ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

NBA: არის, პირველი ქართული ბეჭედი!


ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონობას ზეიმობს
ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონობას ზეიმობს

ის, რაც 30, 10 ან თუნდაც, 1 წლის უკან წარმოუდგენლად ჩანდა, უკვე რეალობაა. მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთი ლიგის გამარჯვებულთა შორის დღეიდან ქართველი კალათბურთელის გვარიც არის.

გამთენიისას, ოკლენდის Oracle Arena-ზე, „გოლდენ სტეიტ უორიორზმა“ ურთულეს შეხვედრაში 129:120 დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი „კლივლენდ კავალიერსი“ და ფინალურ სერიაში 4-1 გაიმარჯვა (113:91, 132:113, 118:113, 116:137, 129:120)

„მეომრებმა“ საკუთარ ისტორიაში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონატი მეხუთედ (1947, 1956, 1975, 2015, 2017) მოიგეს; ზაზა ფაჩულიამ კი კარიერის მანძილზე პირველად ასწია NBA-ს თასი, რომელიც ასოციაციის ყოფილი კომისრის - ლარი ობრაიანის სახელს ატარებს.

სამი ფაჩულია NBA-ს თასით
სამი ფაჩულია NBA-ს თასით

ფაჩულიამ შედარებით სუსტად ჩაატარა სერიის დასკვნითი სამი მატჩი, თუმცა როგორც იტყვიან, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. მთავარი მიზანი, რაც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა „უორიორზში“ გადასვლისას დაისახა - მიღწეულია, საქართველოს NBA-ს პირველი, ღირსეული ჩემპიონი ჰყავს.

ზაზა ფაჩულიამ შეძლო ის, რაც ვარსკვლავური კარიერის მანძილზე ვერ მოახერხეს NBA-ს ისეთმა ლეგენდებმა, როგორებიც იყვნენ: ელჯინ ბეილორი, ჩარლზ ბარკლი, კარლ მელოუნი, ჯონ სტოქტონი, რეჯი მილერი, პატრიკ იუინგი, სტინ ნეში, ალენ აივერსონი და სხვები.

დაჯილდოების ცერემონიალზე, „მეომრების“ერთადერთი უცხოელი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია, ბუნებრივია საქართველოს ეროვნული დროშით გამოჩნდა და ეს ისტორიული გამარჯვება სამშობლოს მიუძღვნა:

ეს მსოფლიოს ჩემპიონობა არის საქართველოსთვის. იმედი მაქვს რომ ეს იქნება მოტივაცია ახალგაზრდებისთვის რომ ითამაშონ და ასეთ წარმატებას მიაღწიონ კალათბურთში. კიდევ ბევრი მსოფლიო ჩემპიონი გვეყოლება, არა მხოლოდ კალათბურთში. პატარა ქვეყანა ვართ და ყველა წარმატება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია!"
ზაზა ფაჩულია, "გოლდენ სტეიტ უორიორზის" ცენტრი

„საქართველო ეს შენთვის არის! შენთვის! სასწაული გრძნობაა, ამდენი შრომა, ოფლი, ვარჯიში იმისთვის რომ მოგვეგო ჩემპიონობა და ეს შევძელით. მსოფლიო ჩემპიონობა ძალიან დიდი სიამაყე და სიხარულია, ყველა ჩემს გულშემატკივარს ვულოცავ.

რაც მთავარია, ეს ჩემპიონობა არის საქართველოსთვის. იმედი მაქვს რომ ეს იქნება მოტივაცია ახალგაზრდებისთვის რომ ითამაშონ და ასეთ წარმატებას მიაღწიონ კალათბურთში.

ეს დასაწყისი იყოს, კიდევ ბევრი მსოფლიო ჩემპიონი გვეყოლება, არა მხოლოდ კალათბურთში, პატარა ქვეყანა ვართ და ყველა წარმატება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გილოცავ საქართველო, ეს თასი თბილისში მალე ჩამოვა!“

ზაზა ფაჩულიას მსგავსად NBA-ს ჩემპიონის ტიტული პირველად მოიგო კევინ დურანტმა, რომელმაც შარშან, სწორედ ამ მიზნით გაცვალა „ოკლაჰომა სიტი“ „გოლდენ სტეიტზე“.

