ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ქალს ვინც დაუწყო გინება, აბა თუ შეგვერკინება?!“


"ბორჯღალოსნები" ქალთა უფლებების დასაცავად
"ბორჯღალოსნები" ქალთა უფლებების დასაცავად

საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ყველაზე აქტიურად - ეროვნული ნაკრების მორაგბეები გამოდიან

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:29 0:00
ბმული


ქუთაისის ცენტრი. გვიანი ღამე. ბარათაშვილის ქუჩის მცხოვრებელებს ქალის განწირული ხმა შემოესმათ. ცოლს უმოწყალოდ სცემდა ქმარი, მხოლოდ იმიტომ რომ მან „ოჯახის უფროსის“ მიწოდებული კარაქიანი პური არ შეჭამა.

ქმარმა კარაქიანი პური ცოლს ჯერ სახეში შეაზილა, შემდეგ თმებით ათრია. ეს ყველაფერი ოჯახში მყოფი 2 წლის ბიჭუნას თვალწინ ხდებოდა, რომელიც წაქცეული ქალის ქვეშ მოყვა.

ნაცემი და შეშინებული ქალი სახლიდან გაიქცა და თავი მეზობლებს შეაფარა, თუმცა პოლიციაში დარეკვა ვერ გაბედა. ქმარი ყოფილი პატიმარია. პოლიციისთვის არც მეზობლებს მიუმართავთ. მომხდარი ადგილობრივმა ჟურნალისტმა გაახმაურა.

ეს ყველაფერი ქუთაისში, გუშინ, 24 ნოემბერს მოხდა. დღეს მთელი მსოფლიო - ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული ეროვნული კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველი მე-11 ქალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. ასეთი კატეგორიის ქალების 27,8 პროცენტი არავის უზიარებს საკუთარ პრობლემას და დუმს.

78 პროცენტზე მეტს კი მიაჩნია რომ ოჯახში მომხდარი ძალადობის ფაქტები ოჯახშივე უნდა დარჩეს; პარადოქსია, მაგრამ საქართველოში გამოკითხულ ქალთა 34,1 პროცენტი ამართლებს ქმრის მიერ ცოლის ცემას. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მრჩეველი გენდერის საკითხებში თამარ საბედაშვილი ამბობს:

„ძალადობის განმაპირობებელი არის, დომინირების და კონტროლის სურვილი. ძალაუფლება განახორციელო მასზე, ვინც შენზე სუსტად მიგაჩნია. საქართველოში არსებული გენდერული უთანასწორობის მატრიცა, ძალიან კარგად ერგება სწორედ ძალაუფლების დომინირების და კონტროლის დინამიკას.

შესაბამისად, ძალადობა ოჯახში ხდება იმიტომ, რომ ცოლი და ქმარი თანასწორნი არ არიან. აუცილებელია იმის ხაზგასმა, რომ ცოლი და ქმარი როგორც ქორწინებაში, ისე ოჯახში არიან თანასწორუფლებიანი პარტნიორები. თუ ამაზე ვიმუშავებთ და ამას გააცნობიერებს საზოგადოება, ეს ფენომენი, რასაც ოჯახში ძალადობა ჰქვია ნელ-ნელა დაიძლევა.“

საქართველოში ქალზე ძალადობის ყველა ის ფორმა გვხდება, რაც დამახასიათებელია პატრიარქალური საზოგადოებისთვის. მათ შორის, ყველაზე გავრცელებულია - ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური, ემოციური და ეკონომიკური ძალადობის შემთხვევები.

უფლებადამცველთა თქმით, საქართველოში ქალთა მიმართ დისკრიმინაციული და ძალადობრივი სტერეოტიპების მთელი ჯაჭვი არსებობს. მაგალითად:

- მთელი ქონება ოჯახში მხოლოდ ვაჟს უნდა დარჩეს, გოგონას ერგება მხოლოდ მზითი და გათხოვება, თუნდაც ნაადრევად.
- ქალის მთავარი დანიშნულება დედობაა. მთელი ცხოვრება შვილების აღზრდასა და სამზარეულოში უნდა გაატაროს.
- ოჯახის უფროსი მამაკაცია. მას შემოაქვს ფული, ცოლი ეკონომიკურად დამოკიდებულია მასზე და შესაბამისად, ქმარი წყვეტს - რამდენი და რაში უნდა დახარჯოს ცოლმა, როგორ ჩაიცვას, სად წავიდეს, ვის ემეგობროს, ისწავლოს თუ სახლში იჯდეს, გააჩინოს შვილი თუ აბორტი გაიკეთოს, როცა ნაყოფი გოგონაა.
- არ აქვს მნიშვნელობა ქალს აქვს თუ რა სექსის სურვილი. თუ ოჯახის უფროსს აქვს მოთხოვნილება - ცოლი ყოველ ღამე უნდა დანებდეს.

