ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მამათა" და „შვილთა" ბრძოლა ქართულ კალათბურთში


პაატა გურასპაული (მარცხნივ) ქართულ კალათბურთს 2021 წლამდე უხელმძღვანელებს

NBA-ს პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, ოკლენდის „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად საკუთარი ფავორიტის გაყვანა ვერ შეძლო.

ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი 33 წლის ფაჩულია, რომელმაც შემოდგომაზე, ევრობასკეტ 2017-ზე წარუმატებლად გამოსვლის შემდეგ, სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, საარჩევნო კამპანიისას აქტიურად მის მეგობარს, ასევე, საქართველოს ნაკრების ყოფილ კალათბურთელ შიო ხეცურიანს ლობირებდა.

ზაზა ფაჩულია კოტე ტუღუშთან და შიო ხეცურიანთან (მარჯვნივ) ერთად
ზაზა ფაჩულია კოტე ტუღუშთან და შიო ხეცურიანთან (მარჯვნივ) ერთად

37 წლის ხეცურიანმა, რომელიც კომპანია United Global Technologies-ის მენეჯმენტშია, დაძაბული საარჩევნო კამპანიის ბოლოს, ერთ-ერთი კონკურენტის, თბილისის „დინამოს“ ვეტერანი კალათბურთელის კახა შენგელიას მიმხრობა შეძლო, თუმცა კალათბურთის ფედერაციის მმართველი გუნდის ფავორიტის, პაატა გურასპაულის დასამარცხებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

11 დეკემბერს, ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებამდე ერთი საათით ადრე, ხეცურიანმა არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და მიზეზად „არასამართლიანი საარჩევნო გარემო“ დაასახელა. უკონკურენტოდ დარჩენილმა პაატა გურასპაულმა კი 34 დელეგატიდან (7 დელეგატი არჩევნებზე საერთოდ არ მივიდა) 26 ხმის მიღება შეძლო და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა.

გამარჯვების შემდეგ, პაატა გურასპაულმა გახლეჩილი საკალათბურთო ოჯახის გამთლიანების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება:

პრეზინდენტად არჩევის შემდეგ, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ყველანაირად ვეცდები რომ ქართული საკალათბურთო სამყაროს კონსოლიდაცია შევძლო“
პაატა გურასპაული, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი

„კალათბურთი არც ჩემია და არც არავისი, სპორტის ეს სახეობა არის ყველასი და ღრმად მწამს, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ ის, რასაც ქართული კალათბურთის ხვალინდელი წარმატებული დღე ჰქვია. პრეზინდენტად არჩევის შემდეგ, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ყველანაირად ვეცდები რომ ქართული საკალათბურთო სამყაროს კონსოლიდაცია შევძლო.“

2017 წლის არჩევნები ქართულ კალათბურთში უპრეცედენტო იყო იმ მხრივ, რომ ერთმანეთს ფედერაციის მოქმედი მმართველი გუნდისა და მოქმედი კალათბურთელების საპრეზიდენტო კანდიდატები დაუპირისპირდნენ.

პაატა გურასპაულის წინასაარჩევნო შეხვედრა
პაატა გურასპაულის წინასაარჩევნო შეხვედრა

​პაატა გურასპაულს მხარს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე და გამგეობის თითქმის ყველა წევრი უჭერდა. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, გურასპაულმა ბუნებრივია, ყველა მათგანი, მათ შორის, უკვე ყოფილი პრეზიდენტი გაბრიჩიძეც მმართველ ორგანოში დატოვა.

„გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ცენტრის ზაზა ფაჩულიას გარდა, შიო ხეცურიანის კანდიდატურას ღიად მიემხრნენ ეროვნული ნაკრების ლიდერები: ესპანური „ბასკონიას“ ფორვარდი თორნიკე შენგელია, ესპანური „მალაგას“ ცენტრი გიორგი შერმადინი, იტალიური „რეჯიო ემილიას“ მცველი მანუჩარ მარკოიშვილი, რუმინული „პოლიტექნიკას“ გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე, სხვა მოქმედი კალათბურთელები და მწვრთნელები (გამონაკლისი მხოლოდ, ნიკოლოზ ცქიტიშვილი იყო).

