ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჭიათურელი მაღაროელები „პრივატ ჯგუფის“ წინააღმდეგ


ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ

მასობრივი გაფიცვის მონაწილენი უკრაინელი ინვესტორის გაძევებას მოითხოვენ

მე-12 დღეა, მასობრივი გაფიცვაა ჭიათურაში, სადაც მანგანუმის მადნის მომპოვებენ კომპანია „ჯორჯიან მარგანეზის“ 3500 კაციანმა კოლექტივმა შვიდივე საბადო და ხუთი ქარხანა გააჩერა.

მაღაროელთა მოთხოვნები მრავალფეროვანია: დაკლებული ხელფასების გაცემა, ხელფასების მომატება, სახელფასო ჩეკების აღდგენა, გაფიცვით გამოწვეული დანაკლისის დღეების ანაზღაურება, დღიური გეგმის შემცირება, კომპანიის გადაიარაღება, მოძველებული ტექნიკის ახლით ჩანაცვლება, მაღაროებში ვენტილაციის ამუშავება, ფაბრიკა-ქარხნების გადახურვა, საშხაპეების და აბაზანების მოწესრიგება, სპეცტანსაცმლით უზრუნველყოფა და მაღაროელთა სამედიცინო პრობლემების ფართო სპექტრის მოგვარება.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ერთ-ერთ უკრაინელ დირექტორთან გენადი ტიკვასთან რამდენიმე უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ, მაღარაოელთა ნაწილის მოთხოვნები კიდევ უფრო რადიკალური გახდა. ისინი ჭიათურიდან ინვესტორის გაძევებას მოითხოვენ.

გიორგი გაჩეჩილაძე: "ყურადღება მოგვაქციონ! ასე უპატრონოდ რო მიგვატოვეს და მიგვყარეს..მარტო ხმების მისაცემად ვჭირდებით?! ჯერ ჩვენი მუშების ხელფასები ნახეთ და მერე ნახეთ რა აქვთ თვითონ. ესენი იძახიან კერძო ვარ მე, ეს მაღაროები ჩემი საკუთრებაა და რასაც მინდა იმას ვიზავო!

კეთილი ინებონ და თუ სახელმწიფო ვართ, თუ ჰყავს ამ სახელმწიფოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, ჩაიბაროს სახელმწიფო სტრუქტურამ „ჯორჯიან მანგანეზი“. ჩაიბარონ და მოგვხედონ კაცო, ასე უპატრონოდ როდემდე უნდა ვიყოთ?“

ზვიად ლომიძე: „ჩვენ ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს, ინვესტორმა სასწრაფოდ უნდა დატოვოს ჩვენი ქალაქი. კომპანია, რომელიც გუდავს ახალგაზრდობას, მუშათა კლასს, ანადგურებს ქალაქს! განადგურებულია სოფლები და რაიონები..სუნთქვა აღარ შეიძლება, წყალი ვერ დაგვილევია...“

„ჯორჯიან მანგანეზმა“, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი უკრაინული ჰოლდინგის „პრივატ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა, მანგანუმის საბადოები ჭიათურაში 2007 წელს, ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანასა და ვარციხე ჰესთან ერთად შეიძინა. ეს ტრიო მანგანუმის მოპოვებისა და სილოკომანგანუმის წარმოების საშუალებას ერთ ციკლში იძლევა.

2013 წლის მარტში, „ჯორჯიან მანგანეზი“ ლუქსემბურგში რეგისტრირებულ „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზის“ ხელში გადავიდა, თუმცა ეს კომპანიაც უკრაინულ „პრივატთან“ ასოცირდება, რომლის მეპატრონეც, უკრაინელი მილიარდელი იგორ კოლომოისკი, სულ ახლახანს, უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ დნეპროპეტოვსკის ოლქის გუბერნატორად დანიშნა.

ინვესტორი თავიდან აცხადებდა, რომ გაფიცულებს "მესამე ძალა" მართავს და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს. თუმცა, მეორე დღეა კომპანია მუშებს ხელფასების 7 პროცენტით გაზრდას სთავაზობს, საწარმოო გეგმის 5 პროცენტიანი ზრდის პარალელურად, თუმცა გაფიცულებმა ეს წინადადება არ მიიღეს. დღის ბოლოს, ინვესტორმა გეგმის გაზრდაზე უარი განაცხადა, თუმცა გაფიცულებთან შეთანხმება მაინც ვერ მოხერხდა. საბოლოო გადაწყვეტილებას მუშები, კვირას, 9 მარტს მიიღებენ.

ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი გაფიცული მაღაროელების მოთხოვნების უმრავლესობას იზიარებს. პარლამენტარმა პრეზიდენტ მაგველაშვილს საჯარადოცა კი მიმართა - ჭიათურაში საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის გამოცხადების მოთხოვნით. თუმცა, მალხაზ წერეთელიც აღიარებს, რომ ინვესტორის გაძევება შეუძლებელია.

„ძალიან დაძაბული პროცესები მიდის ჭიათურაში. სამწუხაროა, რომ 2012 წლის ცნობილი გაფიცვის შემდეგ, ბევრი არაფერი შეცვლილა მაღაროებზე. ამასთან, ინვესტორი უმრავი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კანონებით არის დაცული და ამ ეტაპზე, კომპანიის ასე გასვლა საბადოდან, შეუძლებელია.“

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელთა მოთხოვნების შესწავლა უკვე დაიწყო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინოსტროში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ. მთავრობამ ჩარევა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გუშინ ინვესტორის წარმომადგენლებს მაღაროელებმა ქვები დაუშინა და ქალაქში სიტუაცია თითქმის უმართავი გახდა.

ჭიათურაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის გარდა, კომისიამ კაზრეთში სამთო მომპოვებელი გიგანტის „არ ემ ჯი ჯგუფის“ მუშათა მოთხოვნებიც უნდა შეისწავლოს, რომლებიც 14 თებერვიდან ასევე მასობრივი გაფიცვის რეჟიმში არიან. სიტუაცია ბოლნისის რაიონშიც უკიდურესად მძიმეა.

გაფიცვაა ასევე რუსთავში მდებარე მეტალურგიულ ქარხანა „რუსმეტალში“, სადაც მუშებს უკვე სამი თვეა ხელფასს არ უხდიან, ერთი კვირის წინ კი დაახლოებით - 400 ადამიანი უხელფასო შვებულებაში გაუშვეს.
XS
SM
MD
LG