28 წლის დურანტი ფინალულ სერიაში ნამდვილი მონსტრი იყო, მან ხუთივე შეხვედრაში 30 ქულიან ზღვარს გადააბიჯა (მეხუთე მატჩში 39 ქულა ჩააგდო), რითაც, ერთის მხრივ, ლეგენდარული შაკილ ონილის რეკორდი გაიმეორა, მეორეს მხრივ კი ფინალის ყველა ძვირფასი მოთამაშის (MVP) პრიზი დაიმსახურა. ჯილდო დურატმა ცოცხალი ლეგენდის, 83 წლის ბილ რასელისგან მიიღო.

შეუდარებელი კევინ დურანტი NBA-ს ფინალის MVP გახდა
შეუდარებელი კევინ დურანტი NBA-ს ფინალის MVP გახდა

„ერთადერთი კალათბურთელი, ვისაც შეუძლია თვალებში ჩამხედოს ეს ლებრონ ჯეიმსია“ - ყოველგვარი მორიდების გარეშე თქვა მატჩის შემდეგ დურანტმა და ეს 100%-იანი სიმართლეა. დურანტი-ჯეიმსის დუელი NBA-ს წლევანდელი ფინალური სერიის საოცარი სანახაობა იყო. მეფე ლებრონმა ამჯერადაც სამმაგი დუბლი შეასრულა.

პლეი-ოფებსა და ფინალში 16 მოგებითა და 1 წაგებით, „გოლდენ სტეიტმა“ გაიმეორა „ფილადელფიის“ 1983 წლის და „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ 2001 წლის ანალოგიური რეკორდი. „უორიორზში“ ზაზა ფაჩულია ყველაზე ახლო მეგობარმა კლეი ტომპსონმა კი მამის, „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ყოფილი მოთამაშის, ბაჰამელი მაიკლ ტომპსონის მსგავსად, მეორედ ასწია NBA-ს ჩემპიონის თასი.

ზურაბ სამხარაძე ფაჩულიას პირველი მწვრთნელი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ არ გაკვირვებია NBA-ს პირველი ქართული ბეჭედი, რადგან ზაზა ბავშვობიდან ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდი ამ დიდი მიზნისკენ.

როცა ჩემთან მოვიდა, შედარებით მაღალი და ძალიან ნიჭიერი ბავშვი იყო. ძალიან უნდოდა კალათბურთის თამაში. იდეა-ფიქსად ჰქონდა, რომ მე უნდა ვითამაშო დიდი კალათბურთიო. თავისი საოცარი შრომისმოყვარეობით ამას მიაღწია კიდეც, რითაც ძალიან ამაყი ვარ“
ზურაბ სამხარაძე, ზაზა ფაჩულიას პირველი მწვრთნელი

„ზაზას ბავშვობაში არ ჰქონია რაიმე გამორჩეული მონაცემები, დიდი სისწრაფე ან მხტომელობა რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცია.

როცა ჩემთან მოვიდა, შედარებით მაღალი და ძალიან ნიჭიერი ბავშვი იყო. ძალიან უნდოდა კალათბურთის თამაში. იდეა-ფიქსად ჰქონდა, რომ მე უნდა ვითამაშო დიდი კალათბურთიო. თავისი საოცარი შრომისმოყვარეობით ამას მიაღწია კიდეც, რითაც ძალიან ამაყი ვარ.“

ქართველი მაყურებელი NBA-ს პირველად 29 წლის უკან, 1988 წლის 25 ივლისს ეზიარა. მაშინ საბჭოთა ჯორჯიას ამერიკული ჯორჯიიდან პირველად „ატლანტა ჰოუქსი“ ეწვია და თბილისის გადაჭედილ სპორტის სასახლეში 85-84 საბჭოთა კავშირის ნაკრები დაამარცხა. მაშინ ფაჩულია სულ 4 წლის იყო.

