ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალასანიას პირველი ვიზიტი ავღანეთში


ირაკლი ალასანია და ჰამიდ კარზაი
ირაკლი ალასანია და ჰამიდ კარზაი

საქართველოს ახალმა თავდაცვის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ირაკლი ალასანიამ პირველი ოფიციალური ვიზიტით მოინახულა ავღანეთი, სადაც თალიბთა წინააღმდეგ უკვე ორი ქართული ბატალიონი იბრძვის.

ალასანია პირისპირ შეხვდა ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის. ასევე აუდიენცია ჰქონდა კარზაის მთავრობის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურასთან - გენერალ ბისმილაჰ ხანთან.

ეთნიკური ტაჯიკი, ბისმალაჰ ხანი ცნობილი ავღანელი სამხედრო ლიდერის აჰმად შაჰ მასუდის უახლესი თანამებრძოლი იყო, რომელიც 2001 წელს მოკლეს. გასულ წლებში, ხანს ქაბულის პოლიციის უფროსის, ავღანეთის ეროვნული არმიის შტაბის უფროსის და შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობები ეკავა. ავღანურ პოლიციაში წარმატებული მუშაობის გამო, მიმდინარე წლის სექტემბერში ჰამიდ კარზაიმ ბისმილაჰ ხანი თავდაცვის მინისტრად დანიშნა.

ავღანური წყაროების ცნობით, ირაკლი ალასანია პრეზიდენტ კარზაის ავღანეთის უსაფრთხოების ძალების გაწვრთნაში საქართველოს დახმარებას დაპირდა. ამავე დროს, ალასანიამ კარზაის გადასცა პრეზიდენტ სააკაშვილისა და პრემიერ ივანიშვილის მოწვევა - ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს საქართველოს. კარზაიმ ეს მოწვევა მიიღო. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ აღნიშნა:

„ჩვენთვის ავღანეთის ხელისუფლების დახმარება, რომ ისინი ფეხზე დადგნენ და საკუთარ უსაფრთხოებას რეალურად ახორციელებდნენ ძალიან მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ ჩვენი ჯარების ძალიან სწრაფად უკან სახლში დაბრუნებას.

ასევე ჩვენ ვიცით, თუ რა მძიმეა საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ ყოფნა, ეს გავიარეთ ჩვენც ქართველებმა და ესეც უფრო მეტ სიახლოვეს და სიმპათიებს გვიჩენს ავღანელების მიმართ, რომ მათ დავეხმაროთ.

ავღანეთში ჩვენი გმირი მეომრების მონახულება ეს ერთის მხრივ არის დადასტურება, თუ როგორ ვაფასებთ მათ ღვაწლს საქართველოს უსაფრთხოების და ასევე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თითოეულ ამ ოპერაციას, ჩვენს თავსებადობას ნატოელ პატრიორებთან და საქართველოს ეს წვლილი ავღანეთის და გლობალური უსაფრთხოების საკითხში არის დაფასებული.“

პრეზიდენტ კარზაისთან შეხვედრამდე, ირაკლი ალასანია ავღანეთის ყველაზე ცხელ წერტილში დისლოცირებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონისა და პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მებრძოლებს ესტუმრა.

მე-12 ბატალიონის ქართველი მეომრები ავღანეთის სამშვიდობო მისიაში პირველად მონაწილეობენ. მათ ოქტომბერ-ნოემბერში როტაციის წესით, მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მებრძოლები ჩაანაცვლეს.

დღეისათვის, ჰელმანდში 1498 ქართველი მეომარი იმყოფება, ქაბულის ბაზაზე კი 50 ქართველი ჯარისკაცია განლაგებული. ავღანეთში პირველი ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ალასანია ასევე შეხვდა: ISAF-ის მისიის მეთაურს გენერალ-ლეიტენატ ჯონ ალენს, სამხრეთ-დასავლეთის რეგიონალური სარდლობის მეთაურს გენერალ-მაიორ გურგანუსს, გენერალ-მაიორ ბერგერსა და პოლკოვნიკ რედფორდს.

ჰელმანდის პროვინციაში, ერედვის ბაზაზე ირაკლი ალასანიამ 32-ე ბატალიონის ის მებრძოლები დააჯილდოვა, რომლებმაც მინისტრის ვიზიტის წინ, თალიბთა მსხვილი ჯგუფი გაანადგურეს, ნაწილი კი ტყვედ აიყვანეს.

ამ ოპერაციასთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ განაცხადა:

„ჩვენდა საამაყოდ უნდა ითქვას, რომ ქართველმა მებრძოლებმა, 32-ე ბატალიონის მებრძოლებმა წარმატებით მოიგერიეს შეტევა, გაანადგურეს მოწინააღმდეგე, ნაწილი ტყვედ აიყვანეს, ხოლო რაც შეეხება ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, ყველა ჯანმრთელად, მშვიდობით აგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას.

ავღანეთში ვიზიტამდე, ირაკლი ალასანიამ გერმანიაში ლანდშტულის სამხედრო ჰოსპიტალში, „აი-სა-ფის" (ISAF) მისიის დროს დაჭრილი ქართველი სამხედროები მოინახულა. მათ შორის არიან: მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის კაპრალი რამაზ დავითაია, კაპრალი რომან ლიპარტელიანი, რიგითი ავთანდილ ბებია. ასევე, მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის კაპრალი გიგა ზივზივაძე და რიგითი ამირან კაპანაძე.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა თავდაცვის სამინისტრომ ავღანეთის მისიის დროს დაჭრილი ქართველი სამხედროების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადა. აქამდე ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო. ავღანეთის ოპერაციაში საქართველო 2009 წლიდან ჩაება და დღემდე 18 ჯარისკაცი დაკარგა.

ISAF-ის ოპერაციაში დაღუპული ქართველები:

05/09/2010 ლეიტენანტი მუხრან შუკვანი
30/09/2010 პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი
30/09/2010 სერჟანტი დავით ცეცხლაძე
30/09/2010 კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი
30/09/2010 კაპრალი ნუგზარ კალანდაძე
22/02/2011 კაპრალი გიორგი ავალიანი
14/03/2011 კაპრალი ვალერი ვერსკიანი
24/05/2011 უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე
20/06/2011 რიგითი გია გოგუაძე
01/09/2011 სერჟანტი რეზო ბერიძე
30/12/2011 კაპრალი ბესარიონ ნინიაშვილი
07/01/2012 კაპრალი შალვა ფაილოძე
21/02/2012 კაპრალი პაატა კაჭარავა
21/02/2012 კაპრალი ვალიკო ბერაია
21/02/2012 კაპრალი რუსლან მელაძე
24/04/2012 სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე
26/07/2012 კაპრალი გივი ფანცულაია
11/10/2012 კაპრალი მინდია აბაშიძე

XS
SM
MD
LG