ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალთა კალათბურთის ამერიკელი ლეგენდები ქართველი ქალების მხარდასაჭერად


WNBA-ს ორგზის ჩემპიონი შერი სემი ქართველ გოგონას ემოციურად უჭერს მხარს

საქართველოს სპორტული დიპლომატიის ფარგლებში, გოგონათა და ქალთა გაძლიერების მიზნით, ამერიკული და მსოფლიო ქალთა კალათბურთის ორი ლეგენდა სტუმრობს. 51 წლის რუთი ბოლტონი, ორგზის ოლიმპიური (1996, 2000) და მსოფლიო ჩემპიონი (1998), Sacramento Monarchs-ის ყოფილი მცველი, რომელიც 1997 წელს, All-WNBA Team-ში მოხვდა, ორჯერ კი ქალთა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (WNBA) ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეობდა;

და, 44 წლის შერი სემი, რომელმაც Seattle Storm-სა და Detroit Shock-ის მაისურით ქალთა NBA ორჯერ (2004, 2008) მოიგო. 2002 წელს კი Miami Sol-ის ფორვარდის ღვაწლი All-WNBA Team-ში შეყვანით დააფასეს.

შერი სემი WNBA თასით და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი რუთი ბოლტონი
შერი სემი WNBA თასით და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი რუთი ბოლტონი

ქალთა კალათბურთის ორი ლეგენდა საქართველოში ამერიკის საელჩოს მოწვევით იმყოფება, სახელმწიფო დეპარტამენტის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, რომელსაც „სპორტის მეშვეობით ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოება“ ჰქვია და ტელეკომპანია ESPN-W უჭერს მხარს.

სპორტული „ელჩები“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობენ, რომ გოგონებსა და ქალებს სპორტის მეშვეობით და საკუთარ მაგალითზე თვითრეალიზაციისა და წარმატების სტიმული მისცენ. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი რუთი ბოლტონი, რომელიც თავად ოჯახური ძალადობის ყოფილი მსხვერპლია ამბობს:

მეც გამოვცადე რა არის ოჯახში ძალადობა, რამდენად ძნელია დაძლიო სირთულეები, დადგე ფეხზე და ბოლომდე გამოიყენო შენი შესაძლებლობები. ამიტომ ყველა ეროვნების ქალს და გოგონას ვეუბნები რომ ეს თქვენც შეგიძლიათ“
რუთი ბოლტონი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი კალათბურთში

„მინდა ქალებმა იცოდნენ, იმის მიუხედავად რომ კალათბურთის მეშვეობით გარკვეულ სიმაღლეს მივაღწიე, გავხდი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი, ჩემი ცხოვრება არ იყო ადვილი. მეც გამოვცადე რა არის ოჯახში ძალადობა, რამდენად ძნელია დაძლიო სირთულეები, დადგე ფეხზე და ბოლომდე გამოიყენო შენი შესაძლებლობები. ამიტომ ყველა ეროვნების ქალს და გოგონას ვეუბნები რომ ეს თქვენც შეგიძლიათ.“

ბოლტონმა და სემიმ კალათბურთის მასტერკლასები როგორც გოგონებისთვის, ისე ბიჭებისთვის ქუთაისსა და წყალტუბოში გამართეს. ქუთაისის სპორტის სასახლეში ამერიკელებმა ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილეს რომ კალათბურთით ძალიან ცოტა ქართველი გოგონაა დაკავებული და იმედი გამოთქვეს, რომ ეს ვიზიტი, სპორტით დაკავებული ქალების რაოდენობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

ამერიკელთა მასტერკლასი ქუთაისში
ამერიკელთა მასტერკლასი ქუთაისში

წყალტუბოში სტუმრებს საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან შეკრებილმა საზაფხულო ახალგაზრდული LIFE ბანაკის 30-მა მონაწილემ უმასპინძლა. ინტეგრაციული ბანაკი მშვიდობის კორპუსის პროექტია, ბოლტონისა და სემის გარდა, წყალტუბოს Legends Spa Resort კალათბურთის მოედანზე მასტერკლასი საქართველოს ნაკრების ყოფილმა კალათბურთელმა ანატოლი ბოისამაც გამართა.

რუთი და შერი რუსთავში ქალთა მეხუთე კოლონიასაც ეწვნივნენ, პატიმრებს საჩუქრად რუთი ბოლტონის ავტობიოგრაფიული წიგნები გადასცეს, მათ ყოფას გაეცნენ, მსჯავრდებულებთან ერთად იმღერეს, იცეკვეს და ფრენბურთი ითამაშეს.

თბილისი მოლში კი 3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრნენ, აქ ამერიკელი სტუმრები ჩატენვებისა და სამქულიანების კონკურსების ჟიურის წევრებად მოგვევლნენ და გამარჯვებულები დააჯილდოვეს. შერი სემი ამბობს:

ქალებს ძალიან ბევრი რესურსი გვაქვს და ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით, ყველა მათგანს მინდა ვუთხრა, რომ დასახული მიზნის მიღწევა მათაც შეუძლიათ“
შემი სემი, WNBA ორგზის ჩემპიონი

“ქალთა და გოგონათა გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია, ქალებს ძალიან ბევრი რესურსი გვაქვს და ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით, ყველა მათგანს უნდა ვუთხრათ, რომ დასახული მიზნის მიღწევა მათაც შეუძლიათ“.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და თავდაცვის დეპარტამენტის მხარდაჭერილ პროგრამებში: Exchanges360, Sports Envoy და Sports Diplomacy, სპორტული დიპლომატიის ფარგლებში, რუთი ბოლტონისა და შერი სემის გარდა, სპორტის კიდევ არაერთი მოქმედი და ყოფილი ვარსკვლავი ქალია აქტიურად ჩაბმული.

მათ შორის: ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მოციგურავე მიშელ კვანი; Indiana Fever-ის ლეგენდა, WNBA ჩემპიონი და 2012 წლის ფინალის უძვირფასესი მოთამაშე ტამიკა ქეთჩინსი. ფეხბურთელები ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები ბრენდი ჩასტეინი და ჯული ფაუდი.

ასევე სპორტის მამაკაცი ვარსკვლავები: ბეისბოლის და Baltimore Orioles ლეგენდა კელ რიპკენი, რომელიც ორჯერ დასახელდა ამერიკული ლიგის უძვირფასეს მოთამაშედ, მსოფლიო სერიის ჩემპიონი, Cincinnati Reds-ის ბარი ლარკინი და NBA-ს ყოფილი ვარსკვლავი, კონგოური ფესვების მქონე დიკემბე მუტომბო.

რუთი ბოლტონი და შერი სემი წყალტუბოში ანატოლი ბოისასთან ერთად
რუთი ბოლტონი და შერი სემი წყალტუბოში ანატოლი ბოისასთან ერთად

Facebook Forum

XS
SM
MD
LG