NBA-ს გუნდის პირველი სტუმრობა საქართველოში, 1988 წელი
NBA-ს გუნდის პირველი სტუმრობა საქართველოში, 1988 წელი

მანამდე, საბჭოთა საქართველოში NBA-ს საოცარი თამაშის ფრაგმენტების ხილვის საშუალება ერთეულებს თუ ჰქონდათ, ზოგს ვიდეომაგნიტოფონის, ზოგს კი პანტიანში, კუსტარულად დამზადებული ანტენის მეშვეობით.

პირველი ქართველი NBA-ში, 10 წლის შემდეგ, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში, 1998 წელს გამოჩნდა, როცა „სიეტლ სუპერსონიქსმა“ დრაფტზე, 22 წლის ვლადიმერ სტეფანია აიყვანა. სულ ამერიკის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 4 ქართველს (სტეფანია, ცქიტიშვილი, ფაჩულია, შენგელია) უთამაშია.

აქედან ყველაზე დიდხანს ლიგას ფაჩულია შერჩა. 2003 წლიდან, 33 წლის ზაზას მხრებზე 14-მა ამერიკულმა სეზონმა გადაიარა. იგი პირველი ქართველი და 49-ე უცხოელი კალათბურთელი გახდა, რომელმაც NBA-ს ჩემპიონის ტიტული მოიგო და საჩემპიონო ბეჭედიც მოირგო.

უცხოელები, რომლებსაც NBA მოუგიათ

2017 - გოლდენ სტეიტ უორიორსი - ზაზა ფაჩულია(საქართველო)

2016 - კლივლენდ კავალიერსი - ტრისტან ტომპსონი(კანადა), მეთიუ დალავედოვა(ავსტრალია), ტიმოფეი მოზგოვი(რუსეთი), საშა კაუნი(რუსეთი)

2015 - გოლდენ სტეიტ უორიორსი - ენდრიუ ბოგუტი(ავსტრალია), ლეანდრო ბარბოსა(ბრაზილია), ეზელი ფესტუსი(ნიგერია), ოგნიენ კუზმიჩი(სერბეთი)

2014 - სან ანტონიო სპურსი - ტონი პარკერი(საფრანგეთი), მანუ ჯინობილი(არგენტინა), მარკო ბელინელი(იტალია), ბორის დიაო(საფრანგეთი), ტიაგო სპლიტერი(ბრაზილია), იოზეფ კორი(კანადა), ტიმ დუნკანი (ვირჯინიის კუნძულები)

2013 - მაიამი ჰითი - ენტონი ჯოელი(კანადა)

2012 - მაიამი ჰითი - ენტონი ჯოელი(კანადა), ტურიაფ რონი(საფრანგეთი)

2011 - დალაქს მავერიქსი - დირკ ნოვიცკი(გერმანია), პრედრაგ სტოიაკოვიჩი(სერბეთი), იენ მაინმი(საფრანგეთი), როდრიგ ბობუა(საფრანგეთი), ხოსე ბარეა(პუერტო რიკო)

2010 - ლოს ანჟელეს ლეიკერსი - პო გასოლი(ესპანეთი), დიდიე ილუნგა-მბენგა(ბელგია), საშა ვუიაჩიჩი(სერბეთი)

2009 - ლოს ანჟელეს ლეიკერსი - პო გასოლი(ესპანეთი), დიდიე ილუნგა-მბენგა(ბელგია), საშა ვუიაჩიჩი(სერბეთი), იუე სუნი(ჩინეთი)

სან ანტონიოს ლეგენდარული სამეული: დუნკანი, ჯინობილი და პარკერი
სან ანტონიოს ლეგენდარული სამეული: დუნკანი, ჯინობილი და პარკერი

2007 - სან ანტონიო სპურსი - ტონი პარკერი(საფრანგეთი), მანუ ჯინობილი(არგენტინა), ფაბრიციო ობერტო(არგენტინა), ბენო უდრიჰი(სლოვენია), ფრანცისკო ელსონი(ჰოლანდია), ტიმ დუნკანი (ვირჯინიის კუნძულები)

