ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მე ვარ მუშა და არა მონა!“


გაფიცვა ქსნის მინის ტარის ქარხანაში

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება 2016 წელს, ქვეყანაში მუშათა გაფიცვების მასობრივ ტალღას პროგნოზირებს, თუ დამსაქმებლები კვლავ განაგრძობენ დასაქმებულთა უფლებების იგნორირებას. მეთერთმეტე დღეა გაფიცულია ქსნის მინის ტარის ქარხანა, რომელსაც თურქული სამრეწველო გიგანტი „შიშეჯამი“ ფლობს.

სააქციო საზოგადოება „მინაში“, სადაც 220 ადამიანია დასაქმებული, 200-მდე მუშაა გაფიცული. ისინი, გაუფასურებული ლარის პირობებში, ხელფასის 30 პროცენტით გაზრდას, პროფკავშირებთან კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას და ქარხანაში პროფკავშირებისთვის სამუშაო ფართის გამოყოფას ითხოვენ.

მუშების თქმით, ბოლო ორი წლის მანძილზე, მათ მინიმუმ ორჯერ გაეზარდათ სამუშაო დატვირთვა, რადგან ქარხანაში ორი ახალი ღუმელი ამუშავდა. მინიმალური ხელფასი კი მხოლოდ 430 ლარია და მეპატრონე უარს ამბობს მის ინდექსაციაზე.

ქსნის მინის ტარის ქარხნის თურქული ადმინისტრაცია 2015 წლის შემოდგომიდან იყო ინფორმირებული მუშათა მოთხოვნების თაობაზე, მოლაპარაკებებში ჩართული იყო სახელმწიფო მედიატორიც, თუმცა უშედეგოდ. დღეს, ქსანში სტამბულიდან „შიშეჯამის“ სათაო ოფისის წარმომადგენლებს ელიან. ქსნის მინის ტარის ქარხნის მუშა თემურ კენჩხაძე ამბობს

„ყველას გვჭირდება ელემენტარული საშუალება, რომ ჩვენი ოჯახები იყოს უზრუნველყოფილი, რომ ხელფასი იყოს ვითარების ადექვატური, რათა ოჯახების გამოკვება შევძლოთ. ამასთან, გვჭირდება რომ ჩვენი შრომის უფლება იყოს დაცული.“

მეორე დღეა გაფიცვა დაიწყეს ტყიბულელმა მეშახტეებმაც. კომპანია „საქნახშირმა“, რომელიც პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილის საკუთრებაა, სპეციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია არ იყო ინფორმირებული მოსალოდნელი გაფიცვის თაობაზე და პროტესტის ობიექტური წინაპირობა არ არსებობდა.

თუმცა, პროფკავშირების ინფორმაციით, მეშახტეებმა „საქნახშირს“ კოლექტიური მოლაპარაკების დაწყების მოთხოვნით, ჯერ კიდევ იანვარის დასაწყისში მიმართეს. მუშები მოითხოვდნენ, რომ ზამთრის პერიოდში კომპანიამ მოამარაგოს თბილი სპეცტანსაცვლით, სრულფასოვდა აამუშაოს სპეცტანსაცმლის სამრეცხაო და სასადილო, სრულად ანაზღაურდეს ბიულეტენის პერიოდი და რაც მთავარია - მოხდეს ხელფასების გაზრდა ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე.

„საქნახშირმა“ ამ შეთავაზებას იგნორირება გაუკეთა. ტყიბულელი მეშახტე დავით ჯავახიძე ამბობს

„ჯერჯერობიით, ტყიბულში მხოლოდ ეს შახტები ფუნქციონირებს. აქ დასაქმებულია 1300-დან 1500 ადამიანამდე, ამ საწარმოს გაჩერება რაიონის გაჩერების ტოლფასია. ჩვენ, მეშახტეები სანამ არ მივაღწევთ მიზანს, მანამდე გავაგრძელებთ პროტესტს. თუ, საქნახშირი დათმობაზე არ წამოვა მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას.“

სიტუაციის გართულებას მოელიან დაბა კაზრეთში, სპილენძი-ბარიტისა და ოქრო-ვერხლის საბადოებში, სადაც ორი წლის წინანანდელ მასობრივივ გაფიცვას, „არ ემ ჯი ჯგუფში“ დასაქმებულთა მდგომარეობის რეალური გაუმჯობესება არ მოჰყოლია. მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელი ლევან დოლაბერიძე ამბობს

„კაზრეთში ადამიანები იდევნებიან არა მხოლოდ პროფკავშირული ნიშნით, არამედ იქ ადამიანეს, აქვთ უმძიმესი ეკოლოგიური მდგომარეობა. იქ, ადგილობრივი საწარმო თავის აბსოლუტურ ძალაუფლებას იყენებს კულტურული მემკვიდრეობის და არქეოლოგიური ძეგლების გასანადგურებლად. ამ საწარმოს განსაკუთრებული მონდომების წყალობით, იქ გაფიცვებით მიღწეული შედეგები ბოლომდე არ სრულდება, რაც ადამიანებში დიდ იმედგაცრუებას იწვევს.“

პროფკავშირების ცნობით, რთული სიტუაციაა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, სადაც მარტის ჩათვლით, იძულებით შვებულებაში 300-მდე მუშა გაუშვეს (2012 წლიდან კი 1200 ადამიანი უსამსახუროდ დატოვეს) და სულ უფრო მძიმდება ვითარება ჭიათურაში, სადაც 3200 მაღაროელი,მაისის ბოლომდე, ასევე იძულებით შვებულებაში იმყოფება.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურაში მანგანუმის მოპოვება 20 იანვარს ოთხი თვით შეაჩერა და ეს გადაწყვეტილება მადნის ჭარბი მარაგების დაგროვებით ახსნა. თუმცა, მაღაროელების ცნობით, კერძო კოოპერატივები, რომლებიც „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით სარგებლობენ, ბოლო ერთი თვის მანძილზე არ გაჩერებულან და გამალებით მუშაობენ. მათგან, მოპოვებულ მადანს კი დაბალ ფასად ისევ „ჯორჯიან მანგანეზი“ ყიდულობს და ზესტაფონის ფეროს ტერიტორიაზე ასაწყობებს. ეს კი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჭარბი მარაგების პრობლემა მაისის ბოლოს, ავტომატურად ისევ დადგება.

კომენტარების ნახვა (5)

XS
SM
MD
LG