ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული როტაცია ყუნდუზის ბრძოლების ფონზე


სურათზე: ქართული პატრული ბალხის პროვინციაში, აქედან ყუნდუზამდე 150 კილომეტრია

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ავღანეთში მორიგი დაგეგმილი როტაცია განახორციელა. ქაბულიდან ჩრდილოეთით, 47 კილომეტრით დაშორებული ბაგრამის ავიაბაზის უსაფრთხოებას, ამერიკელებთან ერთად, მომავალი ექვსი თვის განმავლობაში სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის, 22-ე ბატალიონი დაიცავს.

სენაკის ბატალიონმა ვაზიანის მეოთხე ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონი ჩაანაცვლა, რომელიც „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას აპრილიდან ასრულებდა და როტაციამდე ცოტა ხნით ადრე, ფარვანას პროვინციაში ერთი მებრძოლი-21 წლის რუსთაველი ვასილ ყულჯანიშვილი დაკარგა.

22-ე ქვეითი ბატალიონისთვის ეს პირველი ავღანური მისიაა. სენაკელები გაძლიერებულია 23-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულით და ეროვნული გვარდიის ოცეულით, რომლებმაც თავის მხრივ, ქაბულში, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის, 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეული შეცვალეს. 22-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე პოლკოვნიკი მამუკა ბარბაქაძე ამბობს:

„22-ე ქვეითი ბატალიონი ჩამოვიდა ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე სრული შემადგენლობით. ბატალიონმა მომზადება გაიარა ეროვნულ სასწავლო ცენტრ- კრწანისში, ხოლოდ მომზადების დასკვნით ეტაპზე, ვიმყოფებოდით გერმანიაში, სადაც ბატალიონის საბოლოო შეფასება მოხდა. როგორც მეთაურმა შემიძლია ვთქვა, რომ ბატალიონი მზად არის მის წინაშე დასმული ამოცანები მაღალხარისხიანად შეასრულოს.“

ქართველი სამხედროების მორიგი როტაცია, დროში დაემთხვა ავღანეთის რამდენიმე პროვინციაში, სიტუაციის უკიდურეს დაძაბვას. განსაკუთრებით აღსანიშნავია, თალიბანის მიერ, ჩრდილო აღმოსავლეთში, ტაჯიკეთის საზღვართან, ქალაქ ყუნდუზის აღება. ეს იყო სამთავრობო ძალებისა და კოალიციის მეორე სერიოზული მარცხი აგვისტოს შემდეგ, როცა მათ ჰელმანდში, რამდენიმე დღით, სტრატეგიული ქალაქი მუსა-ყალა დაკარგეს.

თალიბები სამი დღის განმავლობაში ძარცვავდნენ და ანგრევდნენ ყუნდუზს - ავღანეთის რიგით მეხუთე ქალაქს. ბოლო ორი კვირა კი ყუნდუზში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობდა. კოალიციის ავიადარტყმების შემდეგ, თალიბებმა გუშინ ქალაქის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა, ყუნდუზიდან ლტოლვილთა დიდი ნაკადი უკვე მიაწყდა მეზობელ ბალხის პროვინციას და 150 კილომეტრით მოშორებულ ქალაქ მაზარი-შარიფს.

სწორედ, მაზარი შარიფთან ახლოს არის დისლოცირებული, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის, 32-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული, რომელიც ასევე როტაციის მოლოდინშია. ქართველები, კიდევ 21 ქვეყნის სამხედროებთან ერთად, მარმალის ბაზაზე, გერმანული სარდლობის დაქვემდებარების ქვეშ არიან.

საინტერესოა, რომ ადრე ყუნდუზიც გერმანიის არმიის პასუხისმგებლობის ზონა იყო, თუმცა 2013 წელს, გერმანელებმა პროვინციაც და ქალაქიც მთლიანად ავღანეთის სამთავრობო ჯარს გადააბარეს.

დღეს, როგორც პოლიტიკური მიმომხილველები, ისე სამხედრო ექსპერტები უკვე ცალსახად ამბობენ, რომ 2014 წლის ბოლოს ISAF-ის მისიის დასრულება, კოალიციის ძირითადი კონტიგენტის გასვლა და მთელი ავღანეთის - „მტკიცე მხარდაჭერის“ 17000-იანი, საერთაშორისო მისიის ანაბარა დატოვება ნაადრევი იყო. ავღანეთის სამთავრობო ძალებს „თალიბანის“ გახშირებულ თავდასხმებთან გამკლავება უჭირთ.

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული ქართველი სამხედრო ფარნავაზ სვანიძე ამბობს, რომ სულ უფრო რთული ხდება გაარჩიო, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე:

„ავღანეთში ვმუშაობთ 24 საათის რეჟიმში, იმიტომ რომ ყოველ წუთს და ყოველ წამს არის საფრთხე მოსალოდნელი. მოსახლეობა ერთი შეხედვით არის ჩვეულებრივი, მრავალეთნიკური მოსახლეობა - ავღანეთის მაგალითზე რო ვთქვათ, მაგრამ სულ უფრო რთულია გარჩევა ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე.

შეიძლება ერთ ოჯახში იყოს, როგორც ავღანეთის სამთავრობო ჯარების სამხედრო მოსამსახურე, პოლიციელი და ისე, თალიბანის წარმომადგენელიც. ამიტომ, ძალიან ხშირად ხდება, როცა პატრულირებისას შევდივართ სოფლებში, ოჯახებში, გვგონია, რომ მათთან კარგი დამოკიდებულება გვაქვს, მაგრამ იქ ჩვენი მოწინააღმდეგე გველის.“

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩართულ 900-მდე ქართველ სამხედროს, რომლებიც ქაბულში, ფარვანასა და ბალხის პროვინციებში არიან დისლოცირებულები, ბოლო მოვლენების გამო, განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება მართებთ.

სირიის კრიზისის ფონზე, რომელმაც ბოლო დროს, ავღანეთის საკითხი აშკარად დაჩრდილა, თალიბანი პოზიციების დასაბრუნებლად გააფთრებით იბრძვის, როგორც ავღანეთის ჩრდილოეთ პროვინციებში - ყუნდუზში, ბადახშანსა და ფარიაბში, ისე, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში - ღაზნის პროვინციაში, სამხრეთში - ყანდაარისა და ჰელმანდის პროვინციებში, აღმოსავლეთში - ნანგაჰარის პროვინციაში.

2010 წლიდან, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთში 31 ჯარისკაცი დაკარგა და 300-ზე მეტი დაეჭრა.

XS
SM
MD
LG