ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მრავალეროვნული სწავლება „მტკიცე სული 2023" დაიწყო


საქართველოში, კრწანისის ბაზაზე 21 აგვისტოს ნატოსა და პარტნიორების სამხედრო წვრთნები Agile Spirit 2023 ("მტკიცე სული 2023") დაიწყო. ამის შესახეებ ცნობები ამერიკის თავდაცვის ძალების ვიზუალური ინფორმაციის დისტრიბუციის სამსახურის (The Defense Visual Information Distribution Service) ვებ-გვერდზეც გამოქვეყნდა. ამ გვერდის მიხედვით, სამხედრო სწავლება 1 სექტემბრამდე გაგრძელდება და საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ჩატარდება.

სწავლებაში, რომლის მიზანიც ნატოს წევრ და არაწევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ოპერაციების დახვეწაა, 3 600-მდე სამხედრო მონაწილეობს. სამხედროები სხვადასხვა სახის დავალებებს შეასრულებენ და სიმულაციურ საბრძოლო მოქმედებებში მიიღებენ მონაწილეობას.

„ბრიგადის დონის სწავლების ფარგლებში ჩატარდება საველე წვრთნა და ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრაციები, ასევე - რეაგირების სხვადასხვა სცენარები რეალისტური საბრძოლო მომზადების გარემოს სიმულაციისთვის“, - ნათქვამია ამერიკის თავდაცვის ძალების ვიზუალური ინფორმაციის დისტრიბუციის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებას ქვეყნის თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა ხელმძღვანელობს.

Agile Spirit 2023-ის საწვრთნელი არეალი მოიცავს როგორც აღმოსავლეთ, ისე - დასავლეთ საქართველოს. წელს მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 22 ქვეყანა და 3 ორგანიზაციაა ჩართული. მათ შორის სწავლებაში პირველად მონაწილეობს იორდანია.

სწავლებაში მონაწილე ქვეყნები არიან საქართველო, ამერიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, აზერბაიჯანი, ბელგია, ბულგარეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, იორდანია, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი და იაპონია.

მონაწილე ორგანიზაციები კი არიან მრავალეროვნული დივიზია - სამხრეთ-აღმოსავლეთი (MND-SE), ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის ბრიგადა (LITPOLUKR Brigade) და ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონი (MNMPBAT NATO).

„წელს Agile Spirit 2023 უწყებათშორისი სწავლების სტატუსიც შეიძინა, რადგან სპეციალური ოპერაციების ძალების ბატალიონი - დასავლეთი ნატოს წევრი ქვეყნების ქვედანაყოფებთან ერთად კომბინირებულ სწავლებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებთან ერთად ფოთში, კოლხეთის ეროვნულ ნაკრძალში ჩაატარებს. გარდა ამისა, Agile Spirit 2023-ის ფარგლებში პირველად მოხდება მრავალეროვნული სპეციალური ოპერაციების სახმელეთო დავალებათა ჯგუფის (GEO-POL MNSOLTG) შეფასება, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ნატოს რეაგირების ძალების (NRF) 2024 წლის როტაციაში“, - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების თანახმად, საერთაშორისო წვრთნის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სამწყობრო მოედანზე გაიმართა. სამხედროებს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე მიესალმნენ. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე ირაკლი ჭიჭინაძემაც.

სწვალების გახსნის ცერემონიას ესწრებოდა საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანიც. "ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ჩავატაროთ წვრთნები ერთად და გავაუმჯობესოთ ურთიერთთავსებადობა ,გამჭვირვალობა, ასევე ყველწლიური სწავლებებით ავიმაღოთ მზადყოფნის დონე, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას",- თქვა კელი დეგნანმა.

Agile Spirit 2023 საქართველოს თავდაცვის ძალებს, ამერიკის გაერთიანებულ ძალებს, მოკავშირეებსა და პარტნიორ ძალებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად.

საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას, „მტკიცე სული 2023“, (Agile Spirit 2023) უკვე მეთერთმეტედ მასპინძლობს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG