ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო - ევრობასკეტ 2017-ის Dark horse


საქართველო ევრობასკეტს ლიტვით იწყებს, რომელსაც 25 დღის წინ კლაიპედაში მოუგო

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ზედიზედ მეოთხე ევრობასკეტს, ხვალ, 19:30 წუთზე, ერთ-ერთ ფავორიტთან - ვიცე ჩემპიონ ლიტვასთან შეხვედრით გახსნის. მატჩს თელ-ავივის Menora Mivtachim-ის ათიათასიანი არენა უმასპინძლებს. ისევე როგორც ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფის ყველა თამაშს, სადაც საქართველოსა და ლიტვის გარდა, მასპინძელი ისრაელი, იტალია, გერმანია და უკრაინაც არიან შეკრებილნი.

კალათბურთში ევროპის რიგით მე-40 ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, წინა გათამაშების მსგავსად, ახლაც ოთხ ქვეყანაში: ისრაელში, ფინეთში, რუმინეთსა და თურქეთში იმართება.

24 ნაკრები ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფშია განაწილებული. თითოეული ჯგუფიდან საუკეთესო ოთხი - მეთექვსმეტედ ფინალში გადის და ბრძოლას უკვე სტამბოლის Sinan Erdem Dome-ის 16 000-იან არენაზე გააგრძელებს. კონტინენტის 2017 წლის ჩემპიონი 17 სექტემბერს სწორედ თურქეთში გამოვლინდება. ტიტულის დაცვას მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი ეცდება.

საქართველოს ნაკრები, რომელსაც ისრაელიდან თურქეთამდე რთული გზა აქვს გასავლელი, თელ-ავივში გუშინ ჩაფრინდა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე „ჰილტონში“ დაბინავდა. ამ სასტუმროში, რომელსაც გარს დამოუკიდებლობის პარკი აკრავს, B ჯგუფის კიდევ ოთხი ნაკრები ცხოვრობს. ორი დღეა ქართველები Menora Mivtachim-ის არენას უშინაურდებიან.

ზაზა ფაჩულია ეროვნულ ნაკრებთან ერთად, თელ ავივში უკვე მთელი დატვირთვით ემზადება
ზაზა ფაჩულია ეროვნულ ნაკრებთან ერთად, თელ ავივში უკვე მთელი დატვირთვით ემზადება

ქართველი ფანებისთვის ყველაზე კარგი ამბავი - ეროვნული ნაკრების კაპიტნისა და ოკლენდის „გოლდენ სტეიტის“ ცენტრის ზაზა ფაჩულიას გამოჯანმრთელებაა. ფაჩულიამ ნაკრების ბოლო ცხრა საკონტროლო მატჩიდან შვიდი გამოტოვა, თუმცა ახლა მწყობრშია და ევრობასკეტის დაწყებას დიდი იმედებით ხვდება:

ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ევროპის ჩემპიონატი არ გამომეტოვებინა. ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვვარჯიშობ, სწორ გზაზე ვართ და მაქვს იმედი, რომ 31 აგვისტოს მატჩს რაც შეიძლება საუკეთესო ფორმაში შევხდები“
ზაზა ფაჩულია, ეროვნული ნაკრების კაპიტანი

„მთავარია, რომ ევრობასკეტზე თამაშს შევძლებ, თუმცა 100%-ით მზად არ ვარ. ასეთი ტრავმის, კოჭის გადაბრუნების რეაბილიტაცია გრძელვადიანი პროცესია, თუმცა ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ევროპის ჩემპიონატი არ გამომეტოვებინა. ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვვარჯიშობ, სწორ გზაზე ვართ და მაქვს იმედი, რომ 31 აგვისტოს მატჩს, რაც შეიძლება, საუკეთესო ფორმაში შევხდები.“

კალათბურთის სპეციალისტების აზრით, საქართველო ევროპის მომავალი ჩემპიონატის Dark horse-ა, რომელსაც შეუძლია დიდი მოულოდნელობა შემოგვთავაზოს. ეს შეფასება, რა თქმა უნდა, ქართველების მიერ მოსამზადებელ ეტაპზე ნაჩვენები სენსაციური შედეგებით არის განპირობებული.​

5 აგვისტო: საქართველო კლაიპედას ტურნირის მოგებას ზეიმობს
5 აგვისტო: საქართველო კლაიპედას ტურნირის მოგებას ზეიმობს

ბერძენი სპეციალისტის ილიას ზუროსის წინამძღოლობით, საქართველომ აგვისტოს დასაწყისში, ლიტვაში, კლაიპედას ოთხთა ტურნირი მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ არ გვყავდა ტრავმირებული ვიქტორ სანიკიძე და ბექა ბურჯანაძე, ასევე გვაკლდა კაპიტანი ზაზა ფაჩულია, ქართველებმა ჯერ ლატვიას აჯობეს (73-69), ფინალში კი მასპინძელ ლიტვას, ისტორიაში პირველად და დამაჯერებლად მოუგეს (81-70). კლაიპედას ტურნირის MVP გიორგი შერმადინი გახდა.

13 აგვისტო: ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, 18 წლის გოგა ბითაძე "თბილისის თასით" ხელში
13 აგვისტო: ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, 18 წლის გოგა ბითაძე "თბილისის თასით" ხელში

შემდეგ იყო თბილისის მერიის უკიდურესად ცუდად ორგანიზებული თასი, სადაც მხოლოდ ჩეხეთის ნაკრები ჩამოვიდა. საქართველომ უკვე ფაჩულიასთან ერთად, ორჯერვე მძიმე თამაშში დაამარცხა მეტოქე - 87:76 და 68:64 და ორწლიანი პაუზის შემდეგ "თბილისის თასი" ისევ ასწია.

ყველაზე სენსაციური მაინც აგვისტოს ბოლოს ათენში, ძალზედ პრესტიჟული "აკროპოლისის თასის" მოგება გახდა. საქართველომ ევროპული კალათბურთის ორ გრანდს საბერძნეთსა (72:71) და სერბეთს (68:66) დაძაბულ შეხვედრებში აჯობა და პრესტიჟულ ჯილდოს პირველად დაეუფლა. ტურნირის ბოლო შეხვედრა იტალიასთან (65:73) არაფერს წყვეტდა და ილიას ზუროსმა ის ექსპერიმენტებისთვის გამოიყენა.

25 აგვისტო: საქართველო "აკროპოლისის თასის" გამარჯვებული
25 აგვისტო: საქართველო "აკროპოლისის თასის" გამარჯვებული

ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ესპანური „ბასკონიის“ ფორვარდი თორნიკე შენგელია ამბობს, რომ ეს წარმატებები უკვე დავიწყებულია და ახლა ყველა ლიტვასთან მომავალ თამაშზეა კონცენტრირებული:

მთელი კონცენტრირება ახლა ლიტვასთან პირველ თამაშზე ხდება. რა თქმა უნდა, ამ ჩემპიონატზე დიდი მიზნები გვაქვს, ჩვენი გეგმა იმაში მდგომარეობს რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ სანუკვარ მიზნამდე.“
თორნიკე შენგელია, ეროვნული ნაკრების ფორვარდი

„მთელი კონცენტრირება ახლა ლიტვასთან პირველ თამაშზე ხდება. რა თქმა უნდა, ამ ჩემპიონატზე დიდი მიზნები გვაქვს, ჩვენი გეგმა იმაში მდგომარეობს რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ სანუკვარ მიზნამდე. ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად მიდის.“

საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეოთხე ევრობასკეტზე თამაშობს. წინა სამ ჩემპიონატზე ჩვენმა გუნდმა ორჯერ გადალახა ჯგუფური ეტაპი. 2011 წელს, 24 გუნდში, ქართველმა კალათბურთელებმა მე-11 ადგილი დაიკავეს, 2013 წელს - მე-17 და 2015 წელს - მე-15, მას მერე, რაც დრამატული მეთექვსმეტედ ფინალი ლიტვასთან 81-85 წავაგეთ.

წინა ჩემპიონატების მსგავსად, საქართველოს ნაკრების მთავარი პრობლემა სასტარტო და სარეზევრო ხუთეულებს შორის კლასში უზარმაზარი სხვაობა გახლავთ. ეს პრობლემა 2017 წლის ევრობასკეტზე კიდევ უფრო საგრძნობია, რადგან ტრავმების გამო სანიკიძე და ბურჯანაძე გვაკლია.

ილიას ზუროსის გუნდის მთავარი პრობლემა ისევ "მოკლე სკამია"
ილიას ზუროსის გუნდის მთავარი პრობლემა ისევ "მოკლე სკამია"

ილიას ზუროსს, რომელსაც მაღალი კლასის მხოლოდ ხუთი ლეგიონერი, მათ შორის ნატურალიზებული ამერიკელი მაიკლ დიქსონი ჰყავს, სხვა არჩევანი არ ჰქონდა და ეროვნული ნაკრების 12 კაციანი სიის თითქმის ნახევარი, საქართველოს სუპერლიგიდან შეავსო.

საქართველოს მთავარი ძალა ნაკრების ძირითადი ბირთვის (ფაჩულია, მარკოიშვილი, შერმადინი, შენგელია, ცინცაძე, სანაძე, დიქსონი) მაღალ კლასსა და გამოცდილებაშია. ეს ბიჭები უკვე წლებია ერთად მოდიან და წლევანდელი ევრობასკეტი ამ თაობის ბოლო შანსია, ახალი დიდი გამარჯვება გამოჭედონ.

დღემდე, ქართული კალათბურთის ისტორიაში ყველაზე დიდ გამარჯვებად თბილისის „დინამოს“ 55 წლის წინანდელი სენსაციური მოგება რჩება. 1962 წლის 29 ივნისს, ჟენევის Patinoire des Vernets-ის არენაზე, ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში, თბილისელებმა მსოფლიო კალათბურთის გრანდი - მადრიდის რეალი 90:83 დაამარცხეს

1962 წლის ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი თბილისის „დინამო“: გურამ მინაშვილი(კ), ვალერი ალთაბაევი, ვლადიმერ უგრეხელიძე, ალექსანდრე კილაძე, ანზორ ლეჟავა, ლევან მოსეშვილი, ილარიონ ხაზარაძე, ლევან ინწკირველი, რევაზ გოგელია, ამირან სხიერელი, ალექსანდრე პეტროვი. მთავარი მწვრთნელი - ოთარ ქორქია
1962 წლის ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი თბილისის „დინამო“: გურამ მინაშვილი(კ), ვალერი ალთაბაევი, ვლადიმერ უგრეხელიძე, ალექსანდრე კილაძე, ანზორ ლეჟავა, ლევან მოსეშვილი, ილარიონ ხაზარაძე, ლევან ინწკირველი, რევაზ გოგელია, ამირან სხიერელი, ალექსანდრე პეტროვი. მთავარი მწვრთნელი - ოთარ ქორქია

საქართველოს ევროვნული ნაკრები 2017 წლის ევრობასკეტზე

ზაზა ფაჩულია - „გოლდენ სტეიტ უორიორზი“ აშშ, (33 წლის - 211 სმ)

გიორგი შერმადინი - „უნიკახა“ ესპანეთი (28 – 216)

თორნიკე შენგელია - „ბასკონია“ ესპანეთი (25 – 207)

მანუჩარ მარკოიშვილი - „რეჯიო ემილია“ იტალია (30 – 196)

გიორგი ცინცაძე - „ქუთაისი“ საქართველო (31 – 193)

მაიკლ დიქსონი - „სტრასბურგი“ საფრანგეთი (26 – 186)

დუდა სანაძე - უკლუბო (25 – 196)

გოგა ბითაძე - „მეგა ლექსი“ სერბეთი (18 – 212)

გიორგი გამყრელიძე - „ტიტები“ საქართველო (31 – 185)

მიხეილ ბერიშვილი - „დინამო“ საქართველო (30 – 203)

ილია ლონდარიძე - „დინამო“ თბილისი (27 – 205)

ანატოლი ბოისა - „ქუთაისი“ საქართველო (33 – 194)

მწვრთნელთა შტაბი:

მთავარი მწვრთნელი - ილიას ზუროსი (საბერძნეთი)

ასისტენტი - იურიცა გოლემაცი (სლოვენია)

ასისტენტი - მილოშ გრიგოლიევიჩი (სერბეთი)

ასისტენტი - ტიხომირ ბუიანი (ხორვატია)

ასისტენტი - ირაკლი ხოშტარია

ასისტენტი - კოტე ტუღუში

საქართველოს თამაშების განრიგი B ჯგუფში, თელ-ავივში

31 აგვისტო, 19:30 - ლიტვა

2 სექტემბერი, 16:45 - გერმანია

3 სექტემბერი, 16:45 - უკრაინა

5 სექტემბერი, 22:30 - ისრაელი

6 სექტემბერი, 18:30 - იტალია

Eurobasket 2017-ის ტროფი თბილისში, მთაწმინდაზე, 2017 წლის 14 აგვისტო
Eurobasket 2017-ის ტროფი თბილისში, მთაწმინდაზე, 2017 წლის 14 აგვისტო

Facebook Forum

XS
SM
MD
LG