2005 - სან ანტონიო სპურსი - ტონი პარკერი(საფრანგეთი), მანუ ჯინობილი(არგენტინა), რადოსლავ ნესტეროვიჩი(სლოვენია), ბენო უდრიჰი(სლოვენია), შონ მარქსი(ახალი ზელანდია), ტიმ დუნკანი (ვირჯინიის კუნძულები)

2004 - დეტროიტ პისტონსი - დარკო მილიჩიჩი(სერბეთი), მეჰმეთ ოქური(თურქეთი)

2003 - სან ანტონიო სპურსი - ტონი პარკერი(საფრანგეთი), მანუ ჯინობილი(არგენტინა), ბათირ მენგე(ჩინეთი), ტიმ დუნკანი (ვირჯინიის კუნძულები)

2002 - ლოს ანჯელეს ლეიკერსი - სტანისლავ მედვედენკო(უკრაინა), რიკ ფოქსი(კანადა)

2001 - ლოს ანჯელეს ლეიკერსი - სტანისლავ მედვედენკო(უკრაინა), რიკ ფოქსი(კანადა)

2000 - ლოს ანჯელეს ლეიკერსი - რიკ ფოქსი(კანადა)

1999 - სან ანტონიო სპურსი - ენდრიუ გეზი(ავსტრალია), ტიმ დუნკანი (ვირჯინიის კუნძულები)

1998 – ჩიკაგო ბულზი - ტონი კუკოჩი(ხორვატია), ლუკ ლოგლი (ავსტრალია), ბილი ვენინგტონი(კანადა)

1997 - ჩიკაგო ბულზი - ტონი კუკოჩი(ხორვატია), ლუკ ლოგლი(ავსტრალია), ბილი ვენინგტონი(კანადა)

1996 – ჩიკაგო ბულზი - ტონი კუკოჩი(ხორვატია), ლუკ ლოგლი(ავსტრალია), ბილი ვენინგტონი(კანადა)

1995 - ჰიუსტონ როკეტსი - ჰაკიმ ოლაჯუონი(ნიგერია), იან ტაბაკი(ხორვატია), კარლ ერერა(ვენესუელა)

1994 - ჰიუსტონ როკეტსი - ჰაკიმ ოლაჯუონი(ნიგერია), კარლ ერერა(ვენესუელა), რიჩარდ პეტრუშკა(სლოვაკეთი)

1988 - ლოს ანჯელეს ლეიკერსი - მაიკ სმრეკი (კანადა), მაიკლ ტომპსონი (ბაჰამა)

1987 - ლოს ანჯელეს ლეიკერსი - მაიკ სმრეკი (კანადა), მაიკლ ტომპსონი (ბაჰამა)

1980 - ლოს ანჯელეს ლეიკერსი - ბუჩ ლი (პუერტო რიკო)

ლეგენდა ბილ რასელი 11 საჩემპიონო ბეჭდით
ლეგენდა ბილ რასელი 11 საჩემპიონო ბეჭდით

კალათბურთელები, რომლებსაც ყველაზე მეტი ბეჭედი აქვთ

ბილ რასელი (ბოსტონ სელტიქსი) – 11

სემ ჯონსი (ბოსტონ სელტიქსი) – 10

ტომ ჰეინსონი (ბოსტონ სელტიქსი) – 8

კეი სი ჯონსი (ბოსტონ სელტიქსი) – 8

თომას საჩ სანდერსი (ბოსტონ სელტიქსი) – 8

ჯონ ჰავლიჩეკი (ბოსტონ სელტიქსი) – 8

გუნდები, რომლებსაც NBA ყველაზე მეტჯერ მოუგიათ

ბოსტონ სელტიქსი - 17

ლოს ანჯელეს ლეიკერსი - 16

ჩიკაგო ბულზი - 6

სან ანტონიო სპურზი - 5

გოლდენ სტეიტ უორიორზი - 5

ოკლენდელმა "მეომრებმა" NBA მეხუთედ მოიგეს
ოკლენდელმა "მეომრებმა" NBA მეხუთედ მოიგეს

Facebook Forum

XS
SM
MD
LG