ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეტრო გაჩერდა: სატრანსპორტო კოლაფსი თბილისში


Robin Fabbro/OC Media-ს ფოტო

საქართველოს დედაქალაქი სრულ სატრანსპორტო კოლაფსში აღმოჩნდა, დღეს, დილიდან, მას შემდეგ, რაც თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებმა ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, შიმშილობა და უვადო გაფიცვა ერთდროულად წამოიწყეს და სამსახურში არ გამოცხადნენ.

ყოველდღიურად, მეტრო დაახლოებით, 300 000-მდე თბილისელსა და დედაქალაქის სტუმარს ემსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონაცემებით, 3 ივნისს, მეტრომ 262 729 მგზავრი გადაიყვანა, დღეს კი გაფიცვის გამო, ეს ნაკადი იძულებული გახდა ავტობუსებით ესარგებლა. თბილისის მერიამ ავტობუსით მგზავრობა დროებით უფასო გახადა, თუმცა კოლაფსი თავიდან მაინც ვერ აიცილა.

მეტროს გაჩერების გამო ხალხი ავტობუსებს მიაწყდა. iPress-ის ფოტო
მეტროს გაჩერების გამო ხალხი ავტობუსებს მიაწყდა. iPress-ის ფოტო

გაფიცვას მემანქანეების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“ ხელმძღვანელობს, რომელშიც თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეთა უმრავლესობაა გაერთიანებული. „ერთობა 2013“-მა ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში გააფრთხილა თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სატრანსპორტო კომპანია, მოსალოდნელი გაფიცვის თაობაზე.

საპასუხოდ, თბილისის მერიამ მემანქანეთა პროფკავშირები შანტაჟში დაადანაშაულა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება გამოიტანა, მემანქანეებს გაფიცვის ვადა ჯერ ერთი თვით გადაუვადა, ხოლო შემდეგ, სამუშაო საათებში, გაფიცვის კონტიტუციური უფლების გამოყენება საერთოდ აუკრძალა.

მეტროს მემანქანეების გაფიცვა და შიმშილობის აქცია გლდანის დეპოში
მეტროს მემანქანეების გაფიცვა და შიმშილობის აქცია გლდანის დეპოში

ამ შეზღუდვების გამო, მემანქანეთა დიდმა ნაწილმა შიმშილობა და გაფიცვა არასამუშაო დროს, კვირას, 3 ივნისს დაიწყო და არაკონსტიტუციურ აკრძალვას ასე აუარა გვერდი. მეტროპოლიტენის მემანქანე ბესო გოგიჩაიშვილი დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსის გამო, მთელ პასუხისმგებლობას თბილისის მერიას აკისრებს:

„საერთოდ არაფერში ჩაგვაგდეს, სრული იგნორი! მიგვიყვანეს აქამდე, მეტროპოლიტენი პარალიზებულია! მეტროს ამუშავება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მთავარი მოთხოვნა დაკმაყოფილდება"
ბესო გოგიჩაიშვილი, თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანე

„საერთოდ არაფერში ჩაგვაგდეს, სალაპარაკოდაც კი არავინ მოსულა, რო ეთქვა, აი ბიჭებო, დღეს ამდენი შეგვიძლია, მოდი ერთმანეთის მდგომარეობაში შევიდეთ, ეს გავითვალისწინოთ. არაფერი მსგავსი! სრული იგნორი!

მიგვიყვანეს აქამდე, მეტროპოლიტენი პარალიზებულია! რახან აქამდე მივედით და ეს მომენტი დადგა, მეტროპოლიტენის ამუშავება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მთავარი მოთხოვნა, სამუშაო საათის ანაზღაურების 10 ლარამდე ანუ 45%-ით გაზრდა დაკმაყოფილდება“.

„ერთობა 2013“-ის ინფორმაციით, მიწისქვეშ უმძიმესი და ურთულესი სამუშაო პირობების გამო, მეტროს მემანქანეთა 60%-ზე მეტი საპენსიო ასაკს ვერ აღწევს და ნაადრევად იღუპება. ამჟამად, მემანქანის საათობრივი ანაზღაურება 6 ლარი და 90 თეთრია, 150 სამუშაო საათის, ანუ ერთი თვის განმავლობაში, ხელზე ასაღები ხელფასი საშუალოდ, 1140 ლარს შეადგენს.

https://emc.org.ge
https://emc.org.ge

მემანქანეები მოითხოვენ, რომ საათში არსებული ანაზღაურება 2 ლარით და 10 თეთრით, ანუ 10 ლარამდე გაიზარდოს, რაც საშუალებას მისცემთ, რომ თვეში ხელზე, გადასახადების გარეშე, 1500 ლარი აიღონ.

თბილისის მერმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მეტროს მემანქანეების ხელფასი 1400-დან 1800 ლარამდე მერყეობს (საშემოსავლოს და სხვა გადასახადების ჩათვლით) და მერიას არ აქვს საშუალება, რომ ეს ანაზღაურება კიდევ გაზარდოს.

გაფიცულები ამბობენ, რომ იმ დროს, როცა თბილისის სატრანსპორტო კომპანია ხელფასის მომატებაზე უარს ეუბნებათ, სატრანსპორტო კომპანიის მენეჯმენტი უზარმაზარ ანაზღაურებას იღებს, მაგალითად, კომპანიის დირექტორმა ხელფასისა და პრემიის სახით 13 000 ლარიც კი მიიღო.

თბილისის მერიაში არ გამორიცხავენ, რომ გაფიცვის გამო მემანქანეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. თბილისის მერმა კახი კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს:

დაუშვებელია შანტაჟის საფუძველზე მერიამ არასამართლიანი და უთანასწორო გადაწყვეტილებები მიიღოს“
კახი კალაძე, თბილისის მერი

„ის, რომ დღეს მეტროსადგურები არ მუშაობს და არ ემსახურება მგზავრთა გადაყვანას, შეიძლება საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ შანტაჟად შეფასდეს. დაუშვებელია შანტაჟის საფუძველზე მერიამ არასამართლიანი და უთანასწორო გადაწყვეტილებები მიიღოს.“

გაფიცულების მიმართ ხისტი პოლიტიკის გამო, დღეს დედაქალაქის მერი, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ფრაქციიის „ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატების“ წარმომადგენელმა ბექა ნაცვლიშვილმა გააკრიტიკა.

სოციალისტმა დეპუტატმა ბრძანა, რომ მეტროს მუშაკებს მეტი ყურადღება სჭირდებათ, ხოლო მოსამართლის გადაწყვეტილებას მათთვის გაფიცვის უფლების წართმევის შესახებ ნონსენსი უწოდა. გაფიცულებს პრეზიდენტის წარმომადგენელი კახა კოჟორიძეც შეხვდა, თუმცა როდის ამუშავდება მეტრო ამ დროისთვის უცნობია.

თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობა 1953 წელს დაიწყო და 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა. ამჟამად, თბილისის მეტროში 23 მოქმედი სადგურია. 16 - გლდანი-ვარკეთილის, ხოლო 7 - საბურთალოს ხაზზე. რიგით 23-ე სადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“, რომლის მშენებლობაც 1986 წელს დაიწყო, ექსპლუატაციაში 2017 წლის ოქტომბერში შევიდა. თბილისის მეტროპოლიტენის დღიური მგზავრთბრუნვა - 600 ათასს, ხოლო წლიური - 200 მილიონს შეადგენს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG