ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კაპრალი დავითაია სიკვდილს სამი წელი ებრძოდა


რამაზ დავითაია
რამაზ დავითაია

ავღანეთში აისაფის მისია უკვე ექვსი თვეა რაც დასრულდა, თუმცა ქართული სახელმწიფო მსხვერპლის გაღებას მაინც განაგრძობს. გორის სამხედრო ჰოსპიტალში, 8 ივნისს კაპრალი რამაზ დავითაია გარდაიცვალა. იგი სამი წლის წინ, 2012 წლის 20 ივნისს, ჰელმანდის პროვინციაში პატრულირებისას, თალიბმა სნაიპერმა მძიმედ დაჭრა და მას შემდეგ სიკვდილს ებრძოდა.

უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქართველი კაპრალი თავდაპირველად, გერმანიაში, ლანდშტულის სამხედრო ჰოსიტალში იქნა გადაყვანილი, სადან 2012 წლის ბოლომდე მკურნალობდა. შემდეგ, იგი თავდაცვის მაშინდელი მინისტრის ირაკლი ალასანიას ძალისხმევით, იქვე, ჰაიდელბერგის ამერიკულ კლინიკაში გადაიყვანეს.

2013 წლიდან კაპრალი დავითაია პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას თბილისში „ნიუ ჰოსპიტალსა“ და გორში სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა. თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ქართველი კაპრალის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო, მისი აშშ-ში გადაყვანა იგეგმებოდა, თუმცა ეს ვეღარ მოესწრო.

„სამი წლის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა, როგორც საქართველო, ისე აშშ, კაპრალი დავითაიას სიცოცხლის გადასარჩენად. იყო მომენტები, როცა იმედი ჩნდებოდა, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ვერ შევძელით. ჩვენ მისი აშშ-ში გამგზავრება გვქონდა დაგეგმილი. ბიძინა ივანიშვილი მზად იყო რომ დაეფინანსებინა მთლიანად ეს პროცესი, მაგრამ ვეღარ მოვასწარით“.

საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთში აისაფის ოპერაციაში 2009-დან 2014 წლამდე მონაწილეობდნენ. კაპრალი დავითაიას გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს დანაკარგმა ავღანურ მისიაში უკვე 30 ჯარიკაცს მიაღწია. 2010 წელს ავღანეთში 5 ქართველი მეომარი დაიღუპა; 2011 წელს - 6; 2012 წელს - 8; 2013 წელს - 10 მეომარი და 2015-ში კიდევ ერთი.

ყველაზე დიდი დანაკარგები ავღანეთში, საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ე და 42-ე ბატალიონებმა ნახეს, მათ ჰელმანდის პროვინციაში, შესაბამისად 12 და 10 ჯარისკაცი დაეღუპათ. სამ-სამი ჯარიკაცი დაკარგეს 32-ე და 33-ე ბატალიონებმა. თითო-თითო დანაკარგით დაასრულეს აისაფის მისია 12-ე და 23-ე ბატალიონებმა.

რამაზ დავითაია შეიარაღებულ ძალებში 2007 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. დაჯილდოებული იყო ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, მედლით „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“ და უწყებრივი მედლით "საბრძოლო იარისათვის". დავითაია ავღანეთში მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონში მსახურობდა.

ყველაზე დიდი იმედი ექიმებს 2014 წლის აპრილში გაუჩნდათ, როცა რამაზ დავითაიას მდგომარეობა გაუმჯობესდა და შესაძლებელი გახდა კაპრალის ბინაზე გაწერა. აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა და მისმა მეუღლე მერი ჰარტნეტმა რამაზ დავითაიას მაშინ სენაკის რაიონში მოინახულეს. კაპრალმა დავითაიამ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს მცირე ინტერვიუ სწორედ 2014 წელს მისცა. როგორც აღმოჩნდა ეს მისი ბოლო ინტერვიუ იყო.

„მთელ ჯარს წარმატებას ვუსურვებ, მხნედ იყვნენ და ერთმანეთი გაიტანონ. ესაა პირველ რიგში ჯარში მთავარი!“

კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, გენშტაბის უფროსმა და აშშ-ის ელჩმა. გუშინვე, თავდაცვის სამინისტროში - საქართველოს, ხოლო აშშ-ის საელჩოში ამერიკის სახელწიფო დროშები იქნა დაშვებული.

აი-სა-ფის ოპერაციაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები:

05/09/2010 ლეიტენანტი მუხრან შუკვანი (31-ე ბატალიონი)
30/09/2010 პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი (31-ე ბატალიონი)
30/09/2010 სერჟანტი დავით ცეცხლაძე (31-ე ბატალიონი)
30/09/2010 კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი (31-ე ბატალიონი)
30/09/2010 კაპრალი ნუგზარ კალანდაძე (31-ე ბატალიონი)
22/02/2011 კაპრალი გიორგი ავალიანი (32-ე ბატალიონი)
14/03/2011 კაპრალი ვალერი ვერსკიანი (32-ე ბატალიონი)
24/05/2011 სერჟანტი ლავროსი ივანიაძე (33-ე ბატალიონი)
20/06/2011 რიგითი გია გოგუაძე (33-ე ბატალიონი)
01/09/2011 სერჟანტი რეზო ბერიძე (33-ე ბატალიონი)
30/12/2011 კაპრალი ბესარიონ ნინიაშვილი (31-ე ბატალიონი)
07/01/2012 კაპრალი შალვა ფაილოძე (31-ე ბატალიონი)
21/02/2012 კაპრალი პაატა კაჭარავა (31-ე ბატალიონი)
21/02/2012 კაპრალი ვალიკო ბერაია (31-ე ბატალიონი)
21/02/2012 კაპრალი რუსლან მელაძე (31-ე ბატალიონი)
24/04/2012 სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე (31-ე ბატალიონი)
26/07/2012 კაპრალი გივი ფანცულაია (31-ე ბატალიონი)
11/10/2012 კაპრალი მინდია აბაშიძე (32-ე ბატალიონი)
29/12/2012 სერჟანტი გიორგი კიკაძე (12-ე ბატალიონი)
13/05/2013 სერჟანტი ზვიად დავითაძე (42-ე ბატალიონი)
13/05/2013 კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე (42-ე ბატალიონი)
13/05/2013 კაპრალი ვლადიმერ შანავა (42-ე ბატალიონი)
06/06/2013 კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე (42-ე ბატალიონი)
06/06/2013 კაპრალი გიორგი ადამოვი (42-ე ბატალიონი)
06/06/2013 რიგით ზვიად სულხანიშვილი (42-ე ბატალიონი)
06/06/2013 რიგითი გიორგი ღუჭაშვილი (42-ე ბატალიონი)
06/06/2013 კაპრალი ბორის ცუგოშვილი (42-ე ბატალიონი)
06/06/2013 კაპრალი ზურაბ გურგენაშვილი (42-ე ბატალიონი)
06/06/2013 რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი (42-ე ბატალიონი)

08/06/2015 კაპრალი რამაზ დავითაია (23-ე ბატალიონი)

XS
SM
MD
LG