ქართულ საზოგადოებაში ამგვარი, აშკარად ძალადობრივი სტერეოტიპების მასაზრდოებელად, ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავლენიანი ინსტიტუცია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გვევლინება.

კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე პირდაპირ ამბობს, რომ ოჯახში კაცი და ქალი არ შეიძლება იყვნენ თანასწორნი. ნაწყვეტი პატრიარქის შარშანდელი ქადაგებიდან:

„მეუღლე, ქმარი როცა მოვა სამსახურიდან შენ, ცოლმა უნდა შესთავაზო დასვენება, ფეხების დაბანა, საჭმელი და სითბო უნდა აჩვენო შენს ქმარსა.

საღმრთო წერილი ამბობს, რომ ოჯახის მეთაური არის ქმარი. ოჯახი ეს არის ერთი სხეული და არ შეიძლება, რომ ერთ სხეულზე იყოს ორი თავი.“


გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში ქმრები ყველაზე ხშირად ცოლებს სცემენ სიმთვრალის დროს (გამოკითხულთა 51,3%). შემდეგ მოდის: უფულობა (25,6%), ეჭვიანობა (17,3), სახლში საჭმლის არქონა (12,4%), ქმრისთვის არდაჯერება (13,7%) და სექსზე უარის თქმა (11%).

გამოკითხულ ქალთა 2,7% ამბობს რომ ქმრის მხრიდან ფიზკური ძალადობის მსხვერპლი ორსულობის პერიოდშიც გამხდარა.

5-12 წლამდე ბავშვებს, რომლებიც ოჯახური ძალადობის სცენებს შესწრებიან, სხვადასხვა ქცევითი პრობლემები აქვთ: მათ შორის - სიმორცხვე და საკუთარ თავში ჩაკეტილობა, კოშმარები სიზმარში, აგრესიულობა და შარდის შეუკავებლობა.

უკვე მესამე წელია, გაეროს გენერალური მდივნის კამპანიას „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ მხარს აქტიურად უჭერს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები.

გიორგობას, ქართველმა მორაგბეებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს სამოას ეროვნულ გუნდზე - 16:15 და ეს ტესტ-მატჩი ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრას მიუძღვნეს. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ახალ ზელანდიელი მილთონ ჰეიგი ამბობს

„ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვისაც, პირველ რიგში, როგორც მეუღლისა და ორი ქალიშვილის მამისთვის. მე მინდა მოვუწოდო ყველა მამაკაცსა და ბიჭს, რომ ქალის მიმართ ძალადობა სიმხდალეა და დაუშვებელია.

ეს პრობლემა, ბუნებრივია ჩემს ქვეყანაში, ახალ ზელანდიაშიც არის. ვფიქრობ, ყველა მამაკაცი უნდა დაფიქრდეს თავის საქციელზე. ქალთა მიმართ ძალადობა კერძო, ინდივიდუალური პრობლემა არ არის. ძალადობას საზოგადოება უნდა ებრძოდეს და გმობდეს. მე ვგმობ ქალთა წინააღმდეგ ძალადობას!“

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ძალისხმევით, საქართველოში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის უკვე სამი თავშესაფარი არსებობს: თბილისში, გორსა და ქუთაისში. ასე მოქმედებს ცხელი ხაზი - 2 309 903, სადაც ძალადობის მსხვერპლს ნებისმიერ დროს შეუძლია დარეკვა და კონსულტაციის მიღება.

ქალთა უფლებადამცველები 1981 წლიდან, გაერო კი 2000 წლიდან აღნიშნავს 25 ნოემბერს, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს.

25 ნოემბერი არის სამი ქალი აქტივისტის, სამი დის - მინერვა, მარია ტერეზა და პატრია მირაბელების ხსოვნის დღე. დები 1960 წლის 25 ნოემბერს, დომინიკის რესპუბლიკაში, დიქტატორ რაფაელ ტრუხილოს ბრძანებით დახვრიტეს.

XS
SM
MD
LG