ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეყოლება საქართველოს NBA-ს ჩემპიონი?


ლებრონ ჯეიმსი და ზაზა ფაჩულია, NBA-ს ფინალური სერია, ოკლენდი

132:113 - ოკლენდის Oracle Arena-ზე, 2:0 - NBA-ს ფინალურ მატჩში და ზედიზედ - 14 გამარჯვება პლეი-ოფში, რაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ახალი რეკორდია - ასეთია მიმდინარე სეზონში, „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ფენომენალური სერია.

ოკლენდელებმა NBA-ს მოქმედი ჩემპიონი „კლივლენდ კავალიერსი“ ორივე საშინაო მატჩში უპრობლემოდ (113:91 და 132:113) დაამარცხეს. ლეგენდარული ლებრონ ჯეიმსის წინამძღოლობით კლივლენდელები თითქოს ყველაფერს სწორად აკეთებდნენ, თუმცა, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ „მეომრებს“ როცა მოუნდათ, მაშინ მოუმატეს და ეგრევე წინ გაიჭრნენ. საბოლოოდ, სხვაობამ ორი მატჩის ჯამში +41 შეადგინა.

„კავზს“ ოკლენდურ ტურში, ვერც ლებრონ ჯეიმსის დიდი თაყვანისცემლის, „გრემის“ ექვსგზის მფლობელის რიანას გამოჩენამ უშველა. ბარდაბადოსული წარმოშობის R&B ვარსკვლავმა, პირველ შეხვედრაში ჯერ კევინ დურანტს დაუყვირა, შემდეგ ოკლენდის ფანებს ურჩია საქმე, თუმცა საბოლოოდ, „მეომრების“ ლიდერის სტეფ კარის ირონიული კომენტარი დაიმსახურა.

რიანა Oracle Arena-ზე "კლივლენდს" ქომაგობდა
რიანა Oracle Arena-ზე "კლივლენდს" ქომაგობდა

სტეფ კარი, რომელმაც „კლივლენდს“ 32 ქულა ჩაუგდო და ტრიპლ-დაბლიც (სამმაგი დუბლი) გაიფორმა, თვითკრიტიკული იყო მეორე მატჩის შემდეგ, თუმცა რიანა მაინც ახსენა:

წავშალე თუ არა რიანა ჩემს პლეილისტიდან? (იცინის) მე ვფიქრობ, ის იქ არასოდეს ყოფილა“

„ჩვენ ბევრ რამეს კარგად ვაკეთებთ, მაგრამ არცერთ შეხვედრაში არ გამოგვივიდა იდეალური თამაში, რამდენიმე ასპექტში ერთად.

პირველ შეხვედრაში ჩვენ არ ვკარგავდით ბურთს, მაგრამ ცუდად ვესროდით. მეორე მატჩში - მაგრად ვესროლეთ, მაგრამ ბურთის 20 დაკარგვა დაგვიგროვდა. ჩვენ ეს მაჩვენებლები უნდა შევაჯეროთ და გამარჯვება კიდევ უფრო ადვილად მოვა.

...წავშალე თუ არა რიანა ჩემს პლეილისტიდან? (იცინის) მე ვფიქრობ, ის იქ არასოდეს ყოფილა.“

NBA-ს რიგით 71-ე (BAA-ს ჩათვლით) ფინალური სერია ისტორიულია საქართველოსთვის. პირველად მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგის ფინალში ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია თამაშობს.

33 წლის ფაჩულიას, რომელიც უკვე 14 წელია ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაშია, ყველაზე გრძელი სეზონი სწორედ 2017 წელს, „გოლდენ სტეიტ უორიორზთან“ ერთად აქვს.

ქართველმა ცენტრმა „მეომრებთან“ ერთად უკვე მოიგო დასავლეთის კონფერენციის რეგულარული სეზონი, გახდა დასავლეთის კონფერენციის ჩემპიონი და ახლა 2 გამარჯვებაღა აშორებს სანატრელ NBA-ს საჩემპიონო ბეჭედს.

ასე გამოიყურებოდა "უორიორზის" საჩემპიონო ბეჭედი 2015 წელს
ასე გამოიყურებოდა "უორიორზის" საჩემპიონო ბეჭედი 2015 წელს

ფაჩულიამ კარგი თამაში აჩვენა ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში, როცა 14 წუთში, 8 ქულა ჩააგდო და დურანტის, კარისა და გრინის შემდეგ, ეფექტიანობით გუნდში მეოთხე იყო. ქართველმა შედარებით სუსტად ითამაშა ფინალის მეორე მატჩი, რომელშივ 13 წუთში მხოლოდ 2 ქულას მოუყარა თავი. გუშინ ზაზა ფაჩულიამ აღნიშნა:

"თუკი ასე ვითამაშებთ კლივლენდშიც გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. ძალიან სასიხარულია ჩვენი მწვრთნელის სტივ კერის დაბრუნება. მე დავინახე ფანების რეაქცია, როცა ის გამოჩნდა. ის არაჩვეულებრივი პერსონაა. მიხარია, რომ თავს უკეთ გრძნობს და ისევ შეუძლია მუშაობა.

სტივ კერიმ შეგვახსენა, რომ ამ სეზონში კლივლენდში, შესაძლოა, კიდევ უფრო გაგვიჭირდეს. იქ გიჟური ატმოსფერო იქნება მათი ფანების წყალობით. ასე რომ, სტუმრად დიდი ბრძოლები მოგვიწევს“

სტივ კერიმ შეგვახსენა, რომ ამ სეზონში კლივლენდში, შესაძლოა, კიდევ უფრო გაგვიჭირდეს. იქ გიჟური ატმოსფერო იქნება მათი ფანების წყალობით. ასე რომ, სტუმრად დიდი ბრძოლები მოგვიწევს“

„გოლდენ სტეიტ უორიორზსს“ აქვს ისტორიული შანსი, თუკი კლივლენდში ზედიზედ ორ თამაშსს მოიგებს, NBA-ს ისტორიაში პირველი გუნდი გახდება, რომელმაც პლეი-ოფიც და ფინალური სერიაც წაუგებლად გაიარა.

თუმცა, „მეომრების“ მთავარი მწვრთნელი სტივ კერი, რომელიც ზურგის ტრავმის შემდეგ, გუნდს როგორც იქნა დაუბრუნდა, ოკლენდელებს აფრთხილებს რეალურად შეაფასონ „კლივლენდ კავალიერსის“ შესაძლებლობები, რომელიც ოჰაიოს The Q-ის არენაზე ორმაგდება.

„მეომრებმა“ ეს ყველაზე უკეთ უწყიან. შარშანდელ, ფინალურ სერიას "უორიორსი" 3-1-ს იგებდა, თუმცა საბოლოოდ „კლივლენდთან“ 3-4 დამარცხდა.

NBA-ს ფინალური სერია ოთხ გამარჯვებამდე გრძელდება, მომავალი ორი მატჩი 8 და 10 ივნისს გაიმართება. საჭიროების შემთხვევაში სერია შეიძლება 7 მატჩამდე გაგრძელდეს.

ფაჩულია "უორიორზთან“ ერთად NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონი უკვე გახდა
ფაჩულია "უორიორზთან“ ერთად NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონი უკვე გახდა

Facebook Forum

XS
SM
MD
LG