შიო ხეცურიანი წინასაარჩევნო კამპანიისას
შიო ხეცურიანი წინასაარჩევნო კამპანიისას

დაპირისპირება იმდენად მწვავე იყო, რომ ფაჩულია-ხეცურიანის ბანაკში ყოფნის გამო, კალათბურთის ფედერაციამ ნოემბრის დასაწყისში, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტებს კოტე ტუღუშსა და ირაკლი ხოშტარიას კონტრაქტებიც კი გაუწყვიტა.

თუ ახალ პრეზიდენტს გახლეჩილი საკალათბურთო საზოგადოების გამთლიანებისა და კონსენსუსითვის რესურსი არ ეყო, დიდი ალბათობით, ეს დაძაბული ურთიერთობები, ეროვნულ ნაკრებზეც შეიძლება აისახოს, რომელიც თაობათა ცვლის მძიმე პროცესისა და ქართულ კალათბურთში არსებული ღრმა კრიზისის გამო, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ G ჯგუფში, ორ მატჩში ორი მარცხით (24.11.2017 გერმანია-საქართველო 79-70, 27.11.2017 სერბეთი - საქართველო 105-87) ჯერჯერობით, ერთ-ერთი აუტსაიდერია.

გერმანია - საქართველო 79-70 24.11.2017
გერმანია - საქართველო 79-70 24.11.2017

ზაზა ფაჩულია კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად პაატა გურასპაულის არჩევის ფაქტს ჯერჯერობით, ოფიციალურად არ გამოხმაურებია, თუმცა, არჩევნებამდე „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ქართველი ცენტრი ფედერაციის ძველი გუნდის მიმართ უკიდურესად კრიტიკულად იყო განწყობილი:

ძალიან კრიტიკული მომენტია ჩვენი კალათბურთისთვის, ეროვნულ ნაკრებს თავი რომ დავანებოთ, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ ვერაფერს კარგს, სახარბიელოს, რომ სწორი გზით მივდივართ“
ზაზა ფაჩულია, „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ცენტრი

„მე საქართველოში საკალათბურთო აკადემია მაქვს, ყველა ასაკობრივ ჯგუფში, რამდენიმე გუნდით გამოვდივართ და ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ქართულ კალათბურთში ძალიან ცუდი სიტუაციაა. ამჟამად, ძალიან კრიტიკული მომენტია ჩვენი კალათბურთისთვის, ეროვნულ ნაკრებს თავი რომ დავანებოთ, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ ვერაფერს კარგს, სახარბიელოს, რომ სწორი გზით მივდივართ“.

54 წლის პაატა გურასპაული გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა და ქართული კალათბურთის ტალანტად ითვლებოდა, იყო საქართველოს სსრ-ს იუნიორთა და სსრკ-ს ახალგაზრდული ნაკრების წევრიც, თუმცა იმ დონეზე თამაში ვერ შეძლო, რასაც მისგან მოელოდნენ.

პაატა გურასპაული თბილისის "დინამოში" 1980 წელი
პაატა გურასპაული თბილისის "დინამოში" 1980 წელი

კარიერის დიდი ნაწილი გურასპაულმა თბილისის კლუბებში: ТОНО-ში (1975-78), „დინამოში“ (1979-1985), „სინათლეში“(1986-88), სსი-ში (1991), „მერანსა“ (1992) და „თბილისში“ (1993-95) გაატარა. ერთი სეზონი (1989-90) კი ნოდარ ქორქიასთან ერთად პოზნანის „ლეხში“ ითამაშა და პოლონეთის ჩემპიონი გახდა. იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი (1994-97), შემდეგ ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი და კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი.

2013 წლიდან, „თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირს“ ხელმძღვანელობს, პარალელურად კი საკალათბურთო კომენტატორია. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ისტორიაში (სკფ 1991 წლის 4 ივნისს დაფუძნდა) პაატა გურასპაული რიგით მეექვსე პრეზიდენტი გახდა.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტები

ალექსანდრე ჩხეიძე 1991-95

ავთანდილ საყვარელიძე 1995-97

გიორგი ქათამაძე 1998-2001

ბესიკ ლიპარტელიანი 2001-2013

მიხეილ გაბრიჩიძე 2013-2017

პაატა გურასპაული 2017-დან

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG