც 12 რეკომენდაციას საქართველო არ ასრულებს. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ გაფართოების ტალღაში აქტიური მონაწილეობა რთულია, „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის პირობებში, რადგან რეალურად, ევროსკეპტიციზმის გაღვივებისთვის, რაც რუსეთს სურს, ისინი ყველაფერს აკეთებენ,“- მიიჩნევს ხატია დეკანოიძე. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის უზრუნველსაყოფად, ის 2024 წლის არჩევნებზე ხელისუფლების ცვლილებას მიიჩნევს აუცილებელ პირობად.

კიდევ ერთი პოლიტიკოსი ოპოზიციური ფლანგიდან, „ლელოს“ წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ დასავლურ სამყაროში ყველა თანხმდება იმაზე, რომ საქართველოს ადგილი ერთიან ევროპულ ოჯახშია. „ერთადერთი, ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, ესაა თავგზააბნეული „ქართული ოცნება“. როდესაც საქართველოს გაუჩნდა ეს უნიკალური შანსი, მათმა უგუნურმა პოლიტიკამ, სერიოზულად შეაფერხა ჩვენი შანსი. ჩვენ ახლა ვერ ვართ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, პირველი რიგის კანდიდატებში, მაგრამ ევროკავშირი ცალსახად ამბობს, რომ იქ მზად არიან იხილონ საქართველო ამ დიდ ოჯახში. „ქართულ ოცნებას“ ამის ეშინია, რადგან თავისუფლებისა და თავისუფალი მოქალაქეების ეშინია.“

„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ბრუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი, ჯიპას პროფესორი, თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ 2030 წლისთვის გაფართოების დიდი ტალღა რომ უნდა შედგეს, ამის თაობაზე არსებობს ევროკავშირის ხედვა, არსებობს კონსენსუსი. რამდენად ეხება ეს საქართველოს? -

„საქართველოსთვის ესაა შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ, სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ, რომ ამ გაფართოების ტალღაში მოვყვეთ. თარიღის დასახელება, 2030 წლის, შარლ მიშელის მხრიდან, სიგნალია, რაც მოწმობს, რომ სკეპტიციზმი, რაც ევროკავშირს შიგნით არსებობდა, გაფართოებასთან დაკავშირებით, გადაილახა. ეს აჩვენებს, რომ ევროკავშირი ჩამოყალიბებულია გაფართოებასთან თაობაზე,“- გვეუბნება თენგიზ ფხალაძე.

დავით უსუფაშვილი, "ლელოს" წარმომადგენელი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:35 0:00

გიგი გიგიაძე, ერონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენელი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ უდიდესი წარუმატებლობა და დანაშაული იქნება, თუ საქართველო ვერ მოახერხებს ახლა, ამ შესაძლებლობის გამოყენებას და ვერ დაეწევა უკრაინასა და მოლდოვას.

თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ახალი ტალღის დაგეგმვა ძალიან კარგია, მაგრამ საქართველოსთვის ეს იმას არ ნიშნავს, რომ აპრიორი, გახდება ამ გაერთიანების წევრი, რადგან ამისთვის კიდევ არის გადასადგმელი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

9 აპრილი, 2023 წელი, თბილისი
9 აპრილი, 2023 წელი, თბილისი

„კანიდადტის სტატუსს მოსდევს მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე, რაც გულისხმობს მთლიანად ქვეყნის ტრანსფორმაციას,“- ამბობს ფხალაძე. „ახლა არ გვაქვს არა თუ მოდუნების საშუალება, არამედ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ამ მოწინავე გაერთიანების წევრი. ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველო არ იყო დაპატიჟებული ათენში. ჩვენ უკვე არ მოვიაზრებით უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, რაც ძალიან სამწუხაროა და დამაზიანებელი ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის. გვრჩება შვიდი წელი, ამ დროს უნდა დახურონ ყველა ის 33 თავი, რაც არის ერთგვარი აუცილებლობა ქვეყნებისთვის ევროკავშირის სტანდარტებზე გადასაწყობად. ეს ძალიან შრომატევადი პროცესია, რამაც უნდა აჩვენოს შესაბამისი პროგრესი ყველა მიმართულებით,“- გვეუბნება გიგი გიგიაძე.

9 აპრილი, 2023 წელი, თბილისი
9 აპრილი, 2023 წელი, თბილისი

„ევროკავშირის გაფართოებისთვის დასახელებული თარიღი - 2030 არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას „მოშვების“ შესაძლებლობა აქვს. „პირიქით, კიდევ უფრო შემჭიდროვებულ ტემპებში უნდა ვიმუშაოთ, რომ ჩვენ მოვხვდეთ პაკეტში, რომლის განხილვაც იგეგმება. ვიყოთ მოწინავეები, როგორც ერთ დროს ვიყავით მოწინავე აღმოსავლეთ პარტნიორობაში,“- ამბობს თენგიზ ფხალაძე.

საქართველო 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების ეტაპზეა, რომელმაც კარი უნდა გახსნას ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის. ამ ამოცანის წარმატება ევროკავშირმა მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა შეაფასოს. ეს სტატუსი ამ დროისთვის უკვე აქვს საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნებიდან ორს - უკრაიანასა და მოლდოვას. ევროინტეგრაციის პროცესში დაწინაურებული საქართველო, უკრაინის ომის შემდგომ, ჩამოქვეითდა და ლიდერის პოზიცია დაკარგა.

XS
SM
MD
LG