ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

NBA-ს ექსპანსია საქართველოში


NBA: "მე მიყვარს ეს თამაში"

დღეს, საქართველოს ექვს ქალაქში სტარტი აიღო, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საბავშვო ლიგის - NBA Junior Georgia-ს გათამაშებამ, რომელმაც ქართველ მოზარდებში არნახული ინტერესი გამოიწვია. შეჯიბრში 12-13 წლის ასაკის, 400-ზე მეტი ბავშვი ჩაება.

დიდი NBA-ს მსგავსად, NBA-ს ქართული საბავშვო ლიგაც, დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციებად და ექვს დივიზიონად არის დაყოფილი. პლეი-ოფებში რვა საუკეთესო გუნდი გადის. ფინალური სერია კი, რომელსაც NBA-ს მოქმედი და ყოფილი ვარსკვლავები დაესწრებიან, 26 ივნისს, თბილისში გაიმართება.

NBA Junior Georgia-ს ლიგაში თამაშის სურვილი თავდაპირველად 50-ზე მეტმა საჯარო და საკალათბურთო სკოლამ გამოთქვა. შესარჩევი ტურნირის შემდეგ კი 30 საუკეთესო შეირჩა. კენჭისყრის შედეგად, მათ, დიდ NBA-ში, მოასპარეზე კლუბების სახელები მიენიჭათ და ფორმები გადაეცათ.

სოხუმის გუნდი „მილუოკი ბაქსის“ მაისურით ასპარეზობს, ლაგოდეხი - „მაიამი ჰიტის,“ ოზურგეთი - „მემფისის“, კასპი - „იუტა ჯაზის“, ახმეტა - „ატლანტა ჰოუქსის“, NBA-ს მოქმედი ჩემპიონის - „გოლდენ სტეიტის“ ღირსების დაცვის პატივი კი ქუთაისის პირველ გუნდს ხვდა წილად.

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის და ევროპის კალათბურთის ოპერირების მთავარი დირექტორი ნილ მეიერი, რომელიც NBA-ს ქართულ პროექტს პირადად კურირებს ამბობს

“საქართველოს კალათბურთის ფედერაცია კარგი პარტნიორია და გვეხმარება ბევრი პერსპექტიული ბავშვის აღმოჩენაში. მოზარდებს საშუალებას ვაძლევთ გაიგონ მეტი სპორტის ამ სახეობის შესახებ. ჩვენ ვაპირებთ უფრო ფართო მასშტაბი მივცეთ ამ პროგრამას საქართველოში.“

NBA Junior ლიგა ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გლობალური პროექტია, რომელმაც 2005 წლიდან მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა. პროგრამის მთავარი მიზანი მოზარდ თაობაში კალათბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ასევე მომავალი ვარსკვლავების აღმოჩენაა. 2015-16 წლების სეზონზე, Junior NBA-ში, უკვე 6 500 000-მა ბავშვმა ითამაშა.

მსოფლიოს მასშტაბით, NBA-ს ფილოსოფიის ექსპანსიას აქტიურად უჭერს მხარს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი. სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათებლო და კულტურული ურთიერთობების ბიუროსა და აშშ-ს საელჩოს ფინანსური დახმარებით მოხერხდა, საქართველოში ამ ლიგის შემოსვლა. პროგრამა სამწლიანია და გარდა ლიგის გათამაშებისა, მოიცავს საკალათბურთო კემპებს, სემინარებს და სამედიცინო დახმარებას.

ერთ-ერთ კემპს, საქართველოს ნაკრების კაპიტანი და „დალას მავერიქსის“ ცენტრი ზაზა ფაჩულია ზაფხულში ჩაატარებს. საბავშვო ლიგაში, ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის გუნდიც ასპარეზობს“ -, „ზაზას“ სახელითა და „ტორონტოს“ მაისურით. თავად ზაზა ფაჩულიამ ქართველ მოზარდებს ამერიკიდან მიმართა

„მინდა წარმატებები გისურვოთ, ვინც იღებთ მონაწილეობას Junior NBA-ს ლიგაში. აბა თქვენ იცით, გაერთეთ, ივარჯიშეთ და მოიგეთ.“

NBA Junior Georgia-ს ლიგა დღეს ერთდროულად დაიწყო ბათუმში, ქუთაისში, გორში, თელავში, რუსთავსა და თბილისში. საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში იმედოვნებენ, რომ ახალი ლიგა ახალი ტალანტების გამოვლენას შეუწყობს ხელს, რომლებიც მომავალში დიდ NBA-ში მოხვდებიან.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში NBA-ში თამაშის ბედნიერება სულ ოთხ ქართველ კალათბურთელს ხვდა წილად. 1998 წელს, მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგის გზა, „კავკასიის ჯორჯიიდან“, პირველმა, 21 წლის ვლადიმერ სტეფანიამ გაჭრა. იგი დრაფტზე „სიეტლ სუპერსონიქსმა“ აიყვანა.

2002 წელს, სტეფანიას გაკვალულ გზას ნიკოლოზ ცქიტიშვილი გაუყვა. მომდევნო წელს კი უკვე ზაზა ფაჩულია, რომელიც დღეს NBA-ში ერთადერთი ქართველია. 2004 წელს, „სან ანტონიომ“ დრაფტზე ვიქტორ სანიკიძე აირჩია, მაგრამ, სამწუხაროდ, კონტრაქტი აღარ გაუფორმა. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ორი წლის მანძილზე, თორნიკე შენგელიაც თამაშობდა. იგი, უკან ევროპაში 2014 წელს დაბრუნდა.

NBA და ქართველები

ვლადიმერ სტეფანია - 1998-2004 სიეტლი, ნიუ ჯერსი, მაიამი, პორტლენდი

ნიკოლოზ ცქიტიშვილი - 2002-06 დენვერი, გოლდენ სტეიტი, მინესოტა, ფინიქსი

თორნიკე შენგელია 2012-14 ბრუკლინი, ჩიკაგო

ზაზა ფაჩულია - 2003-დან ორლანდო, მილუოკი, ატლანტა, დალასი

XS
SM
MD
LG