ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

8 მარტის მანიფესტი: „უმუშევარი ქალი არ არსებობს“


"არა ქალთა შრომით ექსპლუატაციას"
"არა ქალთა შრომით ექსპლუატაციას"

8 მარტს, 16:00 საათზე, „სოლიდარობის ქსელი დამოუკიდებელი პროფკავშირი“ რუსთაველის მეტროდან დედაენის ძეგლამდე საპროტესტო მსვლელობას აწყობს. აქციის მთავარი მიზანი, საქართველოში ქალთა შრომის კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე, მთავრობისა და მთელი საზოგადოების ყურადღების გამახვილებაა.

„სოლიდარობის“ ქსელის “8 მარტის მანიფესტი”, რომელსაც რამდენიმე პროფკავშირი და არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე შეურთდა 14 თავს მოიცავს. მათ შორის, მთავარი მოთხოვნებია:

ქალებისთვის სამუშაო ადგილის ძიების პროცესში უმუშევრობის შემწეობის დაწესება; საცხოვრებელი ხელფასი; სამუშაო საათების მკაცრი რეგულირება; ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ორმაგი ანაზღაურების გადახდა; ქალებისა და კაცებისთვის ერთი და იმავე სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარი ანაზღაურება; სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროვების და ძალადობის აღკვეთა; კერძო სექტორის კანონით დავალდებულება, რომ დეკრეტული შვებულება ანაზღაურდეს.

სოფო ჯაფარიძე, "სოლიდარობის ქსელის" დამფუძნებელი
სოფო ჯაფარიძე, "სოლიდარობის ქსელის" დამფუძნებელი

​ქალები ასევე მოითხოვენ: უსაფრთხო და უკეთეს საცხოვრებელ გარემოს, სუფთა საკვებს და ეკოლოგიას, საბინაო პოლიტიკის გაუმჯობესებას; საჯარო ბაღების ხელმისაწვდომოობას; ხარისხიან ჯანდაცვას და ექთნებისთვის ანაზრაურების გაზრდას; მარტოხელა დედების მეტად ხელშეწყობას. „სოლიდარობის ქსელის“ დამფუძნებელი სოფო ჯაფარიძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს:

ქალები ბავშვებს აღარ აჩენენ, აბორტის რიცხვი ძალიან მაღალია. რატომ უნდა გააჩინო ბავშვი გარემოში, როცა იმედი არ არის რომ რამე გამოსწორდება? ძალიან ბევრი ქალი მიდის ემიგრაციაში, ძიძებად და მომვლელებად. წასულებიც და აქ დარჩენილებიც მხოლოდ გადარჩენაზე ორიენტირებულები ხდებიან, მათთვის არ არსებობს განათლება, განვითარება, დასვენება"
სოფო ჯაფარიძე, "სოლიდარობის ქსელი"

„8 მარტის აქციის და მანიფესტის იდეა გაჩნდა იქედან, რომ მისი ავტორებიც საქართველოში ვცხოვრობთ და ის მძიმე პრობლემები, რაც მანიფესტშია წარმოდგენილი ყველას თანაბრად გვეხება. პრობლები უამრავი და კომპლექსურია. დაწყებული, შრომის ბაზრის მოუწესრიგებლობით, 48 საათიანი სამუშაო კვირით, უკიდურესად დაბალი ანაზღაურებით, დამთავრებული - ძალიან ცუდი საცხოვრებელი გარემოთი, ტრანსპორტით, კატასტროფული ეკოლოგიით, უხარისხო ჯანდაცვით.

ამის შედეგია, რომ ქალები ბავშვებს აღარ აჩენენ, აბორტის რიცხვი ძალიან მაღალია. რატომ უნდა გააჩინო ბავშვი გარემოში, როცა იმედი არ არის რომ რამე გამოსწორდება? ძალიან ბევრი ქალი მიდის ემიგრაციაში, მუშაობენ ძიძებად და მომვლელებად. წასულებიც და აქ დარჩენილებიც მხოლოდ გადარჩენაზე ორიენტირებულები ხდებიან, მათთვის არ არსებობს განათლება, განვითარება, დასვენება. გამოსავალი არის ბრძოლა ამ უფლებების და სერვისების მისაღებად, გამოსავალი არის სოლიდარობა.“

საქსტატის 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში 1 938 000 ქალი და 1 792 000 მამაკაცი ცხოვრობს. ოფიციალური ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით, მაგრამ დასაქმებული ქალების საშუალო თვიური ხელფასი მხოლოდ 770 ლარია, რაც მამაკაცების საშუალო ხელფასზე (1197 ლარი) მთელი 427 ლარით ნაკლებია.

რატომ გამოვდივართ 8 მარტს?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:55 0:00

„სოლიდარობის ქსელის“ კვლევის მიხედვით, ჯანდაცვის სფეროში, გამოკითხული ექთნების 84.6%-ის ხელფასი თვეში 500 ლარზე ნაკლებია, ასეთი ხელფასით, ექთნების 95% კვირაში 40 საათზე მეტს მუშაობს. დღეში, საშუალოდ 11 პაციენტის მოვლა უწევს, არცერთი არ იღებს ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას. გამოკითხული ექთნების 91% ქალია და უმრავლესობა (98%) კერძო საავადმყოფოშია დასაქმებული. ექთანთა 20% თავის გატანის და ოჯახის შენახვის მიზნით იძულებულია პარალელურად მეორე სამსახურშიც იმუშაოს.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე დაბალ ანაზღაურებს, თვეში საშუალოდ, 364 ლარს, ქალები ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს არაკვალიფიციური მუშების პოზიციაზე იღებენ; ქალი გამყიდველების და საქონლის დემონსტრატორების ხელფასი კი საშუალოდ 503 ლარია. დასაქმებულ ქალთა ანაზღაურება მნიშვნელოვნად ჩამორჩება მამაკაცის ხელფასებს კერძო სექტორშიც. სოფო ჯაფარიძე ამბობს:

ზოგიერთ პროგრამაში, პირდაპირ, ღიად უწერიათ, რომ საქართველოში ისეთი მაღალი უმუშევრობა გვაქვს, რომ არ იდარდო, მოდი ფული დააბანდე, რაც გინდა აკეთე. ხელფასები აქ დიდხანს არ გაიზრდება. ამის შედეგია უკიდურესად დაბალანაზღაურებადი შრომა, მაგალითად, უცხოური ინვესტიციით გახსნილ სამკერვალო ქარხანაში, სადაც უმეტესად ქალები მუშაობენ, 300-500 ლარზე. ამ პირობებში, ადამიანი ვერანაირად ვერ განვითარდება, მთელი სიცოცხლე იმუშებს და იქ მოკვდება, ერთ პოზიციაში გვირიტს რო აკეთებს"

„ჩვენ ვითხოვთ რომ სახელმწიფოს დამოკიდებულება შეიცვალოს, მხოლოდ კერძო ბიზნესზე და ბანკებზე არ იყოს მორგებული მთელი ქვეყანა. ვიფიქროთ, როგორ უნდა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, რომელიც სოლიდარობაზე იქნება დაფუძნებული, სადაც ადამიანები ერთმანეთს გვერდში უდგანან. გვქონდეს ინსტიტუტები, რომლებიც მხარს უჭერენ მოქალაქეებს და ორიენტირებულები არიან მოქალაქის განვითარებაზე.

ჩვენ დღეს ვხედავთ რომ სახელმწიფოს პოლიტიკური და იდეოლოგიური ხედვა არის არასწორი და მხოლოდ ფინანსური რესურსის არქონაში არ არის პრობლემა. თუნდაც ავიღოთ ინვესტორებთან ურთიერთობა. მთავარი შეთავაზება მათთვის არის რომ აქ გვაქვს ძალიან იაფი მუშახელი.

ზოგიერთ პროგრამაში, პირდაპირ, ღიად უწერიათ, რომ საქართველოში ისეთი მაღალი უმუშევრობა გვაქვს, რომ არ იდარდო, მოდი ფული დააბანდე, რაც გინდა აკეთე. ხელფასები აქ დიდხანს არ გაიზრდება. ამის შედეგია ინვესტორის ქცევაც - უკიდურესად დაბალანაზღაურებადი, დაუცველი, დაუზღვეველი შრომა, მაგალითად, უცხოური ინვესტიციით გახსნილ სამკერვალო ქარხანაში, სადაც უმეტესად ქალები მუშაობენ 300-500 ლარზე. ამ პირობებში, იქ ადამიანი ვერანაირად ვერ განვითარდება, მთელი სიცოცხლე იმუშებს და იქ მოკვდება, ერთ პოზიციაში გვირიტს რო აკეთებს.

ამ მონური შრომის ხარჯზე, ძლიერდება მონოპოლიები იგივე ვაჭრობის, მომსახურების, მრეწველობის, საბანკო, ჯანდაცვის სფეროებში, საქართველოს ბანკი მაგალითად ევექსის მეშვეობით ჯანდაცვის ბაზრის 30%-ს აკონტროლებს. ასეთ მონოპოლიას, რომლის ხელშია ყველაფერი დაზღვევა, აფთიაქი, ჰოსპიტალები, არ აინტერესებს პერსონალი, შრომის უფლება, ადამიანი, მისი მთავარი მიზანი რაც შეიძლება მეტი მოგების მიღებაა. ეს მონოპოლიები უკვე სახელმწიფოზე ძლიერები არიან“ - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

8 მარტის აქციით, „სოლიდარობის ქსელი“ სოლიდარობის უცხადებს ქალებს, რომლებსაც სახელმწიფო ოფიციალურად არააქტიურად და უმუშევრად მიიჩნევს, თუმცა ისინი, დიასახლისები, ყოველდღე მუშაობენ სახლში, უვლიან ბავშვებს, მეუღლეებს, მოხუცს მშობლებს, „უმუშევარი ქალი არ არსებობს“ ეს არის 8 მარტის მანიფესტის ძირითადი თეზისი და ასეთი კატეგორიის ქალებისთვის ღირსეული პენსიის მისაღებად, „სოლიდარობის ქსელი“ საშინაო და თვითდასაქმებულთა შრომის სამუშაო გამოცდილებაში ჩათვლას მოითხოვს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG